სალომე ზურაბიშვილი ოპონენტებს დებატებში იწვევს. ამის შესახებ მან დღეს, 28 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, რიგი ბრალდებებისა და შეურაცხყოფის ფონზე, გადაწყვიტა, “ინიციატივა აიღოს” და დებატების ფორმატში “საკუთარი სიმართლე დააფიქსიროს”. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ დებატებში “შავი ძალის ორივე სახეს” იწვევს, რომლებიც მისდამი აგორებული კამპანიის მონაწილენი არიან, თუმცა პოლიტიკოსების ვინაობა არ დაუსახელებია.
“ყველაზე მიუღებელი ჩემთვის არის არა ეს ბრალდებები და შეურაცხყოფები, რაც პერსონალურად ჩემს წინააღმდეგ არის წარმოთქმული, არამედ ის, რაც ეხება ჩემს დამოკიდებულებას ამ ქვეყანასთან, რომელიც წარმოადგენს ჩემთვის ერთგვარ წითელ ხაზს. ამ პირობებში, ნებისმიერი ღირსეული ადამიანი არ დათანხმდებოდა და არ მიიღებდა მონაწილეობას დებატებში იმ შავი ძალის წარმომადგენლებთან, რომლებიც ამ ყველაფერზე მიდიან და არაფერზე არ ჩერდებიან.
მაგრამ ამ ყველაფერზე ბევრი ვიფიქრე და გამომდინარე იმისგან, რომ მე საზოგადოებას პატივს ვცემ, ამომრჩევლებს პატივს ვცემ და საარჩევნო ვითარებას ვცემ პატივს, ჩავთვალე, რომ მე უნდა გადავლახო იმ ყველაზე ძლიერი განცდა, რაც მე დღეს გამაჩნია და მაკავშირებს ამ ქვეყანასთან, ავიღო ინიციატივა და ვთქვა, რომ ამ შავი ძალის ორივე სახეს ვიწვევ ამ დებატებზე და მივიღებ მონაწილეობას ნეიტრალურ სივრცეში, რათა მე დავაფიქსირო ჩემი სიმართლე, პოზიციები და ნათელი მოვფინოთ იმას, რაც დღეს ხდება ქვეყანაში”, – აღნიშნა მან.
ზურაბიშვილს ჟურნალისტების კითხვებისთვის არ უპასუხია.