“შინაგან საქმეთა მინისტრი თუ ასე აკონტროლებს სიტუაციას ქვეყანაში, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. ეს არის სრული აბსურდი და ბოდვა. შეგახსენებთ, რომ საზღვრის შიდა კონტროლიც მთლიანად არის შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტროლქვეშ. არც ერთი ასეთი ფაქტი არ ყოფილა, არც სურვილი და არც განზრახვა. მზადდება რაღაცა პროვოკაცია, უნდა რომ თავი გვამართლებინოს. ეს არის არათუ აბსურდი, არამედ ბოდვა. ჩვენ, როგორც საპარლამენტო უმცირესობა, მოვიწვევთ შს მინისტრს და მოიტანოს კონკრეტული ფაქტები. როგორ შეიძლება ასე? რაზე საუბრობს? რა ზონდერებზე საუბრობს? აბსოლუტურად არაადეკვატურია, ტყუილია ეს გამონათქვამი. ეს ისახავს მიზნად, რომ ხალხი შეაშინოს და დააფრთხოს ამისთანა გამონათქვამებით. როგორც ჩანს, ეს მისი გადაწყვეტილება არ არის, რადგან არც ფაქტობრივი მასალა არ ყოფილა. არ არსებობს ასეთი რამ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ.”
მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” ემზადება არჩევნებისთვის:
“ხელისუფლებას, როგორც ჩანს, არჩევნების ეშინია და უნდა ყურადღების გადატანა სხვა საკითხებზე. პირველი, რაღაცა პროვოკაცია მზადდება “ნაცმოძრაობის” წინააღმდეგ, ამიტომ დასჭირდა მთავრობას ეს განცხადება. ჭიკაიძე რომ რეალურად შინაგან საქმეთა მინისტრი არ არის, ეს ყველამ იცის ამ ქვეყანაშიც და ამ ქვეყნის გარეთაც. მათ არჩევნების წინ დასჭირდათ ახალი ტალღა “ნაციონალური მოძრაობის” დისკრედიტაციისთვის.”
მაჭავარიანის განცხადებით, ამ საკითხზე “ნაციონალური მოძრაობა” სპეციალური ბრიფინგის გამართვას გეგმავს:
“ჩემი პოზიციაა მოვიდეს პარლამენტში ჭიკაიძე და ღიად ილაპარაკოს, რა მონაცემები და რა ფაქტები აქვს, მაგრამ ეს არის ტყუილი. ეს არ არის მისი გადაწყვეტილება. არ აქვს მას ფაქტობრივი მასალა, როგორც ჩანს, რაღაც ახალი ჰაკიმ ფაშური რაღაცები იგეგმება. ეს არის ჰაკიმ ფაშას დაგეგმილი ახალი პროვოკაცია.”
“არსებობს გარკვეული ინფორმაციები. როგორც იცით, ყოფილმა პრეზიდენტმაც გააჟღერა ევრომაიდანის იდეა და ამბობენ, რომ ეს თემა პარტიის შიგნითაც აქტიურად განიხილება. არის ინფორმაციები, რომ დაიწყეს საბურავების ყიდვაც”, – ეს განცხადება საქართველოს შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ “პრაიმტაიმისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ევრომაიდნის სცენარის თბილისში გამეორებისთვის ემზადება: “შესაძლოა, მოახდინონ წარსულში კრიმინალთან და მრავალ დანაშაულებთან ასოცირებული პირების მობილიზება,” – განაცხადა ჭიკაიძემ.








