ახალი ამბები

აშშ ავღანეთიდან ჯარის გაყვანის შესახებ მოლაპარაკებაზე თანახმაა: “თალიბანი”

14 ოქტომბერი, 2018 •
აშშ ავღანეთიდან ჯარის გაყვანის შესახებ მოლაპარაკებაზე თანახმაა: “თალიბანი”

ამერიკის შეერთებული შტატები თანახმაა მოლაპარაკებებზე ავღანეთიდან თავისი ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით – ამის შესახებ “თალიბანის” წარმომადგენლები იუწყებიან, რომლებიც ირწმუნებიან, რომ გასულ კვირას ავღანეთის საკითხებში ტრამპის მრჩეველს კატარის დედაქალაქ დოჰაში შეხვდნენ.

როგორც დაჯგუფების წევრებმა Al Jazeera-ს განუცხადეს, შეხვედრაზე 17 წლიანი ომის დასასრულებლად “თალიბანის” მიერ წამოყენებულ პირობებზე იმსჯელეს.

“დოჰაში აშშ-ს ექვსი დელეგატი ჩამოვიდა ჩვენი[თალიბანის] ლიდერებთან შესახვედრად და დათანხმდნენ, განეხილათ ყველა საკითხი, მათ შორის, უცხოური ჯარების გაყვანა”, – უთხრა ტელეკომპანიას დაჯგუფების წარმომადგენელმა, რომელმაც დაამატა, რომ შეხვედრა ზოგადი ხასიათის იყო და ზემოაღნიშნულ საკითხზე დეტალურად არ უმსჯელიათ.

ავღანეთში აშშ-ს საელჩო აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის მრჩეველს ავღანეთის საკითხებში, ზალმაი ხალიზადს, “კონსულტაციები” ჰქონდა ისლამაბადში(პაკისტანი), არ-რიადში(საუდის არაბეთი) და დოჰაში(კატარი). თუმცა, საელჩოს “თალიბანთან” პირდაპირი შეხვედრა არ დაუდასტურებია.

ეს უკვე მეორე შეხვედრაა, რომელიც, “თალიბანის” განცხადებით, აშშ-ს ოფიციალურ პირებთან შედგა. შეიარაღებული დაჯგუფება ირწმუნება, რომ პირველი ასეთი შეხვედრა ივლისში, ასევე კატარში გაიმართა.

ზალმაი ხალიზადი თანამდებობაზე სექტემბერში წარადგინეს. გასულ კვირას მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ როგორც ავღანეთის ხელისუფლებამ, ისე “თალიბანმა”, საკუთარი შემადგენლობები უნდა დაასახელონ, რომლებიც მოლაპარაკებებში ჩაერთვებიან. მისი თქმით, ნებისმიერ ასეთ პროცესში ჩართვით მოხარული იქნება, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამშვიდობო პროცესში ინიციატივა უშუალოდ ავღანეთს უნდა დარჩეს.

აღნიშნულ პოზიციას არ იზიარებს “თალიბანი”, რომელიც ავღანეთის მთავრობას “აშშ-ს ლეკვებად” მოიხსენებს და ავღანეთის პრეზიდენტის მოწოდებას მოლაპარაკებისკენ არ თანხმდება. ამის ნაცვლად, შეიარაღებული დაჯგუფება უშუალოდ აშშ-ს ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზეა თანახმა, რათა ჯარების გაყვანის შესაძლებლობაზე ესაუბროს.

მშვიდობის დასამყარებლად მიმდინარე კონსულტაციების ფონზე, ავღანეთში კვლავ ძალადობრივი თავდასხმები და მსხვერპლია. “თალიბანის” სამიზნე, ამჟამად, ქვეყანაში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებია. Washington Post-ის ცნობით, წინასაარჩევნო შეხვედრებზე თავდასხმებს უკვე 300-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი