ახალი ამბები

პრეზიდენტობის კანდიდატების პოზიციები ლგბტქი პირთა უფლებების შესახებ

12 ოქტომბერი, 2018 • 4905
პრეზიდენტობის კანდიდატების პოზიციები ლგბტქი პირთა უფლებების შესახებ

გთავაზობთ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების ნაწილის მოსაზრებებს ლგბტქი ადამიანების უფლებებზე.

კითხვა კანდიდატებისთვის შემდეგი ფორმულირებით იყო დასმული – “რას ფიქრობთ სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვისა და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფის საკითხზე?”

დავით ბაქრაძე

დავიცავთ ეროვნული, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების უფლებებს. უზრუნველვყოფთ, რომ კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობა იყოს დაცული. დაუსჯელს არ დავტოვებთ დისკრიმინაციის, ჩაგვრის, ძალადობისა და ძალადობისკენ მოწოდების შემთხვევებს, რაც ამ უმცირესობებისთვის საზოგადოებაში ინტეგრაციაში ერთ-ერთი დიდი ხელის შემშლელია. სახელმწიფო უწყებებში უზრუნველვყოფთ ყველა პირობას, რომ უმცირესობები არ დაიჩაგრონ და მათთვის სხვა მოქალაქეებივით ხელმოსაწვდომი იყოს სახელმწიფო სერვისები.

გრიგოლ ვაშაძე

ადამიანის უფლებები სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოსა და საზოგადოების ქვაკუთხედია. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიური, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობისა (სოგი), პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.

სახელმწიფო გადადგამს ყველა აუცილებელ ნაბიჯს, რომ სექსუალური ორიენტაცია და/ან გენდერული იდენტობა არ გახდეს ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ხელშემშლელი ფაქტორი.

მშვიდობიანი, დემოკრატიული და თავისუფალი სახელმწიფოს განვითარება შეუძლებელია მრავალფეროვნების დაცვისა და უზრუნველყოფის გარეშე. ამავე დროს, არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, გამოვლენილი იქნება და შესაბამისი რეაგირება მოხდება სოგი-ს ნიადაგზე განხორციელებული დისკრიმინაციის ნებისმიერი შემთხვევაზე.

ჰომოფობია და ტრანსფობია, ასევე, ამავე ამ ნიადაგზე სიძულვილის ენის ტირაჟირება, ყოვლად დაუშვებელია დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში. სახელმწიფო იზრუნებს ლგბტ ადამიანების, ისევე, როგორც თითოეული მოქალაქის, სპეციალურ საჭიროებებზე, მათ შორის ჯანდაცვის საჭიროებებზე და შესაბამისი სერვისებისადმი მათ ხელმისაწვდომობაზე.

შალვა ნათელაშვილი

საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში სექსუალური ორიენტაცია არავითარ როლს არ უნდა თამაშობდეს და მათ მიმართ უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი ძალადობა, იმავდროულად, ერთსქესიანთა ქორწინების რეგისტრაცია მიმაჩნია დაუშვებლად.

დავით უსუფაშვილი

საზოგადოების ცივილიზებულობის და დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და მგრძნობიარე მაჩვენებელია ქვეყანაში უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ არც სხვა უმცირესობების მიმართლებით გვაქვს იდეალური მდგომარეობა, საქართველოში ამგვარ მაჩვენებლად იქცა სექსუალურ უმცირესობათა უფლებრივი საკითხი.

აშკარაა, რომ სწორედ ეს ჯგუფი აღმოჩნდა საზოგადოების ნაწილში ზოგადად ყველანაირი უმცირესობის წინააღმდეგ დაგროვილი სიძულვილის კონცენტრირების ადგილი. განსხვავებულის უფლებების მიუღებლობა საკუთარ თავისუფლებასთან ვერგამკლავების შედეგია, რაც პოსტკომუნისტურ-ტოტალიტარული საზოგადოებების მთავარი გამოწვევაა და რაც უნდა დავძლიოთ.

