ანგარიშის თანახმად, საანგარიში პერიოდში გაიმართა 38 პლენარული სხდომა. აღნიშნულ სხდომებზე დეპუტატების დასწრების მაჩვენებელი 70%-ია. პარლამენტის 150 წევრიდან 38-ვე სხდომას დაესწრო 13 წევრი, ხოლო 137 წევრის მიერ პლენარული სხდომის გაცდენა, ჯამში, დაფიქსირდა 1701 შემთხვევაში.
გაცდენის 1701 შემთხვევიდან საპატიო მიზეზით გაცდენად მიჩნეულია 1339, ანუ 79%, ხოლო 362 შემთხვევა დასკვნის მიხედვით არასაპატიოა. თავის მხრივ, 1339 საპატიო მიზეზით ჩათვლილი გაცდენიდან 811 გაცდენილია ოჯახური მდგომარეობის გამო, 211- სამსახურეობრივი მივლინების გამო, 118- ავადმყოფობის გამო, 20- შვებულების გამო, 53- პოლიტიკური შეხედულების გამო, ხოლო 126- სხვა, რეგლამენტით გაუთვალისწინებელი მიზეზებით.
პლენარული სხდომების გაცდენისთვის პარლამენტის რეგლამენტი ადგენს სანქციას. კერძოდ, თუ დეპუტატი არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება ერთზე მეტ პლენარულ სხდომას, მას ერთზე მეტი გაცდენილი თითოეული სხდომისთვის დაუკავდება ხელფასის 10%. ამასთან, დაკავებული ხელფასის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პარლამენტის წევრის ხელფასის 50%-ს.
“კომიტეტის მიერ შესწავლილი პერიოდის მანძილზე საქართველოს პარლამენტის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პარლამეტნის წევრისთვის პლენარული სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო ხელფასის დაქვითვის ფაქტი არ დაფიქსირებულა,”- აღნიშნულია ანგარიშში.
ამავე დასკვნის თანახმად, საანგარიშო პერიოდში პარლამენტის კომიტეტებში გაწევრიანებული 142 დეპუტატის მიერ 100%-იანი დასწრების შემთხვევაში, დეპუტატები 5800-ჯერ უნდა დასწრებოდნენ კომიტეტის სხდომას, მაგრამ ეს მაჩვენებელი 3697 არის, ანუ – 64 %. შესაბამისად, კომიტეტის სხდომების გაცდენების რაოდენობაა 2 103. აქედან 1793 (85%) გაცდენა საპატიოა, ხოლო 310 -არასაპატიო.
გარდა ამისა, საპარლამენტო უმრავლესობის დასწრების მაჩვენებელი პლენარულ სხდომებზე 88% არის, ხოლო უმცირესობის მაჩვენებელი 42%. კომიტეტის სხდომებზე უმრავლესობის დასწრების მაჩვენებელი 93%-ია, ხოლო უმცირესობის- 22%.
კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი მიიჩნევს, რომ პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანაა საჭირო:
“დაისვა საკითხი, რომ გარკვეულწილად დარეგულრიდეს, მოწესრიგდეს გაცდენის საკითხები, რათა გაცდენის საპატიოდ მიჩნევის სტანდარტი კიდევ უფრო გაიზარდოს და შესაბამისი ცვლილებები შევიდეს რეგლამენტში. ასევე ჩატარდება საკონსულტაციო-სამუშაო შეხვედრები, რომელიც პარლამენტს საშუალებას მისცემს სწორი პრაქტიკა ჩამოყალიბდეს გაცდენებთან დაკავშირებით და არასაპატიო გაცდენები შესაბამის რეაგირებას დაექვემდებაროს.”








