ახალი ამბები

რა შემთხვევაში აიღებენ სესხს ემიგრანტების გზავნილებით, რეგულაციების ამოქმედების შემდეგ

12 ოქტომბერი, 2018 •
რა შემთხვევაში აიღებენ სესხს ემიგრანტების გზავნილებით, რეგულაციების ამოქმედების შემდეგ

ბანკების ასოციაციის ინფორმაციით, ემიგრანტები სამომხმარებლო და იპოთეკური სესხის აღებას შეძლებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბანკში ამონაწერს წარადგენენ, სადაც მითითებული იქნება ბოლო 6 თვის განმავლობაში მათ მიერ გამოგზავნილი თანხა. ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე  განმარტავს, რომ ასეთი ამონაწერით ემიგრანტები შემოსავლების დადასტურებას შეძლებენ.

ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულება ჯერ კიდევ პროექტის სახით არსებობს და პირველ ნოემბრამდე შესაძლოა მასში ცვლილებები შევიდეს. პირველი ნოემბრიდან დებულების პროექტით გათვალისწინებული რეგულაციები კომერციულ ბანკებზე გავრცელდება, ხოლო იანვრიდან რეგულაციები მთლიანად საფინანსო სექტორს შეეხება.

“რაც შეეხება იპოთეკურ სესხს, მოქმედი რედაქციით თუ 40%-იანი თანამონაწილეობა იქნება, ემიგრანტებს ბინის შეძენა შეეძლებათ. მაგალითად, 100 000-ლარიან ბინაზე 40 ათასის გადახდა თავად მიუწევთ, 60 ათასი ლარს კი ბანკი მისცემს. თეორიულად, ემიგრანტებს სესხის აღების საშუალება ექნებათ, თუმცა, თუ აქამდე 100 ადამიანს შეეძლო სესხის აღება, რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, ნახევარი სესხს ვეღარ აიღებს. ამასთან, გზავნილების სტაბილურობის დადასტურების საკითხიც გართულებული იქნება. არსებობენ ადამიანები, რომლებიც მუდმივად გზავნილზე არ არიან მიბმულნი, ასეთ ადამიანებს შესაძლოა სხვა შემოსავალი ჰქონდეთ, რომელსაც ვერ ადასტურებენ და ბინას გზავნილით ყიდულობდნენ. ემიგრანტი, რომელიც, მაგალითად, 100$ გზავნის, არ ნიშნავს, რომ ოჯახი ამ თანხით ცხოვრობს, შესაძლოა ამ ოჯახს სხვა შემოსავალიც ჰქონდეს და გამოგზავნილ თანხას ბინის ან ავეჯის გადასახადში იხდიდეს. რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, როდესაც მხოლოდ 100$ დადასტურდება, აქედან ბანკში გადასახდელი თანხა 20-30-40% უნდა ვიანგარიშოთ, 40%-ის შემთხვევაში ემიგრანტი უკვე 4000 ლარს უნდა გზავნიდეს, რომ შედარებით დიდი ოდენობის თანხა მიიღოს ბანკიდან,” – აცხადებს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი.

ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის დებულებაზე მუშაობა ნოემბრამდე მიმდინარეობს და შესაძლოა მასში ცვლილებები შევიდეს. ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ სებ-თან ერთად დებულების პროექტზე ნამდვილად მუშაობენ, თუმცა იმდენად კომპლექსური დებულებაა, გარკვეული კოსმეტიკური ცვლილებებით მისი ძირითადი არსი არ შეიცვლება.

ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის რეგულაციებს ე.წ ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებით ხსნის. სები კომერციულ ბანკებს ავალდებულებს, სესხის გაცემამდე მსესხებლის გადახდისუნარიანობა შეამოწმოს. ბანკის მიერ მსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვან ანალიზად ჩაითვლება, თუ ის მოახდენს მსესხებელი/თანამსესხებელი პირის შემოსავლების, ხარჯებისა და ჯამური ვალდებულებების დეტალურ ანალიზს.

რაც შეეხება ფიზიკური პირების დაკრედიტების წესის ცვლიელბას, რომელიც კომერციული ბანკებითვის 1 ნოემბრიდან შევა ძალაში, დგინდება, რამდენი უნდა იყოს ყოველთვიური სასესხო გადასახადი ხელფასთან მიმართებით.

სესხის მომსახურების კოეფიციენტის მაქსიმალური მაჩვენებელი 500 ლარის შემთხვევაში 15%-ს არ უნდა აჭარბებდეს. ანუ სამომხმარებლო სესხის შემთხვევაში, თუ პირს აქვს 500-ლარიანი ყოველთვიური შემოსავალი, მას არ შეეძლება ისეთი სესხის აღება, რომლის დასაფარადაც თვეში 75 ლარზე მეტის გადახდა მოუწევს. 500-1000 ლარამდე ხელფასის შემთხვევაში, სასესხო ტვირთი 20% იქნება. დებულების ამჟამინდელი რედაქციით იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად 15 წელი განისაზღვრა.

შემოსავლების ზრდასთან ერთად, სასესხო ტვირთი შემდეგნაირად განაწილდება:

  • 1000-2000 ლარი – 25%;
  • 2000-4000 ლარი – 30%;
  • 4000-800 ლარი – 35%.
  • 5000-7000 ლარი – 40%

მასალების გადაბეჭდვის წესი