ახალი ამბები

გაუპატიურებაში დადანაშაულების შემდეგ რონალდუ ნაკრების მატჩებს გამოტოვებს

4 ოქტომბერი, 2018 • 2618
გაუპატიურებაში დადანაშაულების შემდეგ რონალდუ ნაკრების მატჩებს გამოტოვებს

კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაუპატიურებაში დაადანაშაულეს, პოლონეთის და შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებეებთან დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრებს გამოტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

პორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები პოლონეთთან მატჩს 11 ოქტომბერს გამართავს, შოტლანდიას კი სამი დღის შემდეგ დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა კრიშტიანუ რონალდუს გარეშე გაიმართება, რომელსაც კეტრინ მაიორგა გაუპატიურებაში ადანაშაულებს. მაიორგას თქმით, რონალდუმ მასზე 2009 წელს ლას ვეგასში მდებარე სასტუმროში იძალადა.

ტურინის იუვენტუსის ფეხბურთელი ბრალდებებს უარყოფს. გუშინ, 3 ოქტომბერს, მან განცხადებაც გამოაქვეყნა სადაც ამბობს, რომ გაუპატიურება საშინელი დანაშაულია, რომელიც ყველაფერს ეწინააღმდეგება, რისიც სწამს.

მაიორგას განცხადების საფუძველზე ლას ვეგასის პოლიციამ საქმეზე გამოძიება განაახლა. ინტერნეტში ინციდენტის დღეს გადაღებული ფოტოებიც გავრცელდა, რომელზეც რონალდუ და მაიორგა ღამის კლუბში ჩანან.

ამ მოვლენების ფონზე, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ფერნარდო გომესი რონალდუს სოლიდარობას უცხადებს, რადგან მისი სახელი და რეპუტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა:

“მე მჯერა რონალდუს მიერ გავრცელებული განცხადების არა მხოლოდ უდანაშაულობის პრეზუმფციის გამო, არამედ იმიტომაც, რომ მას და მის ხასიათს წლებია კარგად ვიცნობ”, – ამბობს გომესი მის მიერვე გავრცეელბულ განცხადებაში.

კეტრინ მაიორგას უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ფსიქიატრების შეფასებით, ქალს პოსტტრავმული სტრესით გამოწვეული აშლილობა აქვს. მაიორგას ადვოკატები რონალდუსა და მის გარემოცვას იმაში ადანაშაულებენ, რომ ისინი სარგებლობენ ქალის მყიფე ემოციური მდგომარეობით, მათი თქმით, 2009 წელს ქალს გაუთქმელობის შელშეკრულებაზე ხელი მოაწერინეს. მაიორგას თქმით, დუმილის სანაცვლოდ 375 000 აშშ დოლარი მიიღო.

პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში რონალდუსარ უთამაშია მსოფლიო ჩემპიონატზე ურუგვაისთან დამარცხების შემდეგ, მან იტალიასა და ხორვატიასთან სექტემბერში დაგეგმილი მატჩებიც გამოტოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი