ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

უკანასკნელი აფხაზური გაფრთხილება

16 აპრილი, 2014 • • 2078
უკანასკნელი აფხაზური გაფრთხილება

ოლიმპიური სალუტი, შეიძლება ითქვას, ჯერ დამთავრებულიც კი არ იყო, როდესაც აფხაზეთის პარლამენტმა კიდევ ერთ, რიგით მეოთხე დადგენილებაზე დაიწყო მუშაობა, რომელიც პასპორტიზაციას ეხება. თუმცა პარლამენტის ამჟამინდელი გააქტიურებაც არ იძლევა იმის გარანტიას, რომ სკანდალი დასრულდება.

 

თითქმის ერთი წელია, ოპოზიცია ცდილობს შეისწავლოს 26 ათასი პასპორტის გაცემის საკითხი აფხაზეთის სამი რაიონის მაცხოვრებელზე. მასზე მუშაობდნენ სრულიად გაუგებარი საბაბით შექმნილი კომისიები, რომლებიც იხილავდნენ განცხადებებს და გასცემდნენ საპასპორტო განყოფილებისთვის შესაბამის რეკომენდაციებს დოკუმენტების გასაცემად.

დემის პოლანდოვი
დემის პოლანდოვი

სწორედ ამ პროცესის კანონიერების შესამოწმებლად შეიქმნა საპარლამენტო კომისია, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდა სიტუაციას. ამ მუშაობის შედეგი იყო სახალხო კრების მიერ სექტემბერში მიღებული დადგენილება – გალის, ტყვარჩელის და ოჩამჩირის რაიონებში პასპორტების გაცემის პროცესის კანონიერების შემოწმების თაობაზე.

 

დეპუტატების მიერ ერთხმად მიღებულმა დოკუმენტმა ხანმოკლე ეიფორია გამოიწვია ოპოზიციონერთა შორის, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ეს დოკუმენტი ალექსანდრე ანქვაბზე გამარჯვების წინაპირობა იყო, მაგრამ გავიდა ცოტაოდენი დრო და ნათელი გახდა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ამ დადგენილებას განსხვავებულად, თავისებურად კითხულობდა. ოპოზიციონერები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ უკანონო იყო დოკუმენტების გაცემა საქართველოს მოქალაქეებზე (კანონი ნამდვილად კრძალავს ორმაგ მოქალაქეობას ყველა ქვეყანასთან, გარდა რუსეთისა), რომლებმაც, უბრალოდ, განცხადებები დაწერეს საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის თაობაზე. იმის გამო, რომ ეს არც ისე მკაფიოდ იყო ჩაწერილი დადგენილების ტექსტში, გენერალურმა პროკურატურამ უარი განაცხადა, მსგავსი [საქართველოს მოქალაქეობის] უარყოფა განეხილა პასპორტების უკანონოდ გაცემის საფუძვლად.

 

ოპოზიციონერები ცდილობდნენ ზეგავლენა მოეხდინათ გამომძიებლებზე, როდესაც მათ ხმამაღალი დებატები მოუწყვეს პარლამენტში, მაგრამ პროკურატურის წარმომადგენლები აზრს არ იცვლიდნენ. შედეგად, უკანონოდ ცნეს დაახლოებით 1000 პასპორტი, რომლებიც სულ სხვა ტიპის დარღვევებით იყო გაცემული.

 

და აი, დადგა გადამწყვეტი მომენტი – 4 აპრილს პარლამენტში გენპროკურატურის საბოლოო ანგარიშს მოუსმინეს. იმავე დღეს მიიღეს ნორმატიული დადგენილება (რომლის აღსრულებაც სავალდებულოა), სადაც შავით თეთრზე ჩაიწერა, რომ ყველა პასპორტი, რომელიც გაიცა კომისიების მიერ ამ სამ რაიონში, ითვლება “დადგენილი პროცედურების დარღვევით გაცემულად და მათ არ შეუძლიათ აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის დადასტურება”.

 

პასპორტიზაციის შემოწმების საკითხთა საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ ასლან კობახიამ ჩემთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ დადგენილებით წერტილი დაესვა ამ ყველაფერს, ის “განხილვას არ ექვემდებარება – ის მხოლოდ უნდა აღსრულდეს”. დეპუტატმა გააფრთხილა მთავრობა, რომ “ამ კანონის შეუსრულებლობით აღმასრულებელი ხელისუფლება სამართლებრივი ველიდან გადის”.

 

მაგრამ გული მიგრძნობს, ეს გაფრთხილება “უკანასკნელი ჩინური გაფრთხილების” მსგავს ბედს გაიზიარებს. ეს გაფრთხილებები გაიცემოდა ამერიკული ავიაციის მისამართით, რომელიც მუდმივად არღვევდა აშშ-ის მიერ არაღიარებული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საჰაერო სივრცეს და ასეთი გაფრთხილებების რაოდენობამ 1964 წლისთვის 9 ათასამდე მიაღწია. რა თქმა უნდა, აფხაზეთის სახალხო კრებას აქამდე ჯერ კიდევ ბევრი აკლია, მაგრამ სულ უფრო ნათელი ტენდენცია იკვეთება. იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი მხურვალე აფხაზი ოპოზიციონერი პარლამენტის ბოლო დადგენილებას გამარჯვებულის კომენტარებით შეხვდა სოციალურ ქსელებში, მათი რიცხვი არსებითად მაინც მცირე იყო გასული წლის სექტემბერთან შედარებით, როდესაც პარლამენტმა პირველი დადგენილება მიიღო.

 

ალექსანდრე ანქვაბი თავს კონფლიქტების გაჭიანურების ნამდვილ ოსტატად წარმოაჩენს. ზუსტი დარტყმების მიყენებით (მაგალითად, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან სტანისლავ ლაკობას გადაყენებით) აფხაზეთის ლიდერს შეუძლია საჭირო დროს უკან დახევის სიმულირება მოახდინოს, შემდეგში კი საბოტაჟი მოუწყოს პარლამენტის ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის არახელსაყრელია. ამ ყველაფერში კი მის დამხმარედ სწორედ ეს პარლამენტი გვევლინება, რომელიც ერთხმად იღებს ერთი მეორის მიყოლებით დადგენილებებს პასპორტიზაციის შესახებ. ეს არც არის გასაკვირი, თუკი გავიხსენებთ, რომ პარლამენტში პრეზიდენტის მომხრეები შეადგენენ უმრავლესობას, რომლებიც ხმის მიცემის დროს “დიახ”-ს ამბობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტი იძლევა ასეთ მითითებას. ამის გამოა, რომ ეროვნული კრების მიერ მიღებული ნებისმიერი დოკუმენტი არის კომპრომისული და აღმასრულებელ ხელისუფლებას მისი თავისებურად ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს.

 

არ ვიცი, კონკრეტულად რა ტაქტიკას აირჩევს ამჟამად ანქვაბი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არავითარ ათეულ ათასობით პასპორტის ჩამორთმევაზე არ არის საუბარი. ნათელია, რომ აფხაზეთის ლიდერი არ აპირებს ქართველი ელექტორატის დათმობას, რომლის მხარდაჭერაშიც დარწმუნებული უნდა იყოს არჩევნების დროს. ამას გარდა, ეს მას ოპოზიციასთან ბრძოლაში გარდაუვალ მარცხად შემოუბრუნდებოდა.  ამ შემთხვევაში საქმე არჩევნებამდე შესაძლოა არც კი მისულიყო.

 


 

სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი