ნეტგაზეთი | დავით ისაკაძე დეპუტატებს ანათემით დაემუქრა დავით ისაკაძე დეპუტატებს ანათემით დაემუქრა – Netgazeti
RU | GE  

დავით ისაკაძე დეპუტატებს ანათემით დაემუქრა

” აუცილებლად გამოვიყენებთ საშუალებას, წმინდა სინოდს სასულიერო პირებმა, მრევლმა მივმართოთ, რათა მოხდეს განკანონება, ანათემირება ყველა იმ ადამიანის, ვინც ხელს შეუწყობს საქართველოში ჰომოსექსუალობის დაკანონება-ნორმად ქცევას,”- ეს განცხადება დეკანოზმა დავით ისაკაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონპროექტს განიხილავენ. 

დავით ისაკაძის თქმით, მას ჰომოსექსუალი ადამიანები ეკლესიაში მიუღია და მათთან პიროვნულად არანაირი პრობლემა არ აქვს:

 

“ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და ადამიანების ყოველგვარი ჩაგვრის წინააღმდეგი ვართ. მეტსაც გეტყვით, ჩემთან ეკლესიაში არაერთი არასწორი ორიენტაციის ადამიანი მოსულა და ეკლესიაში მიმიღია, დავხმარებივარ, რომ გამხდარიყო ეკლესიის სრულფასოვანი წევრი. ასეთ ადამიანებთან არანაირი პიროვნული პრობლემა არ გაგვაჩნია. ჩვენ პრობლემა გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ გარყვნილების დაკანონებაზე, გარყვნილების ქადაგების დაკანონებაზე, რომლის საფრთხეც ჩანს ამ კანონპროექტში, რადგანაც კონსტიტუცია ისედაც აწესრიგებს ადამიანებს შორის ურთიერთობის ნორმებს. აქედან გამომდინარე, არანაირი საჭიროება არ არსებობს, რომ კონსტიტუციაში შევიტანოთ ახალი ტერმინი “სექსუალური უმცირესობა” . საზოგადოებას ძალიან  დიდ ჯგუფს ეს თხოვნა გაგვაჩნია, რომ ეს ტერმინი ამოვიღოთ.”

 

ისაკაძე აღნიშნავს, რომ კანონპროექტში “ჰომოსექსუალობის ნორმად ქცევის” საფრთხეს ხედავს და კანონპროექტის მხარდამჭერებს ანათემით ემუქრება:

 

“ჩვენ გვაქვს საეკლესიო კანონმდებლობა, საეკლესიო სამართალი, დიდი სჯულის კანონზე დაფუძნებული, რომელიც ჩვენი იარაღია, ჩვენი ბერკეტი, სხვა საშუალებები არ გაგვაჩნია. ჩვენ  მივმართავთ საზოგადოებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და როდესაც არის ასეთი უდიდესი ცოდვის შესახებ საუბარი, რომელიც შეიძლება დაკანონდეს, ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ ამ საშუალებას, რომ წმინდა სინოდს სასულიერო პირებმა, მრევლმა მივმართოთ, რათა მოხდეს განკანონება, ანათემირება ყველა იმ ადამიანის, ვინც ხელს შეუწყობს საქართველოში ჰომოსექსუალობის დაკანონება-ნორმად ქცევას. “

 

პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს ანტიდისკრიმინაციის შესახებ სხვადასხვა მიზეზით იწუნებენ როგორც არასამთავობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, არასაპარლამენტო ოპოზიციის რადმენიმე წევრი და მღვდელი დავით ისაკაძე. არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მოცემული ფორმა ქვეყანაში ანტიდისკრიმინაციული გარემოს შექმნისათვის სათანადო საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბებას ვერ უზრუნველყოფს. ისინი აღსრულების ნაწილში კანონის გამკაცრებას მოითხოვენ. ჯონდი ბაღათურია, ისაკაძე და ლორთქიფანიძე კი პირიქით, ფიქრობენ, რომ კანონპროექტი ზედმეტად მკაცრია, რადგან დისკრიმინაციის საფუძვლად სექსუალური უმცირესობების უფლებებსაც განიხილავს. ისინი კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვენ. დავით ისაკაძის თქმით, ილია მეორეც მათი თანამოაზრეა.

 

დავით ისაკაძე
დავით ისაკაძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გივი ავალიანი