ამასთანავე, აუცილებელია უმცირესობის უფლებების საკითხში, სამართლებრივის გარდა, სხვა ისტორიულ-კულტურული ფაქტორებიც გავითვალისწინოთ და ღირებულებების საზოგადოების მიერ გათავისება დროში გაწელილ პროცესად დავინახოთ და არა მყისიერ „განათებად“. ისე არ უნდა გავიგოთ, რომ სხვადასხვა უმცირესობების რიგში ჩაყენებას და მათი უფლებების დროში გაწერილი გრაფიკით რეალიზებას ვგულისხმობ.

ცხადია, ყველა უფლება დაცული უნდა იყოს აქ და ახლავე. მაგრამ, რაც შეეხება მოქალაქეების თუ საზოგადოების ცნობიერებაში სიახლეების დამკვიდრებას, აქ ნამდვილად საჭიროა გარკვეული მოქნილობა, სიფრთხილე და თანმიმდევრულობა. რა თქმა უნდა, არის „შოკური თერაპიის“ ტაქტიკაც, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ „შოკური რეაქციებისთვისაც“.

გზა, რომელიც დემოკრატიულმა სამყარომ 100 წლის განმავლობაში, ოთხი თაობის მონაცვლეობის პროცესში გაიარა, ჩვენ 10 წლის განმავლობაში „მესამედი“ თაობით გვაქვს ხოლმე გასავლელი და ეს უნდა შევძლოთ. თუმცა ამავე გზის 1 წელიწადში გავლის მცდელობამ შესაძლოა ეს გზა 10 კი არა, 50 წლით გაგვიხანგრძლივოს.

სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა დაცვა ყველა შესაძლო ფორმის დისკრიმინაციისგან სახელმწიფოს პრესტიჟის საქმედ იქცა. ეს იმიტომაც, რომ წარმატებით გავუმკლავდეთ რუსული „რბილი ძალის“ შანტაჟს (ევროპა=ლგბტ) და იმიტომაც, რომ არ დავუშვათ ადამიანთა ჯგუფისთვის ადამიანის ძირითადი უფლებების აყრის უაღრესად სახიფათო პრეცედენტი. ხოლო ვისაც გულწრფელად სჯერა, რომ სექსუალური უმცირესობის გამო ერს გადაგვარება და გადაშენება ემუქრება, მას საპასუხო „ტაბურეტი“ არ უნდა მოვუღეროთ, მას მეტი და უფრო გასაგებად უნდა ავუხსნათ.

ზურაბ ჯაფარიძე

ყველა ადამიანი თანასწორია და, შესაბამისად, გააჩნია თანაბარი უფლებები. მე მჯერა, რომ არ არსებობს უფლებები, რომლებიც დაკავშირებულია ჯგუფურ იდენტობასთან, იქნება ეს ეთნიკური, გენდერული თუ სხვა. არსებობს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და ისინი ერთია ნებისმიერი ადამიანისთვის განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, რასისა და ა.შ.

სალომე ზურაბიშვილი

კანდიდატის პასუხი ამ თემაზე უცნობია.


აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მულტიპარტიური დემოკრატიისთვის (ECMD)  პროექტის ფარგლებში Prezidenti.ge-ზე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა ნაწილის მიერ შევსებული კითხვარის შედეგები გამოქვეყნდა, რომელიც ქვეყანაში არსებულ აქტუალურ მიმართულებებზე მათ პოზიციებს ასახავს.

ორგანიზაციის განცხადებით, ვებ-გვერდის მიზანია, ერთი მხრივ, საზოგადოებას გააცნოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ხოლო, მეორე მხრივ, წაახალისოს კონკრეტულ სამოქმედო გეგმებზე ორიენტირებული, ინფორმირებული პოლიტიკური დისკუსია.

შევსებული კითხვარის გამოგზავნა ვებ-გვერდზე განსათავსებლად საქართველოს პრეზიდენტობის ყველა რეგისტრირებულ კანდიდატს შეეძლო, რომელიც მონაწილეობას იღებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამ ვებ-გვერდის შექმნის თაობაზე ღიად გამოცხადდა სხვადასხვა საშუალებებით.

აღნიშნულ პროექტს EECMD 2013 წლიდან ახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი