ახალი ამბები

ოქუაშვილის გუშინდელი განცხადება ტყუილია- თიბისი ბანკი

1 ოქტომბერი, 2018 •
ოქუაშვილის გუშინდელი განცხადება ტყუილია- თიბისი ბანკი

თიბისი ბანკი უარყოფს ზაზა ოქუაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებს და აცხადებს, რომ ბანკში ყველა ტრანზაქცია სამუშაო საათებში სრულდება.

“თიბისი ბანკს გააჩნია კანონიერი ვალდებულება დაიცვას კლიენტის პერსონალური მონაცემები და საბანკო საიდუმლოება, ამიტომ ბანკის მხრიდან დაუშვებელია კონკრეტული ტრანზაქციისა და კლიენტის შესახებ დეტალების გასაჯაროება. თიბისი ბანკი მიმართავს ყველა სამართლებრივ ზომას აღნიშნული ცრუ ინფორმაციის მასშტაბირების საპასუხოდ”, -წერია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზაზა ოქუაშვილმა “რუსთავი 2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ახლად დარეგისტრირებული კომპანიის სახელით 4 მილიონი [უცნობია, ლარი თუ დოლარი] ჩარიცხა თიბისი ბანკის ანგარიშზე იმ იმედით, რომ საბანკო რეგულაციების თანახმად, კომპანიის დირექტორები ამ ოდენობის თანხას ქეშის სახით იმავე დღეს პრაქტიკულად ვერ გაიტანდნენ, ხოლო ბიძინა ივანიშვილს და მის წარმომადგენლებს შეუქმნიდა ილუზიას, რომ ფულს აძლევდა.

“ყველა პროცედურა დაარღვიეს თანამშრომლებმა. მე მათ თანავუგრძნობ, იმ დირექტორებს, რომლებიც იყვნენ ზეწოლის ქვეშ და ეს ზეწოლა იყო [გიორგი] გახარიასგან, რომ თანხა გაცემულიყო, და ეს იყო ოთარისგან.  არსებობს ტელეფონის ზარები აქაც. არსებობს ყველაფრის ფაქტები; ეს მოხდა თიბისი ბანკში. მე თვითონ არ მაქვს ცუდი წარმოდგენა, მაგრამ დაიბარეს სასწრაფოდ დირექტორები და ზეწოლის ქვეშ იყო დირექტორი ბუცხრიკიძე და ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზდენტი ხაზარაძე – რეკავდა გახარია, რეკავდა ფარცხალაძე”, – განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

ოქუაშვილი ირწმუნება, რომ ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე პირადად მივიდა ოპერატორებთან, რათა ამ ადამიანებს არასამუშაო საათებში გამოეტანათ თანხა. “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებლის თქმით, 4 მლნ გადარიცხა ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიაში, რომლის დირექტორებიც მანვე დანიშნა. ამასთან, მისი თქმით, ერთი დღის დარეგისტრირებული კომპანიის 4 მლნ ნაღდი ფული  თიბისი ბანკის ანგარიშიდან 24 საათში მოხსნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი