ახალი ამბები

ვანო მერაბიშვილი ისევ ციხეში დააბრუნეს

4 ოქტომბერი, 2018 • 1762
ვანო მერაბიშვილი ისევ ციხეში დააბრუნეს

ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი სამოქალაქო საავადმყოფოდან ისევ ციხეში დააბრუნეს. ნეტგაზეთს პენიტენციურ სამსახურში უთხრეს, რომ მსჯავრდებულის საპატიმროში დაბრუნების გადაწყვეტილება სამედიცინო გამოკვლევების შედეგებიდან გამომდინარე მიიღეს.

ამ ეტაპზე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში არ ამბობენ, კიდევ ჩაუტარდება თუ არა მერაბიშვილს გეგმური გამოკვლევა სამოქალაქო საავადმყოფოში.

მსჯავრდებულის ექიმის, ელენე ხურციძის თქმით, ამ ეტაპზე გამორციხულია რაიმე ისეთი პათოლოგია, რომელიც მერაბიშვილის ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის.

“გამორიცხულია მწვავე მდგომარეობა, როგორც სიმსივნური პათოლოგია, ასევე სხვა მწვავე პათოლოგია, რომელიც პაციენტის ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნიდა. ასევე გამორიცხულია მწვავე ეგზოგენური ინტოქსიკაციის რაიმე ნიშნები. ამჟამად მისი მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია და მხოლოდ დაკვირვებით რეჟიმში მკურნალობას საჭიროებს,” – ამბობს ექიმი.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის თქმით, ყოფილი პრემიერისთვის უცხოელი ექიმების ჩამოყვანას გეგმავენ. ადვოკატი განმარტავს, რომ გამოკვლევების მიზნით უცხოელი ექიმების ჩამოყვანის ნებართვა უკვე აქვთ.

“ამ ადამიანს სახეზე უკვე აქვს წარუშლელი კვალი, ჩავარდნილი თვალი, მას ექიმებმა უთხრეს, რომ ეს შესაძლოა ასე დარჩეს ან გაუმჯობესდეს, თუმცა ეს მოხდება თუ არა, ამაზე პასუხი არ აქვთ, “-ამბობს გიორგი ჩივიაშვილი.

23 სექტემბერს მისმა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა “რუსთავი 2” -ს უთხრა, რომ  ეჭვი აქვს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მიზანმიმართულად წამლავენ და ახალი კვლევების ჩატარებას ითხოვდა. ამის შემდეგ იუსტიციის სამინისტრომ ვანო მერაბიშვილის დიაგნოზი გაასაჯაროვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი