“ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ერთი კვირის წინ შევხვედროდით ერთმანეთს ბრიუსელში, დღეს ჩვენ ვხვდებით აქ, ბერლინში, ხოლო უახლოეს ორ კვირაში ბატონი შტაინმაიერი თბილისს ეწვევა. ივნისის დასაწყისში გერმანიის ფედერალური კანცლერის მოწვევით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტუმრება ბერლინს. ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს და ჩვენს შორის არსებულ ინტენსიურ დიალოგს”-აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ. მისი განცხადებით, გერმანელ კოლეგასთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც ორმხრივი ურთიერთობის საკითხებს, ასევე რეგიონში შექმნილ ვითარებას, საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატოს თანამშრომლობის საკითხებს.
გერმანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მაია ფანჯიკიძემ შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კრისტოფ ჰოისგენთან და ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ნორბერტ როიტგენთან.
