ახალი ამბები

მოსწავლეებთან ფსიქოთერაპიული შეხვედრები ვიდეოკამერით აღჭურვილ ოთახებში ჩატარდება

23 აპრილი, 2014 • • 1925
მოსწავლეებთან ფსიქოთერაპიული შეხვედრები ვიდეოკამერით აღჭურვილ ოთახებში ჩატარდება

კითხვაზე, რატომ გახდა ფსიქოთერაპიული პროცესის გადაღების მექანიზმის შემოტანა საჭირო, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ზარდალიშვილი ამბობს, რომ ფსიქოთერაპევტთან პაციენტის შეხვედრის ვიდეოფირზე გადაღება არათუ აუცილებელია, არამედ ნორმაა.

 

“ეს არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც აფასებს, რამდენად სწორად მიჰყავს ფსიქოლოგს თერაპია. მეორე ინსტრუმენტია, დაელოდო შედეგს. თუ გაქვს საშუალება შუაში შეასწორო, რატომ უნდა ვიცადოთ. მე თავად მაქვს ჩეხეთში ჩემი ფსიქოთერაპიული ცენტრი [პრაღის ფსიქოლოგიური კონსულტირების, თერაპიისა და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი APERTAVIA], სადაც ასევე გვაქვს კამერები და ვახორციელებთ გადაღებას,”- ამბობს  ლევან ზარდალიშვილი. 

 

როგორც მანდატურის სამსახური უფროსის მოადგილე განმარტავს, მუშაობის პროცესში პაციენტი ვეღარ ხედავს კამერას და რისკები იმისა, რომ ფსიქოთერაპევტთან არ გაიხსნება, თითქმის არ არსებობს.

 

“ეს მთლიანად დამოკიდებულია სპეციალისტის პროფესიონალიმზე, რომელმაც უნდა გახსნას პაციენტი. ეს არის ცნობილი ფაქტი. თერაპია, რომელიც იწერება, ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ის, რომელიც არ იწერება. სპეციალისტი უყურებს შემდეგ ამ ვიდეოჩანაწერს და პოულობს ისეთ დეტალებს, რომელიც გამორჩა, მერე ცდილობს რაღაცები შეასწოროს მუშაობის პროცესში. როდესაც ფსიქოთერაპვტი პაციენტს ესაუბრება, ის ჩართულია საუბარში ემოციურად და შესაძლოა იმ მომენტში ყველაფერი ვერ დაინახოს და ყურადღება არ მიაქციოს. მაგალითად, თუ მთელი ყურადღება დაფიქსირებული აქვს პაციენტის სახეზე, შესაძლოა, გამორჩეს ხელი, რომელზეც დაკვირვება კონკრეტულ სიტუაციაში ასევე მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, პაციენტს შესაძლოა დაჭირდეს სხვა ტიპის სამედიცინო დახმარება, მაგალითად, ნევროლოგიური ან ფსიქიატრიული. ეს ჩანაწერები მათაც [ამ სპეციალისტებს] გაუადვილებს მუშაობას. არსებობს შემთხვევები, როდესაც თერაპევტს მუშაობის დროს პრობლემები შეექმნა, ან ვერ მიაღწია სასურველ შედეგს. ამ შემთხვევაში ფსიქოთერაპევტებისგან შემდგარი შიდა კონსილიუმი ამ ჩანაწერების საფუძველზე განიხილავს თერაპიის პროცესს. არ არსებობს პროფესიონალი, რომელსაც არ დაუდგება ამის პრობლემა,”- ამბობს ზარდალიშვილი. 

 

რაც შეეხება ინფორმაციის კონფიდენციალობისა და მისი დაცვის მექანიზმების საკითხს [რამდენად იქნება ის დაცული შეხვედრების გადაღების შემდეგ], ზარდალიშვილის განმარტებით, გარდა იმისა, რომ ამ საკითხს სამართლებრივი რეგულაციები არეგულირებს, ეს არის ნებაყოფლობითი პროცესი.

 

“აბსოლუტურად ნებაყოფლობითი პროცესია. ეს არ არის დაკითხვა. მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაიწერება, თუ ამის სურვილი ექნება თავად პაციენტს, თუმცა მხოლოდ მისი თანხმობა არ არის საფუძველი იმისთვის, რომ ჩაწერა განხორციელდეს. 18 წლამდე პაციენტის თერაპიის კურსის ვიდეოფირზე გადაღებისთვის აუცილებელია მისი მშობლის ან მეურვის წერილობითი თანხმობა. დაცვის მექანიზმი, რა თქმა უნდა, არსებობს, ისინი იწერება ერთადერთ სერვერზე და რისკები იმისა, რომ მისი გასაჯროება მოხდება, არ არსებობს. იმისთვის, რომ ეს ჩანაწერი მოიპოვო, ყაჩაღობა უნდა ჩაიდინო, სხვანაირად ვერ მოიპოვებ.“

 

ლევან ზარდალიშვილის განმარტებით, ვიდეოკამერის ჩართვა ცენტრალიზებულად არ მოხდება – მას თავად ფსიქოთერაპევტი ჩართავს, კლიენტისა და მისი მეურვის თანხმობის შემთხვევაში.

 

როგორც ის ამბობს, ზოგადი სტატისტიკით, ვიდეოჩაწერაზე 10-დან 7 პაციენტი თანხმდება.

 

„არ ვიცით, როგორი სურათი იქნება ჩვენთან. ვფიქრობ, თერაპევტის ოსტატობაზეა დამოკიდებული.“

 

რაც შეეხება ჩანაწერის შენახვის ვადას, ზარდალიშვილის თქმით, თერაპიის კურსის დასრულების შემდეგ, რომელსაც ასევე მოსდევს 6-თვიანი მონიტორინგის პერიოდი, მასალების შენახვის აუცილებლობა აღარ არსებობს და, შესაბამისად, განადგურდება.

 

„სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, ერთადერთი, ვისაც აქვს იმის შიში, რომ ამ ჩანაწერმა შეიძლება ვინმე დააზიანოს, ეს არის თერაპევტი, რომელიც საკუთარ თავში არ არის დარწმუნებული იმ შემთხვევაში, თუ კონსილიუმი განიხილავს მის მიერ გამართულ თერაპიას.”

 

მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრი დაახლოებით 1 წელწადია ფუნქციონირებს. ვიდეოგადაღების წარმოება, ზარდალიშვილის თქმით, აქამდე მხოლოდ იმიტომ არ განხორციელდა, რომ ფსიქოლოგიური ცენტრის სხვა შენობაში გადასვლისა და ვიდეოკამერების დემონტაჟის რისკები არსებობდა. 

 

ამ ეტაპზე ფსიქოლოგიური ცენტრები თბილისის გარდა ქუთაისსა და ბათუმში მოქმედებს. უახლოეს პერიოდში ცენტრები რუსთავში, თელავში, ფოთში, ოზურგეთსა და გორში გაიხსნება.

 

მოსწავლეები ცენტრში თერაპიის გასავლელად სხვადასხვა გზით ხვდებიან. არის შემთხვევები, როდესაც სკოლის ადმინისტრაცია [მათ შორის მანდატურების მიერ იდენტიფიცირებით] მიმართავს ცენტრს. ზარდალიშვილის განმარტებით, არის შემთხვევები, როდესაც ცენტრში თავად მშობელს მიჰყავს ბავშვი.

 

“უფრო ნაკლებია შემთხვევები, როდესაც მოსწავლე თავისივე სურვილით მიმართავს ფსიქოლოგიურ სამსახურს.”

 

ოფიციალური მონაცემებით, თერაპია ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 450 -მა მოსწავლემ გაიარა.

 

“ძირითადად ვემსახურებით ქცევის პრობლემების მქონე ბავშვებს, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს [მათ შორის არიან ისინი, ვინც უშუალოდ არ არიან მსხვერპლი, მაგრამ, მაგალითად, არის მშობელი] და, ასევე, ბავშვებს სუიციდის რისკებით და ფსიქიატრიული პრობლემებით.”

 

ლევან ზარდალიშვილი
ლევან ზარდალიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი