ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი მორიგი საკანონმდებლო ცვლილების გარეშე ვერ დაკომპლექტდება

11 აპრილი, 2014 • • 1867
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი მორიგი საკანონმდებლო ცვლილების გარეშე ვერ დაკომპლექტდება

ამ დრომდე უცნობია, რა ბედი ელის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდს, რომელიც ქვორუმისთვის არასაკმარისი წევრების პირობებში დღემდე ვერ მუშაობს ეფექტურად:

“ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ჩვენ მივიღებთ ისეთ სიტუაციას, რომ უნდა იცნოს 4 ახალი წევრის  უფლებამოსილებაც, რომელიც პარლამენტმა უკვე აირჩია, იმათიც, რომელსაც ახლა აირჩევს, იმიტომ რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თვითონ არჩევის ახალი წესი არ გაუუქმებია და ასევე, ძველ წევრებსაც არ უნდა გაუუქმდეს უფლებამოსილება”, – ამბობს იურისტი ლიკა საჯაია, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის წარმომადგენელი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის თაობაზე შექმნილი ახალი კანონის ერთ–ერთი ავტორია.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს გამოტანილი გადაწყვეტილებით ბორდის ძველი 7 წევრის ლეგიტიმაცია აღიარა და გააუქმა ზემოხსენებული ახალი კანონმდებლობის ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც პარლამენტის მიერ ახალი სამეურვეო საბჭოს არჩევის შემდეგ მათი უფლებამოსილება ავტომატურად წყდებოდა. დღეისათვის პარლამენტმა უკვე აირჩია ახალი საბჭოს 4 წევრი და აპირებს რომ 5 წევრსაც უყაროს კენჭი. თუ პარლამენტი მათ უფლებამოსილებასაც აღიარებს, შეიქმნება სიტუაცია, როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელს ერთდროულად ბორდის 16 წევრი ეყოლება, რაც საჯაიას თქმით, წინააღმდგეობაში მოდის კანონთა:

“16 წევრი ვერ გვეყოლება იმიტომ, რომ კანონით დადგენილი წესით უნდა იყოს 9 წევრი”.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯერ კიდევ მოქმედი ბორდის თავმჯდომარე ემზრ გოგუაძე ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პარლამენტს ერთი გზა რჩება: მოქმედ 7–კაციან სამეურვეო საბჭოს, რომელიც ქვორუმს ვერ ავსებს, 2 წევრი დაუმატოს:

 

“ახლა ბორდში 2 ადგილია თავისუფალი. რა პრინციპით შემოიყვანენ ამ 2 ადამიანს, არ ვიცი, მაგრამ ჭკუასთან ახლოსაა, რომ რადგანაც პირველად 2 წევრს სახალხო დამცველი ასახელებდა, წესით ომბუდსმენის მიერ დასახელებული კადრები უნდა შემოიყვანონ. უკვე არჩეულ წევრებს შემოიყვანენ, თუ თავიდან დაინიშნება ეს კონკურსი და ახლიდან აირჩევენ, ამდენს მე ვერ გეტყვით”, – აცხადებს გოგუაძე.

იმ კანონის მიხედვით, რომლითაც ამჟამად პარლამენტი ხელმძღვანელობს, ბორდის დაკომპლექტებისას საპარლამენტო კენჭისყრაზე 2 კანდიდატს სახალხო დამცველი აყენებს, სამს – საპარლამენტო უმრავლესობა, ამდენივეს – უმცირესობა, ხოლო ერთს – აჭარის უმაღლესი საბჭო. თუ პარლამენტი გოგუაძის ლოგიკას მიყვება, მაშინ სამეურვეო საბჭოში ომბუდსმენის მიერ დასახელებული და დეპუტატების უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატები: ლელა გაფრინდაშვილი და მარინე მუსხელიშვილი უნდა შევიდნენ, თუმცა მოვლენების ამ ხაზით განვითარება ლოგიკურად არ ეჩვენება ლიკა საჯაიას, აღნიშნული კანონპროექტის ერთ–ერთ ავტორს:

 

“ბორდს მხოლოდ 2 წევრი ვერ დაემატება იმიტომ, რომ პარლამენტს დღეს მეტი წევრი [4] ჰყავს არჩეული. რატომ იქნება ასე ლოგიკური? იმიტომ რომ ემზარ გოგუაძეს ასე უფრო მოსწონს? ომბუდსმენი პირველი ასახელებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პირველი მის მიერ დასახელებული კანდიდატების უფლებამოსილება იქნება ცნობილი. დისკრიმინაციული მიდგომა იქნება, რომ სახალხო დამცველის დასახელებულს უპირატესობა მივანიჭოთ. სხვა ადამიანების კონსტიტუციური უფლებაც ხომ ირღვევა? მათ გაიარეს მთელი პროცედურები, მონაწილეობა მიიღეს 3–ეტაპიან კონკურსში, აირჩია პარლამენტმა და ჩვენ როგორ ამოვარჩიოთ იქიდან მხოლოდ 2 წევრი? მასე შეიძლება სახალხო დმაცველმა  დაასახელოს კანდიდატები, პარლამენტმა არ აირჩიოს ისინი და პირობითად უმცირსეობის კანდიდატები აირჩიოს, მაშინ პირველი რომელი უნდა შევიდეს ბორდში? ეს მსჯელობა ლოგიკური არ არის”, – ამბობს იურისტი.

 

ემზარ გოგუაძის თქმით კი, ამ პროცესს როტაციის პრინციპი დაარეგულირებს. მისი განცხადებით, თუ პარლამენტი ახლა ბორდში მხოლოდ 2 წევრს შეიყვანს, შემდგომში წევრების დამატების საშუალება 2015 და 2017 წელს ექნება. მისივე თქმით, 2015 წელს როტაციით ვადა 4 წევრს ამოეწურება, ხოლო 2017 წელს – 3 წევრს. გარდა როტაციის პრინციპისა ბორდის წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის სხვა მექანიზმიც არსებობს: 6–წლიანი ვადის ამოწურვა – ბორდის თითოეული წევრი საბჭოში სწორედ ამდენი წლით აირჩევა, თუმცა ასეთი 6–წლიანი ვადა მაგალითად ამჟამინდელი საბჭოს ერთ–ერთ წევრ ნატალია დვალს 2018 წელს გასდის.

 

ლიკა საჯაიას თქმით კი, როტაციის პრინციპს ის ახალი კანონიც ითვალისწინებს, რომლითაც პარლამენტი ამჟამად მოქმედებს, მაგრამ მოვლენების ამგვარი განვითარება კვლავ ქაოსს გამოიწვევს, რადგან რთული იქნება იმის დადგენა ვინ რომელ წელს და რა კრიტერიუმით უნდა შევიდეს ახალ საბჭოში. მისივე თქმით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება იმ ადამიანებს, რომლებიც პარლამენტის მიერ არჩევის მიუხედავად ბორდში ვერ შევლენ, აძლევს საფუძველს, რომ უკვე მათ მიმართონ იგივე საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით:

 

“იმ ადამიანებს შეეძლებათ წავიდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში და ახლა მათ იდაონ, რომ ჩვენ კანონიერად ვართ არჩეული, ჩვენი უფლებამოსილება სცნო პარლამენტმა და გამოდის, რომ მათაც იგივე უფლება ექნებათ, რაც ძველი ბორდის წევრებს ჰქონდათ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს”.

 

ლიკა საჯაიას უჭირს დაასახელოს გამოსავალი, რომელიც სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ შეიძლება გამოინახოს პრაქტიკაში. მისი თქმით, აუცილებელია დაუყოვნებლივ განხორციელდეს გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები, რათა ბორდი დროულად დაკომპლექტდეს და ეფექტური მუშაობა შეძლოს. თუმცა მან არ იცის, რა შეიძლება იყოს ეს გამოსავალი:

 

“კანონმდებლობაში უნდა მოხდეს გარკვეული ცვლილებების გატარება, ეს უკვე პარლამენტის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ამ ახალი კანონის ძირითადი არსი და წინგადადგმული ნაბიჯი არ უნდა დაიკარგოს. კანონში იქნება ცვლილება შესატანი სხვანაირად ეს საკითხი უბრალოდ ვერ დარეგულირდება. კანონი ამბობს, რომ უნდა იყოს 9 წევრი და დღეს გამოდის, რომ პარლამენტმა და საკონსტიტუციო სასამართლომ ერთად უფრო მეტი ადამიანის უფლებამოსილება სცნო. თუმცა რა ცვლილება უნდა მოხდეს, ნამდვილად ვერ გეტყვით ამას. ეს მოსაფიქრებელია. ამაზე მე ვერ გეტყვით კი არა, ძალიან სერიოზული შრომა იქნება საჭირო პარლამენტში, რომ ყველაზე ოპტიმალური და კარგი გამოსავალი იქნას მოძიებული. ძალიან სწრაფად უნდა მოგვარდეს ეს საკითხი”.

ახალი საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე მიუთითებს საიას იურისტი გიორგი გოცირიძეც. მისი თქმით, შესაძლებელია ბორდის 9–ზე მეტი წევრის უფლებამოსილების აღიარება:

“პარლამენტს შეუძლია დანიშნოს ეს ახალი წევრები და დაიწყოს მათი უფლებამოსილების ვადა, მაგრამ ამისთვის პარლამენტს გარდამავალ დებულებებში მოეთხოვება გარკვეული ცვლილების შეტანა, თუკი ახალი 9 წევრის უფლებამოსილების ვადა მათი არჩევის მომენტიდან დაიწყება. ცხადია, ამისთვის საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება იქნება საჭირო.სასურველიც იქნება ასეთი ცვლილების განხორციელება, რადგან საზოგადოებრივ მაუწყებელს მუშა ბორდი ესაჭიროება”.

ლიკა საჯაია მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება უცნაური და უფრო პოლიტიკური ხასიათისაა, ვიდრე სამართლებრივი:

“რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან უცნაური გადაწყვეტილება იმ ფონზე, როდესაც სასამართლომ თვითონვე აღნიშნა, რომ ბორდის ფორმირების ეს ახალი წესი უფრო დემოკრატიული და წინ გადადგმული ნაბიჯია. სასამართლომ აღიარა, რომ ეს წესი იყო უფრო კარგი და ასე დაკომპლექტებული ბორდი უფრო ეფექტური იქნებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა თქვა, რომ  ამ მიზნის მისაღწევად საჭირო არ იყო ბორდის ძველი წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა. ამ გადაწყვეტილებით ამ კანონის მთლიანი არსი ირღვევა”.

 

განსხვავებული მოსაზრება აქვს ემზარ გოგუაძეს, რომელიც ერთ–ერთია ვინც ეს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა:

 

“ჩვენი სარჩელი ძალიან მარტივ საკითხს ეხებოდა, აქ იყო როტაციის პრინციპის დაურღვევლობაზე. პარლამენტს სწორედ როტაციის პრინციპის დარღვევა სურდა, ანუ მას 0 წევრიდან უნდოდა ახალი ათვლის დაწყება [და არა არსებული 7 წევრიდან].  ეს საზოგადოებრივი მაუწყებლობის ფუნდამენტურ პრინციპს არღევდა, დისკრიმინაციული გადაწყვეტილება იყო იმიტომ, რომ პერსონალურ დონეზე დადიოდა. რატომ არღვევ როტაციას, თუკი შენ პერსონალურ დევნას არ აწარმოებ?”

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში პროცესი, რომელიც ბორდის ახალი წევრების ფორმირებას ითვალისწინებს და შესაბამისი საკონკურსო კომისიის მიერ ასობით კანდიდატის მონაცემების განხილვას, გასაუბრებას, წარდგენას შემდეგ კი კენჭისყრას ითვალისწინებს, პარლამენტში ორ ეტაპად უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი