ახალი ამბები

მერია ვაკის სასაფლაოსთან ხეების ჭრაზე: საუბარია 10-მდე ამონაყარ ხე-მცენარეზე

29 სექტემბერი, 2018 • 2597
მერია ვაკის სასაფლაოსთან ხეების ჭრაზე: საუბარია 10-მდე ამონაყარ ხე-მცენარეზე

თბილისის მერია ეხმაურება 29 სექტემბერს გამთენიისას ვაკის სასაფლაოსთან ხეების ჭრას და მოქალაქეებს მოუწოდებს, “არ შეუშალონ ხელი მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს საკუთარი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებაში”.

ვაკის სასაფლაოსთან ხეები გამთენიისას მოჭრეს, თუმცა მოსახლეობის წინააღმდეგობის შემდეგ ჭრა შეჩერდა. “პარტიზანი მებაღეობის” აქტივისტ ნატა ფერაძეს, რომელმაც გაავრცელა ხეების ჭრის შესახებ ინფორმაცია, ფეისბუკის პირდაპირ ეთერში ეუბნებიან, რომ მერიის დავალებით ასრულებენ სამუშაოებს და “ტროტუარის გაგანიერების მიზნით იჭრება ხეები”.

მერიის მიერ “ნეტგაზეთისათვის” მიწოდებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე “გამოხშირვითი და გაწმენდითი ჭრების სამუშაოები საფეხმავლო ბილიკისა და სკვერამდე მისასვლელი გზის მოწესრიგების მიზნით ტარდება”.

“ეს შეეხება დაახლოებით, ათამდე ამონაყარ ხე-მცენარეს. სამუშაოების შედეგად, ბაგების აღმართზე არსებული სკვერი მოწესრიგდება და ფეხით მოსიარულეებსსა და ველოსპორტის მოყვარულებს ჭავჭავაძის გამზირიდან საფეხმავლო ბილიკის გამოყენება უწყვეტად შეეძლებათ”, წერია განცხადებაში.

“ამასთან, მიმდებარე გზა-გამყოფებში უკვე მოეწყო სარწყავი სისტემა და შემოდგომაზე დაირგვება ათეულობით ახალი ხე-მცენარე დეკორატიული გაფორმებით”.

მერისა წერს, რომ ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია “წლების განმავლობაში მიტოვებული და მოუწესრიგებელი იყო. საფეხმავლო ბილიკისა და სკვერის მოწყობა კი, აღნიშნული უბნის რეკრეაციულ მიმზიდველობას აამაღლებს”.

“დედაქალაქის მასშტაბით, არის ბევრი ადგილი, სადაც ფეხით მოსიარულეებისთვის გადაადგილება შეზღუდულია, როგორც სხვადასხვა ობიექტებით, რომლის აღებასაც ვგეგმავთ, ასევე, უკვე გზაზე გადმოსული ამონაყარი ხე-მცენარეებით, რომელსაც ეტაპობრივად აუცილებლად მოვაწესრიგებთ”.

“თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ასეთი ტერიტორია რეაბილიტირდეს და თავისუფლად გადაადგილება შესაძლებელი გახდეს, როგორც ავტომანქანების, ასევე ფეხით მოსიარულეებისთვის. დედაქალაქის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, არ შეუშალონ ხელი მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს საკუთარი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებაში”, — ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი