ახალი ამბები

საპარლამენტო ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს ქსენოფობიური განცხადებისთვის აკრიტიკებს

3 ოქტომბერი, 2018 • 1663
საპარლამენტო ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს ქსენოფობიური განცხადებისთვის აკრიტიკებს

დღეს, 3 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა სალომე ზურაბიშვილის მიერ ნინოწმინდაში გაკეთებული განცხადებები გააკრიტიკეს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, სალომე სამადაშვილის თქმით, “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი ანტითურქული მესიჯებით საუბრობდა რეგიონში, სადაც მისი თქმით, რუსული პროპაგანდა მოსახლეობის პროევროპულ განწყობებს ებრძვის:

“სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, რომელიც ფაქტობრივად იზოლირებული იყო დანარჩენი საქართველოსგან, 2003-12 წლებში პოლიტიკურად, ეკონომიკურად და კულტურულად დაუბრუნდა საქართველოს. აშენდა გზები, განვითარდა სხვადასხვა ეკონომიკური პროექტი, გაჩნდა  მასშტაბური, ქართული ენის შემსწავლელი პროგრამები და ჩვენი მოქალაქეებისთვის შეიქმნა პირობები, რომ საკუთარ რეგიონში და საკუთარ სამშობლოში ეცხოვრათ ღირსეულად.

ამავე დროს, ისტორიული რეალობიდან გამაომდინარე, ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რა განწყობა ჰქონდა ადგილობრივ მოსახლოებას ნატოსთან მიმართებით.  ამ რეგიონში ჩადის თქვენი კანდიდატი, რომელიც იბრალებს, თითქოს მისი გაყვანილია ამ ქვეყნიდან რუსეთის ჯარი და რეგიონში, სადაც რუსეთის ჯარის გაყვანის დღიდან, რუსეთის პროპაგანდა არწმუნებს ადგილობრივებს, რომ თურქები შემოვარდებიან და თავებს დააჭრიან, რა დღესაც ნატოში გაწევრიანდება საქართველო  – იქ ჩადის თქვენი საპრეზიდენტო კანდიდატი და ანტითურქული მესიჯებით საუბრობს”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ზურაბიშვილი გააკრიტიკა “ევროპული საქართველოს” დეპუტატმა გიგა ბოკერიამაც. ბოკერიას თქმით, სალომე ზურაბიშვილის ნინოწმინდაში გაკეთებული განცხადება ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია:

“ჩავიდა სამცხე-ჯავახეთში და პირდაპირ რუსული ნარატივი გაიმეორა, რომ ჩემი ოპონენტი თურქების საქმეს აკეთებდაო. მაშინ აღშფოთდებით, აზერბაიჯანული წარმოშობის ჩვენს მოქალაქეებთან თუ ჩავა და იტყვის, ჩემი ოპონენტები სომხები არიან და გვიპყრობენო?! თუ რა ქნას, ასლან აბაშიძის დროშა ააფრიალოს აჭარაში?! როდის მიხვდებით, რომ მარტო სამარცხვინო კი არაა ეს, საშიშია ქვეყნისთვის” ,- თქვა ბოკერიამ.

ამავე თემაზე:

ოპონენტების ლანძღვას არ ვპასუხობ – ზურაბიშვილი თურქებთან დაკავშირებულ განცხადებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი