ახალი ამბები

არჩევნებზე ე.წ. ტექნიკური კანდიდატი “ევროპულ საქართველოსაც” ჰყავს

8 ოქტომბერი, 2018 •
არჩევნებზე ე.წ. ტექნიკური კანდიდატი “ევროპულ საქართველოსაც” ჰყავს

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ე.წ. ტექნიკური კანდიდატი, “ძალა ერთობაშიას” მსგავსად, “ევროპულ საქართველოსაც” ჰყავს. ამის მიზანი კი კანონით გათვალისწინებული დამატებითი სარგებლის, მათ შორის დაფინასებისა და უფასო სარეკლამო დროის, მიღებაა.

სწორედ ამგვარად, დავით ბაქრაძის კამპანიის სასარგებლოდ გამოიყენებენ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის ,”მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” კანდიდატის, ირაკლი გიორგაძისთვის კანონით მინიჭებულ პრივილეგიებს.

როგორც “ნეტგაზეთს” პარტიაში განუცხადეს, აღნიშნული გადაწყვეტილება უთანასწორო წინასაარჩევნო გარემოს გამო მიიღეს. ირაკლი კიკნაველიძის თქმით, ეს იმ მძიმე ვითარების პასუხია, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიციისთვის არის შექმნილი:

“ეს არის “ევროპული საქართველოს” მხარდამჭერი კანდიდატურა. ეს იმ მძიმე ვითარების პასუხია, რაც ქვეყანაში პარტიების და პოლიტიკური ოპოზიციისთვის არის  შექმნილი. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება არაფერზე იხევს უკან, რომ ყველა ფინანსური რესურსი გმაოიყენოს და თავისი კანდიდატურა გაიყვანოს.

შესაბამისად, პოლიტიკურ ოპოზიციას დარჩენილი აქვს ძალიან ცოტა გზა, რომ მეტი საშუალება ჰქონდეს მოსახლეობას მიაწვდინოს თავისი ხმა. ეს ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა. ეს ერთ-ერთი საკანონმდებლო ხვრელია, რომელიც ამ ხელისუფლების მიერ არის შექმნილი და თავის სასარგებლოდ იყენებს, უბრალოდ ამ შემთხვევაში, ჩვენც ვიყენებთ, რომ მოსახლეობამდე ჩვენი სათქმელი მივიტანოთ”, – ამბობს კიკნაველიძე.

ე.წ. ტექნიკური კანდიდატების მხარდაჭერით სარგებლობს “ძალა ერთობაშიას” პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძეც. ვაშაძე კანდიდატად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარდგინებით დარეგისტრირდა. თუმცა კანდიდატი წარადგინა გაერთიანებაში შემავალმა სხვა ოთხმა პარტიამაც.

ესენი არიან ზვიად ბაღდავაძე („სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო“), ზვიად იაშვილი („ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“), ზვიად მეხატიშვილი („საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“) და მიხეილ ანთაძე („მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“). ოთხივე კანდიდატის წარმდგენი პარტია, ენმ-ის მსგავსად, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტია.

სწორედ ამას უკავშირდება მათ მიერ  „ტექნიკური კანდიდატების“ დასახელება, როგორც ამას ოპოზიციურ გაერთიანებაში აცხადებენ.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” ISFED  ე.წ. ტექნიკური კანდიდატების არსებობას ნეგატიურად აფასებს.

როგორც ISFED-ში აცხადებენ, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად, არჩევნებში მონაწილე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად დაფინანსებას მიიღებს ყოველ საარჩევნო უბანზე 100 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 150 ლარის ოდენობით.

შესაბამისად, „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატს, სახელმწიფო დაფინანსებით, უბნებსა და ოლქებში 5 წარმომადგენლის ყოლა შეეძლება, ხოლო ევროპულ საქართველოს – 2. ორგანიზაციის განცხადებით, გაერთიანება ძალა ერთობაშია, ჯამში, მიიღებს ყოველ საარჩევნო უბანზე 500 და ყოველ საარჩევნო ოლქზე 750 ლარს, 5-ჯერ უფრო მეტს, ვიდრე სხვა კვალიფიციური კანდიდატები. რაც შეეხება ევროპულ საქართველოს, ის სხვა კანდიდატებზე ორჯერ უფრო მეტს მიიღებს.

გარდა ამისა, საქართველოს საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წინასაარჩევნო კამპანიის საინფორმაციო უზრუნველყოფასაც. აღნიშნული კოდექსის 51-ე მუხლი ეროვნულ საეთერო მაუწყებლებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს, სათემო მაუწყებლებს აკისრებს ვალდებულებას, არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 50-ე დღიდან კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს უფასო სარეკლამო დრო თანაბრად და არადისკრიმინაციულად გამოუყონ.

ISFED-ში ამბობენ, რომ ამ შემთხვევაშიც, ფაქტობრივად, „ძალა ერთობაშია“ სხვა კვალიფიციურ კანდიდატებზე 5-ჯერ უფრო მეტ უფასო სარეკლამო დროს მიიღებს. რაც შეეხება ევროპული საქართველო, ის ორჯერ უფრო მეტს.

“მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობის – „ძალა ერთობაშია“ – ქმედება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, აღწერილი გარემოება არ ემსახურება საარჩევნო პროცესის გაჯანსაღებას. არჩევნებში მონაწილეობას იღებენ ისეთი კანდიდატები, რომელთა მიზანი არა ამომრჩეველთა ხმების მოპოვება, არამედ სხვა კანდიდატისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, სახელმწიფოს ფულადი სახსრების მიღება და კვალიფიციური სუბიექტებისათვის კანონით განსაზღვრული პრივილეგიებით სარგებლობაა. აღნიშნული კი წარმოქმნის არასამართლიან და უთანაბრო პირობებს პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებისათვის”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

მასალების გადაბეჭდვის წესი