ახალი ამბები

RMG: საყდრისში აქციის მონაწილეები პროვოკაციებს აწყობენ

23 აპრილი, 2014 • • 1286
RMG: საყდრისში აქციის მონაწილეები პროვოკაციებს აწყობენ

კომპანია აცხადებს, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის სალიცენზიო ტერიტორიაზე სამთო სამუშაოებს აწარმოებს კანონის სრული დაცვით, ლიცენზიითა და სათანადო ნებართვებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და რაიმე არქეოლოგიური ობიექტის შემთხვევით დაზიანების რისკიც კი გამორიცხულია.

 

საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, დაინტერესებული პირების გარკვეული ჯგუფი განგებ ავრცელებს დეზინფორმაციას, რომ თითქოსდა კომპანია კანონის გვერდის ავლით ხელყოფს კულტურულ მემკვიდრეობას, რაც წარმოადგენს კომპანია RMG-ის ბიზნესსაქმიანობის დისკრედიტაციისა და შეფერხებისაკენ მიზანმიმართულ კამპანიას, აცხადებენ კომპანიაში.

 

სოსო ცაბაძე
სოსო ცაბაძე

RMG-ის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ ერთი და იგივე ადამიანები მიზანმიმართულად ცდილობენ კომპანიის წინააღმდეგ შეტევას სხვადასხვა მიმართულებით- კულტურული მემკვიდრეობის, ეკოლოგიური და სოციალური საკითხებისა თუ შრომითი დავების მიმართულებით.

 

“საყდრისის საკითხის სპეკულირებით დაკავებული ჯგუფი ხან საწარმოს მუშაკთა გაფიცვაზე იჩენს ხოლმე აქტივობას და საწარმოს სამუშაოს ბოიკოტირებისაკენ მოუწოდებს, ხანაც თითქოსდა საწარმოსაგან გამოწვეულ ეკოლოგიური პრობლემებით აშინებს მოსახლეობას. ყოველივე ეს სცდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მოტივს. უფრო მეტიც, აშკარად სახეზეა საზოგადოებრივი აზრით სპეკულირება და პროცესის პოლიტიზების მცდელობა”,- აღნიშნულია დღეს გავრცელებულ განცხადებაში. 

 

საყდრისში “საყდრისის მაღაროს დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტი” ადგილზე კარვების აქციას მართავს, ისინი მოითხოვენ, რომ საყდრისის ობიექტს აღუდგეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და კომპანია RMG Gold-მა იქ მიწის მომპოვებელი სამუშაოები შეაჩეროს. ასევე, სპეციალისტებს მიეცეთ ობიექტის მონახულების საშუალება. 

 

კომპანია RMG-მ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც კომპანია ბოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ თომას შტოლნერს, რომელიც საყდრისის ობიექტს სწავლობდა და რომელსაც მიაჩნია, რომ საყდრისში უძველესი ოქროს მაღარო მდებარეობს, შესთავაზა, რომ  იმ მონიტორინგის გჯუფში ჩაერთოს, რომელიც საყდრისში კომპანიის მიერ განხორციელებულ მიწის სამუშაოებს დააკვირდება. 

 

საყდრისის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტს 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა, თუმცა კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით მას ძეგლის სტატუსი მოეხსნა, ხოლო 2014 წლის 13 იანვარს RMG-ს მიწის სამუშაოების ჩატარების ნებართვა მისცა, რადგან ამ ტერიტორიაზე უძველესი ოქროს მაღაროს არსებობა არ დადასტურდა, განმარტა სამინისტრომ. 

 

საყდრისის ტერიტორია წიაღისეულის მომპოვებელი კომპანია RMG Gold-ის სალიცენზიო ტერიტორიაზე შედის. კომპანიის მტკიცებით, საყდრისში არის ოქროს საბადო და იქ ოქროს მოპოვებითი საშუეშაოების ჩასატარებლად ემზადება. ხოლო საზოგადოების წარმომადგენელთა ის ნაწილი, რომელსაც სჯერა, რომ საყდრისში მდებარე ობიექტი ოქროს მაღაროა, იქ აქციებს მართავს და ამბობს, რომ RMG-ის იქ წიაღისეულის მოპოვების შესაძლებლობებს არ მისცემს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი