დავით ბაქრაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა პატივს არაფერს სცემს:
“ჩვენ კენჭისყრის დაწყების წინ განვაცხადეთ, რომ პატივს ვცემდით კვოტებს და ამიტომ მხარს დავუჭერდით უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურებს და ჩვენ ეს გავაკეთეთ პირველ კენჭისყრაზე, როდესაც მხარი დავუჭირეთ ერთ-ერთ კანდიდატს. ძალიან სამწუხაროა, რომ უმრავლესობამ დღეს კიდევ ერთხელ გამოავლინა, რომ ის პატივს არ სცემს არც კვოტებს, არც უმცირესობას, არც ოპოზიციას და არც იმ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომლის ბორდის დაკომპლექტებასაც უკვე თვეების მანძილზე ელოდება ჩვენგან საზოგადოებაც, არასამთვრობო სექტორიც და თვითონ მაუწყებელი.”

თავის მხრივ კენჭისყრამდე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა დავით უსუფაშვილმა და პრობლემებზე გააკეთა აქცენტი:
“დღევანდელი მდგომარეობით სამეურვეო საბჭო ძველი შემადგენლობის არ არის უფლებამოსილი რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს და ეს საკანონმდებლო შეზღუდვა ძალაშია, ამაზე საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია. ასევე, დღეს ჩვენი გადაწყვეტილების მიუხედავად, თუ რამდენ წევრს ავირჩევთ, ახალი საბჭო მყისიერად ვერ შედის უფლებამოსილებაში, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ სწორედ ის პუნქტი გააუქმა, რომლითაც ახლად არჩეული სამეურვეო საბჭო უნდა შედგომოდა საქმიანობას. პარლამენტი ვალდებულია განახორციელოს საკანონმდებლო ჩარევა და დაარეგულიროს ეს ურთიერთობები, იმისთვის, რომ გაგრძელდეს რეფორმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაურღვევლად და მისი გათვალისწინებით,” – აღნიშნა უსუფაშვილმა.
პარლამენტმა დღეს ჩააგდო უმცირესობის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში უმცირესობის მიერ წარდგენილი კანდიდატები – ნინია კაკაბაძე და დავით კიზირია.
ახალი კანონმდებლობით უკვე არჩეულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის 7 ახალი წევრი. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჯერ კიდევ მოქმედი ბორდის წევრების სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ, რომელიც ითვალისწინებს “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების გაუქმებას.








