ახალი ამბები

თუ სუბელიანის ჩანაწერები ავთენტურია, მომავლის პერსპექტივა არ გაგვაჩნია – ბაქრაძე

15 ოქტომბერი, 2018 • 2127
თუ სუბელიანის ჩანაწერები ავთენტურია, მომავლის პერსპექტივა არ გაგვაჩნია – ბაქრაძე

ევროპული საქართველოს ლიდერისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის განცხადებით, თუ რუსთავი 2-ის ეთერში მირზა სუბელიანისა და ხელისუფლებაში მყოფი პირების შესახებ გასული აიდიოჩანაწერების ავთენტურობა დადასტურდება, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არ გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუციები, ხოლო ქვეყანა იმართბა მაფიოზური მენტალიტეტის მქონე არაფორმალური გავლენის მქონე ცალკეული პირებისგან.

“ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, ჩვენს შვილებს ასეთ საქართველოში არ გაგვაჩნია და არ გვაქვს ღირსეულად ცხოვრების და მომავლის პერსპექტივა. სრულად ბუნებრივად მიმაჩნია და არ მიკვირს პროკურატურის რეაქციაც, რამაც არაპირდაპირ დაადასტურა ამ ჩანაწერების ავთენტურობა; ნაცვლად იმისა, რომ პროკურატურა იძიებდეს, სინამდვილეა თუ არა ჩანაწერები და მართლაც არსებობენ თუ არა ამ ქვეყანაში არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფებები, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო იმაზე, თუ ვინ ჩაწერა და ვინ გამოიტანა გარეთ ჩანაწერები”, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე დავით ბაქრაძემ.


გუშინ, 14 ოქტომბერს, ტელეკომპანია რუსთავი 2-მა  გაავრცელა ფარული ჩანაწერები. ტელეარხის ცნობით, ჩანაწერებში საუბრობენ ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, “ქართული ოცნების” დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროსა და გენ. ინსპრქციის ყოფილი მაღალჩინოსანი, დავით ცუხიშვილი.

ტელეარხის ინფორმაციით, ჩანაწერიდან ირკვევა, რომ სუბელიანი მის მიმართ ხელისუფლების ქცევით უკმაყოფილოა და იმ კომპრომატებზე საუბრობს, რომლებიც მმართველი ელიტის წინააღმდეგ გააჩნია; ასევე ისმის საუბრები, რომლის მიხედვითაც, ის ხელისუფლებასთანაა გარიგებული და იცის, რამდენი ხნით უნდა იჯდეს ციხეში.

რუსთავი 2 იუწყება, რომ ჩანაწერები ახალია, პრაქტიკულად, რამდენიმე კვირის, ვინაიდან მასში რამდენჯერმე იხსენიებენ “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს, რომელმაც ხელისუფლება სწორედ რამდენიმე კვირის წინ დაადანაშაულა ბიზნესრეკეტში.

საუბრის მონაწილე ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც “ქართული ოცნების” წევრია, ნეტგაზეთთან ინტერვიუში ადასტურებს, რომ სუბელიანს ციხეში რამდენჯერმე შეხვდა, თუმცა მისი მონაყოლი არასერიოზულად მიიჩნია.

რ2-ის სკანდალური ჩანაწერი სუბელიანის მონაწილეობით ხორავას ქუჩის საქმეზე – დეტალები

მასალების გადაბეჭდვის წესი