ახალი ამბები

აკრძალვის მიუხედავად, რატომ გხვდებათ მაღაზიებში პოლიეთილენის პარკები

2 ოქტომბერი, 2018 • 4919
აკრძალვის მიუხედავად, რატომ გხვდებათ მაღაზიებში პოლიეთილენის პარკები

2018 წლის პირველი ოქტომბრიდან საქართველოში პოლიეთილენის პარკების გამოყენების აკრძალვის პირველი ეტაპი ამოქმედდა. მიუხედავად ამისა, მაღაზიებში მომხმარებლებს კვლავ ხვდებათ პოლიეთილენის პარკები.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, პლასტიკის პარკების წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის აკრძალვის პირველი ეტაპი მხოლოდ 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკებს ეხება.  ამგვარი პარკები ერთჯერადი გამოყენებისაა და უთხელესი ფაქტურით ხასიათდება.

მათზე სქელი პოლიეთილენის პარკებს კი, რომელთა ფაქტურა შედარებით მკვრივია, რეგულაციები შეეხება მომავალი წლის 1-ლი აპრილიდან.

“ეს არის უთხელესი ფრაქცია, ერთჯერად პარკებს რომ ეძახიან. 15 მიკრონამდე უთხელესი ფრაქცია, წესით, არ უნდა გვხვდებოდეს. ახლა რასაც გვატანენ მაღაზიებიდან, ამ ეტაპზე არ ექვემდებარება აკრძალვას, 1-ელ აპრილამდე არის გამოყენებაში”, – უთხრა ნეტგაზეთს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირმა გურგულიანმა.

მისი თქმით, 2019 წლის პირველი აპრილიდან საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული იქნება მხოლოდ სტანდარტის შესაბამისი ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.

ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკი – მთლიანად ან ნაწილობრივ ბიოლოგიური, განახლებადი ნედლეულის საფუძველზე წარმოებული პარკია, რომელიც ბიოდეგრადაციასა და კომპოსტირებას ექვემდებარება.

როგორც ირმა გურგულიანი ამბობს, პროცესზე მონიტორინგი მუნიციპალიტეტებსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ევალება, თუმცა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათი ამოცანა სადამსჯელო ღონისძიებების გატარება არაა და ამ ეტაპზე მეწარმეებსა და პოლიეთინელის პარკებით მოვაჭრეებთან ცვლილებების შესახებ შეხვედრებს მართავენ.

ვრცლად წაიკითხეთ:

http://batumelebi.netgazeti.ge/news/158987/

 

მასალების გადაბეჭდვის წესი