კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, მას შემდეგ, რაც პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა საქმეების შემსწავლელ კომისიას ვადა გაუვიდა, კომიტეტში დამატებით 200-ზე მეტი განცხადება შევიდა, სადაც მოქალაქეები მიუთითებდნენ სამართალწარმოების პოლიტიკური ნიშნით განხორციელების შესახებ. მისივე განმარტებით, ეს პირები ითხოვდნენ, ისინიც ეღიარებინათ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და ძებნილ პირებად:
„კომისია იგივე ფორმატით და მანდატით მუშაობას ვერ გააგრძელებდა, მაგრამ, ბუნებრივია, ამ განცხადებებს რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებდით. ჩვენ მიერ რამდენიმე თვის განმავლობაში შესწავლილ იქნა თითოეული ასეთი განცხადება და ცალკე გამოიყო ის საქმეები, სადაც იკვეთება პოლიტიკური მოტივის შესაძლო არსებობა, მაგრამ აუცილებელია შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების განხორციელება ამ გარემოებების გამოსარკვევად.“
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პროკურატურას დაუყოვნებლივი, სამართლიანი და კანონიერი რეაგირებისთვის შემდეგი პირების საქმეები გადაუგზავნა:
მინდია ქაშიბაძე, გულნარა ჯინჯოლავა, თემურ ბასილია, ბესიკ ღვამბერია, თამაზ ქანთარია, თორნიკე ხადაია, ვასილ პატარქალიშვილი, ლაშა შანიძე, შალვა შანიძე, გოჩა ძასოხოვი, ბესიკ მარგიანი, თამილა ბენია, მალხაზ კაკაშვილი, ავთანდილ ძაძუა, მანუჩარ ძაძუა, გივი დუმბაძე, ზურაბ ლობჟანიძე, გელა შარაძე, გიორგი მგალობლიშვილი, ვაჟა მუსალბიშვილი, პაატა პატარიძე, ირაკლი დობორჯგინიძე, გოჩა ჯაველიძე, თამაზ ვაშაკიძე, მამუკა ბაკურაძე, ოთარ ზაქაიძე, ნანა გვეტაძე, ვახტანგ ნანავა, ალექსანდრე სილაბაძე, მალხაზ ჩიხლაძე და ემზარ კვიციანი.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 5 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა 190-კაციანი და პოლიტიკური ნიშნით დევნილების 25-კაციანი სია.








