ახალი ამბები

დისკრიმინაციასთან ბრძოლის არაეფექტური მექანიზმი – მთავრობის არჩევანი

16 აპრილი, 2014 • • 1336
დისკრიმინაციასთან ბრძოლის არაეფექტური მექანიზმი – მთავრობის არჩევანი

ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ, სამოქალაქო სექტორთან მრავალთვიანი კონსულტაციების შედეგად მოამზადა, ითვალისწინებდა თანასწორობის ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნას და საჯარიმო სანქციებს. თუმცა საბოლოოდ საქართველოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტის განსხვავებული ვერსია, რომელშიც ეს მექანიზმები აღარ ფიგურირებს.

 

პარლამენტში შეტანილი კანონპროექტით, რელიგიური, სექსუალური ორიენტაციის თუ ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე ზედამხედველობა სახალხო დამცველს დაევალება, თუმცა ომბუდსმენს აღარ აქვს ის უფლებამოსილება, რაც თანასწორობის დაცვის სპეციალურ ინსპექტორს უნდა ჰქონოდა კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტის მიხედვით:

 

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციციაში” შემაშფოთებლად მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ კანონპროექტიდან გამქრალია ნორმა, რომელიც ითვალისწინებდა დისკრიმინაციის განმახორციელებელი ფიზიკური და იურიდიული პირის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს დაჯარიმების შესაძლებლობას.

 

“ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრის” (EMC) იურისტი თამთა მიქელაძე ამბობს, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც, მაგალითად, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები დისკრიმინაციის ადგილად საჯარო სამსახურს ასახელებენ, ასევე, ადამიანები საუბრობენ ხოლმე იმის შესახებ, რომ პოლიციის მხრიდან განიცადეს დამამცირებელი მოპყრობა ამა თუ იმ ნიშნით, თუმცა ამ კანონპროექტის მთავარი მოლოდინი მაინც კერძო სექტორში არსებული უკონტროლო სიტუაციის, ანუ ცალკეული ადამიანების მხრიდან დისკრიმინაციის ფაქტების აღმოფხვრას უკავშირდებოდა, რასაც ის მოცემული ფორმით ვერ უზრუნველყოფს:

 

“თუ თქვენ რაიმე ნიშნით [რელიგიური, სექსუალური, გენდერეული თუ სხვა]  განიცდით დისკრიმინაციას ვინმეს მხრიდან, ამ პროექტის მიხედვით შეგიძლიათ მიმართოთ სახალხო დამცველს რეაგირებისთვის, მაგრამ კანონი არ აწესებს ზუსტ ვადას, თუ რა დროში უნდა განიხილებოდეს თქვენი განცხადება. ამის შემდეგ ომბუდსმენს აქვს მანდატი, რომ იშუამავლოს დამრღვევსა და დისკრიმინაციის მსხვერპლს შორის, მაგრამ თუ მათ შორის მორიგება ვერ შედგება, ის მხარე არ წამოვა ამაზე და არსებობს დისკრიმინაციის დამადასტურებელი საკმარისი მასალები, ომბუდსმენი უკვე სარეკომენდაციო წერილით მიმართავს დამრღვევს [დისკრიმინაციის შეჩერებისთვის], მაგრამ თუ ის მხარე იტყვის, რომ არ აინტერესებს ეს რეკომენდაცია, ამ შემთხვევაში ომბუდსმენი სასამართლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავს, თუ საქმე რომელიმე საჯარო დაწესებულებასთან გვაქვს. კერძოს სექტორის შემთხვევაში ომბუდსმენს ასეთი მექანიზმი არ გააჩნია”.

 

თამთა მიქელაძე განმარტავს, რომ თუ დამრღვევი რომელიმე რიგითი მოქალაქე ან მაგალითად, სასულიერო პირი იქნება, ომბუდსმენი მის საქმეს სასამართლოს ვერ გადასცემს და ვერც გარკვეულ ინფორმაციას თუ ახსნა–განმარტებას მოსთხოვს ამ საქმის თაობაზე.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, კანონპროექტში, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ჰქონდა მომზადებული, მთავრობისეული ვერსიისგან განსხვავებით, ზუსტად იყო გაწერილი კონკრეტული ვადები, თუ რა დროში უნდა განხორციელებულიყო მოქალაქის განცხადებაზე რეაგირება, ამასთან ინსპექტორს ენიჭებოდა ერთგვარი რეპრესიული ფუნქცია, რაც ნიშნავს იმას, რომ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შემთხვევაში, მას ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის, ასევე, საჯარო უწყების ფინანსურად დაჯარიმება შეეძლო.

 

მაგალითად, ფიზიკური პირი ქსენოფობიის თუ ჰომოფობიისთვის პირველ ეტაპზე შესაძლოა 100–დან 500 ლარამდე დაჯარიმებულიყო, ხოლო იურიდიული პირი – 500–2500 ლარით.

 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მას კანონპროექტის ის ვარიანტი უფრო მოსწონს, რომელიც მისმა უწყებამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან რამდენიმეთვიანი კონსულტაციების შედეგად შეიმუშავა, თუმცა იგი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მთავრობაში ამ საკითხზე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. წულუკიანის თქმით, ხელისუფლებაში მხოლოდ დისკუსია გაიმართა და საბოლოოდ შეჯერდნენ ვარიანტზე, რომელიც მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრის ინტერესებს ითვალისიწნებს.

 

პრემიერ–მინისტრის თანაშემწემ კი ადამიანის უფლებების საკითხში თამარ ჩუგოშვილმა, “ნეტგაზეთს” დაუდასტურა, რომ მთავრობის შენიშვნები იუსტიციის უწყების კანონპროექტთან დაკავშირებით სწორედ დაჯარიმების თემას უკავშირდებოდა. მისი თქმით, პრემიერის ადმინისტრაციამ მანამ, სანამ კანონპროექტს პარლამენტს გადაუგზავნიდა კონსულტაციები გაიარა ყოფილ ევროკომისარ თომას ჰამერბერგთან, ასევე, ევროკავშირის ექსპერტებთან:

 

“თვითონ ევროკავშირის რიგ ქვეყნებს არ აქვთ ასეთი მექანიზმები და ძალიან რთულია საქართველოში ასეთი მექანიზმების შემოღება. განიხილა მთავრობამ ეს საკითხი, იმსჯელა და ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე არ არის ქვეყანა მზად იმისთვის, რომ პირდაპირ ჯარიმების შემოღება ხდებოდეს და უფრო საჭიროა, რომ სარეკომენდაციო ან სასამართლო დავის გზით წავიდეს საკითხის გადაწყვეტა. მე ლოგიკურად მეჩვენება ეს გადაწყვეტილება”, – ამბობს თამარ ჩუგოშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ამ საკითხის შეცვლა საფრთხის ქვეშ არ დააყენებს ევროკავშირთან ინიცირებული ვიზალიბერალიზაციის გეგმის შესრულების საკითხს, რომლის ერთ–ერთი უმთავრესი პირობაც ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შემუშავებაა.

 

ავსტრია, ბელგია, დანია, საფრნაგეთი, გერმანია, ჰოლანდია, შვეიცარია, იტალია, ესტონეთი და ლუქსემბურგი – ჩუგოშვილის თქმით, ეს ევროკავშირის იმ ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც მთავრობის კანონპროექტის მსგავსად პირდაპირი დაჯარიმების მექანიზმი არ მოქმედებს.

 

ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტში არსებობს ჩანაწერი, რომ მისი არც ერთი დებულება არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ ის სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებულ შეთანხმებას ეწინააღმდეგება. იურისტი თამთა მიქელაძე ამბობს, რომ მისთვის გაუგაბერია, რატომ მოხდა ამ შეთანხმებაზე მითითება კანონპროექტში, რომელიც მიზნად ანტიდისკრიმინაციული გარემოს შექმნას ისახავს. იგი ფიქრობს, რომ ამით მთავრობა ცდილობს, ეკლესიას და ზოგადად, უმრავლესობას ასიამოვნოს:

 

“საკმაოდ პრობლემური ჩანაწერებიც გაჩნდა ამ კანონპროექტში, რომელიც ამ პროცესის პოლიტიკურ კონტექსტს, ალბათ, კარგად აჩვენებს. მაშინ როცა საუბარია ადამიანის უფლებების დაცვასა და დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე, გაუგებარია, რა დატვირთვა აქვს ეკლესიის ფაქტორის შემოტანას. ამ ჩანაწერს რაიმე იურიდიული მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ნათლად აჩვენებს პოლიტიკურ ნებას, რომ გაემყარებინათ საზოგადოების იმ ნაწილის და მათ შორის ეკლესიის პოზიცია, რომელთაც გარკვეული რეზისტენტულობა ამ კანონის მიმართ გააჩნდათ. ეს წმინდა წყლის პოლიტიკური ჩანაწერია იმაზე, რომ ეკლესიას არავითარი საფრთხე არ ემუქრება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი