ახალი ამბები

ყაზაიშვილი საქართველო-ანდორის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია: Whoscored-ის რეიტინგი

14 ოქტომბერი, 2018 • 2247
ყაზაიშვილი საქართველო-ანდორის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია: Whoscored-ის რეიტინგი

სპორტული სტატისტიკის პორტალის, Whoscored.com-ის მონაცემებით, საქართველო-ანდორის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილია. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ვებგვერდისაგან 10-დან 9.2 ქულა მიიღო.

ყაზაიშვილმა გუშინ, 13 ოქტომბერს გამართულ მატჩზე, პირველი გოლი თამაშის პირველ ტაიმში, 33-ე წუთზე, გაიტანა, მეორე ბურთი კი ანდორის კარში 84-ე წუთზე შეაგდო.

საქართველო-ანდორას მატჩის მონაწილე ფეხბურთელთა პირველი ხუთეული Whoscored-მა მთლიანად საქართველოს ნაკრების წევრებით შეავსო. ვაკო ყაზაიშვილს 8.8 ქულით ჯაბა კანკავა მოსდევს, რომელმაც გოლი თამაშის დამატებითი – მეოთხე წუთის ბოლოს გაიტანა. მესამე ადგილზე 8.2 ქულით ოთარ კაკაბაძეა, 7.8 ქულით გიორგი ნავალოვსკი მეოთხე პოზიციას იკავებს, მეხუთე ადგილზე კი ნიკა კვეკვესკირია 7.7 ქულით.

ევროპის ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა ანდორის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხა. ასე უეფას ერთა ლიგაზე საკუთარ ჯგუფში საქართველომ მესამე შეხვედრა მოიგო და დამაჯერებლად ლიდერობს. საქართველომ პირველ შეხვედრაში ყაზახეთს ორი გოლით სძლია, მეორე მატჩი კი ლატვიას მოუგო თბილისში, მინიმალური უპირატესობით.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები ისევ ლატვიასთან, თუმცა უკვე რიგაში გამართავს. შეხვედრა 16 ოქტომბერს, 22:30-ზე დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი