ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მასის მაილიანი: არ შეიძლება გამოირიცხოს მთიანი ყარაბაღის სომხეთთან გაერთიანება

18 აპრილი, 2014 • • 2111
მასის მაილიანი: არ შეიძლება გამოირიცხოს მთიანი ყარაბაღის სომხეთთან გაერთიანება

მთიანი ყარაბაღის გამო სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის გადასაჭრელად მხარეებმა მშვიდობიანი მოგვარების გზა აირჩიეს. მაშინ, თქვენი აზრით, რატომ ვერ ხერხდება მშვიდობის მიღწევა?

 

ბევრი მიზეზი შეიძლება დასახელდეს, რომელიც ხელს უშლის კონფლიქტის ყველა, სამივე მხარეს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას. შევეცდები რამდენიმე მათგანი დაგისახელოთ:

სეიმურ კაზიმოვი
სეიმურ კაზიმოვი

 

 

პირველ რიგში, მართალია, აზერბაჯანი მონაწილეობს მოლაპარაკებების პროცესში, მაგრამ მისი ხელისუფლება რეგულარულად აკეთებს განცხადებებს ძალის გამოყენების თაობაზე. ოფიციალური ბაქოს განცხადება ძალის გამოუყენებლობაზე ძლიერი გზავნილი იქნებოდა და დიალოგისთვის ახალ შესაძლებლობებს გახსნიდა. სანამ ეს ასე არ არის, არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ყველა მხარემ აირჩია მხოლოდ მშვიდობიანი დარეგულირების გზა.

 

მეორე – ეს არის პოლიტიკური ნების არარსებობა და ე.წ. მშვიდობის რისკი, რომელიც მოიცავს ახალ გამოწვევებს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მთავრობებისთვის უფრო მოსახერხებელია ამჟამინდელ, უკვე ნაცნობ და ჩვეულ პირობებში მუშაობა, ვიდრე  გაურკვევლობაში გადაბიჯება.

 

მესამე – შეხვედრები და კონსულტაციები მრუდე ფორმატით მიმდინარეობს, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის წარმომადგენლების, როგორც კონფლიქტის მხარეების, სრულყოფილი მონაწილეობის გარეშე. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეების სტატუსი ეუთოს მინსკის ჯგუფმა 1993 წლის სექტემბერში სცნო. სამმხრივი მოლაპარაკებების ფორმატი და მთიანი ყარაბაღის, როგორც კონფლიქტის მხარის სტატუსი, დამტკიცდა ეუთოს მმართველი საბჭოს მიერ 1995 წლის 31 მარტს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „მოქმედი თავმჯდომარე ადასტურებს ეუთოს მიერ მანამდე მიღებულ გადაწყვეტილებას მხარეების სტატუსის შესახებ, ანუ კონფლიქტში ჩართული ორი სახელმწიფოს და კონფლიქტის მესამე მხარის (მთიანი ყარაბაღის) მონაწილეობას მოლაპარაკებების ყველა პროცესში, მინსკის კონფერენციის ჩათვლით.

 

მეოთხე – ეს არის საერთაშორისო შუამავლების მოძველებული მიდგომები. შუამავლების ძალისხმევის ეფექტურობის გაზრდისთვის მინსკის ჯგუფმა თავისი ადრინდელი მიდგომების რევიზია უნდა მოახდინოს. ეს მიდგომები კონფლიქტის გადაჭრის მოძველებულ მეთოდოლოგიას ეყრდნობა და არ ასახავს თანამედროვე საერთაშორისო სამართლებრივ რეალობას და საერთაშორისო ურთიერთობებში  ცნობილ პრეცედენტებს. მეორე მხრივ, უნდა ვაღიაროთ, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნებისკენ მიმართული ძალისხმევა, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების პრეზიდენტებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების რეგულარული განცხადებები პრობლემის მშვიდობიანი გადაჭრის უალტერნატივობის შესახებ გარკვეულ შემაკავებელ როლს ასრულებს.

 

შეიძლება ისეთ მიზეზებზეც ვისაუბროთ, როგორიცაა მთავრობების ლეგიტიმურობის დეფიციტი, დემოკრატიული განვითარების დაბალი დონე, მოლაპარაკების პროცესის გადაჭარბებული კონფიდენციალობა და ა.შ.

 

ზოგადად, აზერბაიჯანი-ყარაბაღის კონფლიქტი საკმაოდ რთულია და მას არა მხოლოდ რეგიონალური, არამედ საერთაშორისო პარამეტრები აქვს. შიდა აქტორებს რეგიონში თავიანთი მრავალპლანიანი ინტერესები გააჩნიათ, რომლებიც, ერთი მხრივ, ავიწროვებენ დარეგულირების შესაძლებლობებს, მეორე მხრივ კი, ასტაბილურებენ სიტუაციას.  

 

მთიანი ყარაბაღის მხარემ, რომელიც თავს დამოუკიდებელ სუბიექტად მიიჩნევს, არაერთხელ განაცხადა, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობის სურვილი აქვს. თქვენი აზრით, რა როლი შეიძლება ჰქონდეს მას სამშვიდობო პროცესში?

 

საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კონფლიქტის ყველა მხარის ჩართულობა მოლაპარაკებების პროცესში მის ეფექტურობას ზრდის. ჩვენი კონფლიქტის შემთხვევაში, სწორედ სამმხრივი მოლაპარაკებების წყალობით მოხერხდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმება 1994 წლის 12 მაისს. ეს არის 20-წლიანი სამშვიდობო პროცესის ყველაზე ხელშესახები შედეგი.

 

მოლაპარაკებებში ჩართვის სურვილი არ არის თვითმიზანი. მასში მონაწილეობას კი მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მთავრობა განიხილავს, როგორც მის წვლილს მოგვარების პროცესში, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღოს და გამოვიდეს სამშვიდობო ინიციატივებით.

მასის მაილიანი, ფოტო: www.1in.am
მასის მაილიანი, ფოტო: www.1in.am

 

1993-1997 წლებში თქვენ პირადად მონაწილეობდით მოლაპარაკებებში. რა საკითხები განიხილებოდა ამ მოლაპარაკებების დროს და რა გახდა მათი შეწყვეტის მიზეზი?

 

იმ პერიოდში არასრულფასოვანი ფორმატით მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რომლის მონაწილე მხარეებად წარმოდგენილნი იყვნენ დელეგაციები, ვისაც თავიანთი ზემდგომებისგან წერილობით ჰქონდათ შესაბამისი უფლებამოსილება მინიჭებული. საერთაშორისო შუამავლების ჩართულობით მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა შეთანხმების პროექტზე, რომელიც აერთიანებდა დარეგულირებასთან დაკავშირებულ ყველა საკვანძო პრობლემას. დელეგაციებმა მხოლოდ ტექსტების მესამედის შეთანხმება მოახერხეს, ანუ ეს იყო კლასიკური მოლაპარაკებები.  

 

1996 წლის დეკემბერში, აზერბაიჯანის დაჟინებული მოთხოვნით, ეუთოს ლისაბონის სამიტზე მაშინდელმა მოქმედმა თავმჯდომარემ განაცხადა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების პრინციპების შესახებ, რომლებითაც შეიზღუდა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თვითგამორკვევის საკითხი აზერბაჯანის ჩარჩოთი, და რომელმაც გადაწყვიტა ამ მოლაპარაკებების ბედი. ლისაბონის შემდეგ გამართულ პირველსავე მოლაპარაკების რაუნდზე, 1997 წლის აპრილში, გაირკვა, რომ ამ პრინციპების საფუძველზე პროცესის გაგრძელება შეუძლებელი იყო. მას შემდეგ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები ძირითადად,აწარმოებენ “წინ და უკან სვლის დიპლომატიას” და სთავაზობენ ბაქოს, ერევანსა და სტეპანაკერტს თავიანთ მიდგომებს. როგორც ცნობილია, მათმა ვერც ერთმა წინადადებამ („ეტაპობრივი მოგვარება“, „ერთიანი პაკეტით გადაწყვეტა“, „საერთო სახელმწიფო“ და ა.შ.) ვერ მოიპოვა ერთდოულად ყველა მხარის მხარდაჭერა.  

 

2007 წელს თქვენ პოლიტიკურ ბრძოლაში მონაწილეობდით არაღიარებული სუბიექტის ხელმძღვანელობისთვის. კონფლიქტის გადაჭრის როგორი ხედვა გქონდათ მაშინ?

 

ჩემი საპრეზიდენტო წინსასარჩევნო პროგრამის შიდაპოლიტიკური ნაწილი მიმართული იყო მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის, როგორც სუბიექტის მნიშვნელობის გაზრდისკენ, ასევე, ეს იყო დიპლომატიური მუშაობის გააქტიურება და რესპუბლიკის უსაფრთხოების განმტკიცება პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით. ჩემი აზრით, ასეთი პოლიტიკა მიგვიყვანდა მოვლენების ომის სცენარით განვითარების გამორიცხვამდე და მხარეებისთვის თანაბარ პირობებს შექმნიდა მშვიდობიანი დიალოგის წარმართვისთვის.

 

თქვენ დამოუკიდებლობის მომხრე ხართ, თუ გსურთ, რომ ყარაბაღი სომხეთის შემადგენლობაში იყოს? ან შესაძლებელია გსურთ, რომ ყარაბაღი აზერბაჯანის შემადგენლობაში იყოს?  

 

1991 წელს ჩვენ, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მოქალაქეებმა, თვითგამორკვევის შესახებ ჩვენი უფლების რეალიზაცია მოვახდინეთ და შევქმენით ჩვენი საკუთარი სახელმწიფო, რომელიც დაცული იქნა ჩვენთვის თავსმოხვეული ომის დროს 1992-1994 წლებში. დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობისადმი მისწრაფება მთიანი ყარაბაღის მოქალაქეებმა 10-ზე მეტჯერ დაადასტურეს, როგორც დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის (1991 წელს) და კონსტიტუციის მიღების (2006 წელს) დროს, ასევე, საერთო რესპუბლიკურ არჩევნებზე, როდესაც ხმა მისცეს ყარაბაღის სახელმწიფოებრიობის გაძლიერების პროგრამას. ეს არის სამართლებრივი მხარე.

 

თუკი ვიმსჯელებთ საზოგადოების განწყობებით, შემდგომისათვის არ შეიძლება გამოირიცხოს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის გაერთიანება სომხეთის რესპუბლიკასთან. ავტონომია საბჭოთა აზერბაიჯანის შემადგენლობაში – წარსულის საქმეა და უკან დაბრუნება შეუძლებელია.

 

სუვერენიტეტის სურვილმა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია გამოიწვია მთიან ყარაბაღში, რომელიც მთლიანად სომხეთზე დამოკიდებული აღმოჩნდა. მაშინ რა განსხვავებაა – აზერბაჯანის ავტონომია იქნები, თუ სუვერენული სახელმწიფო, რომელიც მთლიანად სომხეთზეა დამოკიდებული?

 

1990-იანი წლების დასაწყისსა და შუა პერიოდში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება გამოწვეული იყო საბჭოთა კავშირის დაშლით, საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციის ცვლილებით და დამანგრეველი ომით. 1992 წლისთვის მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის  თითქმის ნახევარი ტერიტორია აზერბაჯანის შეიარაღებული ფორმირებების კონტროლის ქვეშ იყო, თითქმის მთლიანად განადგურდა ქვეყნის სამეურნეო კომპლექსი. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ეკონომიკას 5 მილიარდი დოლარის ღირებულების ზარალი მიადგა, აქედან ორმილიარდიანი ზარალი სოფლის მეურნეობამ განიცადა.  

 

ეკონომიკის აღდგენისა და ლიბერალური რეფორმების გატარებისათვის მთიან ყარაბახს, ისე როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, კრედიტები ესაჭიროებოდა. თუკი აზერბაიჯანისა და გარდამავალი ეკონომიკის მქონე სხვა აღიარებული ქვეყნებისთვის ძირითად კრედიტორებად გამოდიოდნენ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, ჩვენ, საერთაშორისო არაღიარების პირობებში, არ შეგვეძლო ამ ინსტიტუტების რესურსებით სარგებლობა. მთიანი ყარაბაღის ძირითადი კრედიტორი სომხეთი იყო. მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას გვიწევდა და გვიწევს სომხური დიასპორა საზღვარგარეთ. ამდენად, საუბარი დამოკიდებულებაზე ასეთ კონტექსტში მაინცდამაინც კორექტული არ არის.

მთიანი ყარაბაღი, ფოტო: კონსტანტინ სტალინსკი
მთიანი ყარაბაღი, ფოტო: კონსტანტინ სტალინსკი

 

რაც შეეხება ავტონომიას, თანასწორობის პრინციპიდან  და ხალხის იმ უფლებიდან გამომდინარე, რომ განკარგოს საკუთარი ბედი, ყველა ხალხს აქვს უფლება თავისუფლად, გარე ჩარევის გარეშე განსაზღვრონ საკუთარი პოლიტიკური სტატუსი, განავითარონ ეკონომიკა, სოციალური და კულტურული ვითარება. გაეროს წესდების თანახმად, ყველა სახელმწიფო ვალდებულია პატივი სცეს ამ უფლებას. განვითარების გზების არჩევისას მატერიალური ღირებულებები ყოველთვის არ თამაშობს მთავარ როლს… მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხები დამოუკიდებლობის მოთხოვნის ძირითად მიზეზად ასახელებენ მათ მიმართ გატარებულ დისკრიმინაციულ პოლიტიკას და რომ მათი უსაფრთხოება არ იყო უზრუნველყოფილი. მაგრამ რა ბედი ეწევათ კონფლიქტის შემდეგ მთიან ყარაბაღში დაბრუნებულ აზერბაიჯანელებს? მიეცემათ თუ არა მათ შინ დაბრუნების გარანტია და იქნება თუ არა მათი უსაფრთხოება უზურნველყოფილი? მზადაა ამისთვის იქაური საზოგადოება?

 

ყარაბაღში დისკრიმინაციული პოლიტიკის ავტორებად და შემსრულებლებლად მიიჩნევდნენ არა აზერბაიჯანელებს, არამედ ბაქოელ ხელისუფალთ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც ჩამოყალიბდა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა და ავტონომიური რესპუბლიკა, მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანულ უმცირესობას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ სომხურ უმრავლესობასთან ერთად მიეღო მონაწილეობა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნაში. ამისთვის უმრავლესობის მიერ ყველა აუცილებელი პირობა იყო შექმნილი: 1991 წლის დეკემბერში სამ ენაზე, მათ შორის აზერბაიჯანულზე, მომზადდა ბიულეტენები რეფერენდუმისათვის დამოუკიდებლობის შესახებ, გათვალისწინებული იყო ადგილები აზერბაიჯანელი დეპუტატებისთვის მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში და ა.შ.

 

ლტოლვილებისა და იძულებით გადადგილებული პირების პრობლემა ერთ-ერთი საკვანძო საკითხია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების პროცესში. დევნილები და იძულებით გადაადგილებული პირები რეგიონში კონფლიქტის ზრდის პარალელურად გაჩნდნენ. თუკი აზერბაიჯანთან კონფლიქტის მიზეზი გახდა მთიანი ყარაბაღის სომხური უმრავლესობის განცხადებები თავისუფლებისა და თანასწორობის მოთხოვნის შესახებ, ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირებისა და სხვა პრობლემები ამ კონფლიქტის შედეგად გაჩნდა.

 

ამიტომ მეთოდოლოგიურად უფრო სწორი იქნება, ჯერ კონფლიქტთან დაკავშირებული პრობლემები მოვაგვაროთ და შემდეგ შევუდგეთ მისი შედეგების ლიკვიდაციას.

 

ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანიდან დევნილ სომხებსა და მთიანი ყარაბაღიდან და სომხეთიდან დევნილ აზერბაიჯანელებს ერთნაირი უფლებები აქვთ. ისინი, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, კონფლიქტის მსხვერპლნი არიან და მათი პრობლემები ერთნაირად და დაბალანსებულად უნდა მოგვარდეს.

 

ჯერ არ არსებობს სომხების აზერბაიჯანში და აზერბაიჯანელების ყარაბაღსა და სომხეთში დაბრუნების პოლიტიკური პირობები. დევნილების დაბრუნების მზაობის დონე დაბალია სამივე მხარის საზოგადოებაში. ნათელია, რომ არსებობს ასეთი გაგება, რომ ამჟამინდელ პირობებში დევნილების პრობლემის გადაწყვეტა მათ ადრინდელ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნებით ახალ პრობლემებს შექმნის, როგორც ჰუმანიტარული კუთხით, ისე ამ ადამიანების უსაფრთხოების მხრივ.

კონფლიქტის მოგვარების მიზნით ძალის გამოყენებაზე ან ძალისმიერ მუქარაზე უარის თქმის შემთხვევაში, ასევე, კეთილი ნების გამოვლენის და ყველას უფლების ურთიერთპატივისცემის პირობებში, კონსტრუქციული დიალოგით მთიან ყარაბაღს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, კონფლიქტის მხარეები შეძლებენ სხვა საკვანძო პრობლემების დარეგულირებასთან ერთად გადაჭრან ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების ჰუმანიტარული პრობლემები, როდესაც გამოყენებული იქნება თითოეულ შემთხვევაში ზარალის ანაზღაურების სხვადასხვა ფორმა, რესტიტუცია, რეაბილიტაცია და ა.შ.

 


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი