აქციის მონაწილეებმა, სასულიერო პირებთან ერთად, მოითხოვეს არ მოხდეს მინარეთის აღმართვა ხიჭაურში. სხალთის ეპარქიის მეუფე სპირიდონის განცხადებით, ხიჭაურის ტერიტორიაზე მეჩეთისა და მინარეთის მოწყობა მეზობელი ქვეყნის [თურქეთის] ინტერესების ნაწილია:

„უნივერსიტეტის გვერდზე, 50 მეტრში პატარა შენობა დგას, რომელსაც შუახევის სამუფთო აწერია. რამდენიმე დღის წინ თურქებმა აქ მშენებლობა დაიწყეს და განაცხადეს, რომ მინარეთის აღმართვას გეგმავენ. აქაურობა უკვე თავისი ჰგონიათ, ყველა სოფელში არის ჯამე და ამის ნაკლებობა არ არის, თუმცა მათ სულ სხვა ინტერესები აქვთ. მოვითხოვთ უკანონობა, უღმერთობა აღიკვეთოს და საბოლოოდ მათ თავგასულობას წერტილი დაესვას! ჩვენ არ მივცემთ უფლებას მინარეთი აღმართონ თურქებმა.
ქართველი ხალხი უმუშევარია და იმის მაგივრად, რომ ქართველები აშენებდნენ, თურქები მოდიან, თვითონ იღებენ პროექტებს, ფულს ხარჯავენ და აკეთებენ. ასე ფიქრობენ, რომ ეს გზა მათი იქნება და იმ ხიდებზეც ისინი გაივლიან. ეს არის „დიდი თურქობა“. რამდენიმე დღის წინ შუახევის გამგეობას მიმართეს, საბავშვო ბაღისა და სკოლის გახსნას ითხოვენ.
ჩვენ, სასულიერო პირები საზღვარზე რომ გადავდივართ, გვეუბნებიან გაიხადეთ ანაფორა და ჯვარი მოიხსენითო, უკუღმართები! აქ კი ამბობენ საბავშვო ბაღი და სკოლის გახსნა უნდათ. ამას როგორ ბედავენ? ბათუმში უბნები და ქუჩები აქვთ, ახლა შემოძვრნენ ზემო აჭარაში ცოლ-შვილით დამკვიდრება უნდათ, სკოლებს და ბაღებს გვთხოვენ,“ – განაცხადა მეუფე სპირიდონმა.
„მინდა ჩემი, როგორც მოქალაქის უფლება დავიცვა და ამავდროულად მხარი დავუჭირო ჩემს თანამოქალაქეებს. არავის სურს თურქული სკოლები და ბაღები გაიხსნას, უფრო მეტიც მეჩეთი და მინარეთი დააყენონ სასწავლებლის მახლობლად,“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ქედის მცხოვრებმა მარიანა კონცელიძემ.
დასავლეთ საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს:
“ვინ გაავრცელა ეს ჭორები, არ ვიცი. “სამუფთო არ გეგმავს ამ ეტაპზე იქ არავითარი მინარეთის მშენებლობას. თუმცა თუ დაგვჭირდა მეჩეთი და მინარეთი, კანონის ფარგლებში, ამის განხორციელების პრობლემასაც ვერ ვხედავ”.
საპატრიარქო კი ხვალ, 11 აპრილს სხალთის ეპარქიის ტერიტორიაზე, სიმბოლურად ნაკურთხი წყლის მოსხურებას გეგმავს. ნაკურთხი წყლის რეზერვუარებით აღჭურვილი სამი ავტომობილი შუახევის მუნიციპალიტეტიდან სამი მიმართულებით – ქედის, გოდერძის და სხალთა-ხიხაძირის მიმართულებით მოაწყობს მსვლელობას.
მეუფე სპირიდონის განცხადებით, ტაძარები აშენდება ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში, ტაძართან ერთად ქედაში სხალთის ეპარქიის რეზიდენცია მოეწყობა, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოში კი ოთხთა ეკლესია აშენდება.








