“საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირი”, გორჩაკოვის ფონდის მხარდაჭერით, 13-14 ოქტომბერს თბილისში მართავენ “ახალგაზრდა ლიდერების ფორუმს”, სახელწოდებით “სახალხო დიპლომატია – კომპრომისების დიალოგი” .
გორჩაკოვის ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ფორუმის მთავარი მიზანი რუსეთის და საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლებისთვის აქტიური თანამშრომლობის პლატფორმის შექმნაა და “პროექტი ხელს შეუწყობს რუსულ-ქართული დიალოგის განვითარებას და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამშრომლობას”.
“ფორუმის მონაწილეები საქართველოში რუსული დიასპორის სტატუსის ამაღლების მიზნით მექანიზმის შემუშავებაზე იმსჯელებენ”.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკის, მეცნიერების, კულტურის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოდან და რუსეთიდან, ასევე, საქართველოში რუსულენოვანი დიასპორის ახალგაზრდა ლიდერები და აქტივისტები.
გორჩაკოვის ფონდი 2010 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ბრძანებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შექმნა და ეს ფონდი რუსეთის რბილი ძალის გავრცელების ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ორგანიზაციის წესდების მიხედვით, ფონდის მიზანია სამეცნიერო, კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამების დახმარება საერთაშორისო ურთიერთობებში, მასობრივი ინფორმაციებისა და ინფორმაციული რესურსების საშუალებების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ რუსეთისთვის ხელსაყრელი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, საზღვარგარეთ რუსეთის ინტელექტუალური, კულტურული, სამეცნიერო და საქმიანი პოტენციალის წინ წაწევა, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა სამამულო, უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.
“საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირი” საქართველოში მცხოვრები რუსი ახალგაზრდების გაერთიანებაა, რომელსაც ალექსანდრე ბეჟენცევი ხელმძღვანელობს.