ახალი ამბები

ვახტანგოვი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვედ კანონის დარღვევით აირჩიეს

17 აპრილი, 2014 • • 2170
ვახტანგოვი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვედ კანონის დარღვევით აირჩიეს

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მეშვიდე ნაწილში ნათქვამია, რომ “საკონკურსო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთა მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციების საჯარო განხილვა. კანდიდატი ვალდებულია საკონკურსო კომისიას წარუდგინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფცია, რომელიც საჯაროდ უნდა გამოქვეყნდეს, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღოს საჯარო დებატებში, რომლებიც გაიმართება საქართველოს პარლამენტის მიერ მეურვეთა არჩევამდე და გადაიცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით.”

 

ნათია კაპანაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატების შესარჩევი კომისიის მდივანი ამბობს, რომ კანდიდატი ვალდებულია, მიიღოს მონაწილეობა დებატებში, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში უნდა გაიმართოს და სწორედ ამ დებატების საფუძველზე უნდა შეექმნას დეპუტატს წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რატომ უნდა აირჩიოს მეურვე. 

 

ალექსანდრე ვახტანგოვი
ალექსანდრე ვახტანგოვი

“კონცეფცია წარდგენილი აქვს. ჩვენ გავმართეთ პირდაპირი ეთერით გასაუბრება და მან მიიღო მონაწილეობა გასაუბრებაში და შემდეგ ეტაპზე, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ის საქართველოში არ იმყოფება და მონაწილეობა არ მიუღია დებატებში. ამის შესახებ პარლამენტარებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ თვალი ედევნებინათ და ალბათ არჩევანი ამ გამოსვლების შემდეგ უნდა გაკეთებულიყო”,- განაცხადა ნათია კაპანაძემ. 

 

ნათია კაპანაძე ამბობს, რომ ალექსანდრე ვახტანგოვი მეურვის წინა კონკურსში მონაწილეობდა და დებატებშიც მიიღო მონაწილეობა, თუმცა სამართლებრივად ეს სხვა კონკურსი იყო. 

 

ალექსანდრე ვახტანგოვი –  85 ხმით 1-ის წინააღმდეგ პარლამენტმა დღეს, 17 აპრილს, დაამტკიცა. ვახტანგოვთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი მეორე კანდიდატი: გრიგოლ გოგელია – 86 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი