ახალი ამბები

ლევან ბერძენიშვილი პრემიერის ინიციატივაზე: პოლიტიკაში ხდება ასეთი რამეების თქმა

5 აპრილი, 2014 •
ლევან ბერძენიშვილი პრემიერის ინიციატივაზე: პოლიტიკაში ხდება ასეთი რამეების თქმა

საპარლამენტო უმრავლესოის წევრი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის საკონსტიტუციო ინიციატივა ვიზალიბერალიზაციას ხელს არ შეუშლის. დეპუტატი ასევე ვარაუდობს, რომ ცვლილებების დამტკიცება ერთსქესიანი პარტნიორების დასავლეთში მიგრაციას არ გამოიწვევს:

 

“მე არ ვფიქრობ, რომ ეს ხელს შეუშლის ევროინტეგრაციას. ჯერ ერთი, კონსიტუციის შეცვლის მიმართულებით ნაბიჯები გადადგმული არ არის, ლიბერალიზაცია არის ახლო პროცესი, საკონსტიტუციო ცვლილებები არის შორი პროცესი.  მესმის გულშემატკივრებისა, პირადად მე არ მაქვს ამ საკითხთან რაიმე პრობლემა, მაგრამ ბევრმა ქვეყანამ სწორედ ევროკავშირში შესვლის წინ მიიღო ანალოგიური კანონები. მაგალითისთვის ლატვიას ვიტყოდი. უნდა გვესმოდეს, რომ ახლა, ამ წუთას გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, ვიდრე იმის გარკვევა, ერთწლიან პერსპექტივაში რა მოხდება, რაც საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებას სჭირდება. ეს გავლენას ვერ მოახდენს ევროინტეგრაციაზე, ჩვენ შეიძლება ევროპაში არ შეგვიშვან სულ სხვა მოტივით, მაგრამ არა ამის გამო.

 

არ მგონია, რომ ცვლილებების განხორციელება მიგრაციას გამოიწივევს, თუმცა ადამიანს აქვს ამის უფლება. მართალია, სხვა მოტივით, მაგრამ მეც ბევრჯერ მეუბნებოდნენ, წავიდეთ ამ ქვეყნიდანო, რაღაცამ დამაკავა. ვიღაცებს რაღაცები აკავებთ სამშობლოში. ყოველთვის მოიძებნება ისეთი რამ, რაც არ ვარგა და ვინც მოქალაქეობიდან გასვლით იმუქრება, იმ ადამიანებთან ლაპარაკი მეზარება, იმიტომ, რომ ეს ადამიანის უფლებებში კი არის და აქვს უფლება წავიდეს, მაგრამ  სატრაბახო ნაწილი არ არის, რომ შენ თუ მაწყენინებ, შენს ქვეყანაზე უარს ვიტყვი და გავიქცევი სხვა ქვეყანაში, ეს სერიოზული არ არის. ზოგიერთი ამერიკიდან მიდის ევროპაში ზუსტად მაგ მოტივით, მაგრამ ამერიკის მოქალაქეობაზე უარს არ ამბობენ და ამიტომ მიგრაციას  ნუ დავარქმევთ, თუ ვიღაც საქორწინოდ წავიდა ჰოლანდიაში.”

 

მისივე თქმით, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ შესაძლოა საკონსტიტუციო ცვლილება ისეთი არ აღმოჩნდეს, როგორიც ახლაა:

 

“უკვე პატარა ცვლილება მოხდა. გასაგებია, რომ როცა პრემიერმა თქვა ოჯახი, ჩვენ ვთქვით, რომ იგი გულისხმობდა ქორწინებას, ანუ ყველაზე მძიმე ვარიანტი, რომელიც შემოთავაზებული იყო, იმთავითვე თავიდან ავიცილეთ, ერთკაციანი ოჯახიც არსებობს, ორკაციანიც და ათკაციანიც. პირადად მე არ მგონია, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილება ვინმეს ეჩქარებოდეს, არსებული კანონები ამას ისედაც არეგულირებს, მაგრამ რამე აუცილებლობა არ არის, თუმცა თუ ეს ცვლილება საჭიროა იმ კანონის მისაღებად, რომლის მიუღებლობა გვაშორებს ევროპას და თუკი ანტიდისკრიმინაციული კანონდებლობას ეს დაეხმარება, ეს სიტყვა, რომ ასეთი ცვლილება იქნება, დიახ, პოლიტიკაში ხდება ასეთი რამეების თქმა, აქ გაუგებარი რა არის და პანიკის ასატეხი რა იყო? გოეთემ თქვა, მხოლოდ ის იმსახურებს სიცოცხლეს და თავისუფლებას, ვინც ყოველდღე გადის საომრად. მე ბატონ ირაკლის მინდა შევახსენო, ვაჭარაძეს, ერთ დღეში ნუ წააგებს ყველა ომს, ომი კიდევ წინ არის, მასაც წინ აქვს ომი, ჩვენც წინ გვაქვს ბრძოლები და ეს ქვეყანა არასოდეს უნდა დავუთმოთ ვიღაცას იმის გამო, რომ დღეს რაღაცა ასეთი წინადადება ითქვა…”

 

დეპუტატის განცხადებით, ახლა ყველაზე მთავარი ანტიდისკრიმინაციული კანონის დამტკიცებაა:

 

“არც უმრავლესობაშია საკონსტიტუციო ცვლილებაზე სრული თანხმობა და ეს ბუნებრივია, რადგან ისეთი სერიოზული საკითხია, რომელზეც არის განსხვავება ოპოზიციასა და ხელისუფლებაში. ხმები ორივეგან გაიყოფა. “ნაციონალურ მოძრაობაშიც” არიან დეპუტატები, რომლებიც მხარს დაუჭერენ ასეთ ჩანაწერს და არიან მოწინააღმდეგეებიც. ჩვენს კოალიციაშიც ასე არის. მე ვარ ლიბერალური პარტიიდან და ძალიან გამიკვირდება , ვინმემ ჩემი პარტიიდან რომ განსაკუთრებით ინვერვიულოს ამ საკითხზე. რანაირადაც არ უნდა გადაწყდეს, მისაღები იქნება ლიბერალებითვის, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ განსხვავებული აზრები ამ საკითხზე არის როგორც “თავისუფალ დემოკრატებში”, ისე რესპუბლიკელებშიც”.  

 

ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი განცხადების გაკეთება პოლიტიკური ვითარებითაა ნაკარნახევი:

 

“ასე კეთდება ხოლმე პოლიტიკაში, ოღონდ კი მივიღოთ ეს კანონი და გავაკეთოთ ეს განცხადება. კანონი არის დღეს, განცხადების შედეგები იქნება ხვალ. ასეთ შემთხვევაში როგორ ვიქცევით, თუნდაც არ ვეთანხმებოდეთ ამ განცხადებას? ჯერ უნდა მივიღოთ ის კანონი,  რომელსაც ეხმარება ეს განცხადება და მერე განვიხილოთ განცხადება. გარწმუნებთ, რომ საკონსტიტუციო განხილვების დროსაც იქნება ხმა ამოღებული.  რაც შეეხება ერთსქესიანთა ქორწინებას, იგი ნებადართულია ევროპის ყველაზე წამყვანი ქვეყნებიდან ზოგიერთში და უმრავლესობაში არ არის. გვინდა, რომ დემოკრატიული იყოს საქართველო, მაგრამ საფრანგეთს ვერ გააასწწრებ ჯერჯერობით. მოკლედ რომ გითხრათ, სტრატეგიულად საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი, იმიტომ, რომ მომავალში წყდება და კონსიტუციაში. რაც შეეხება ტაქტიკურს საკითხს, ტაქტიკურად დღეს წყდება ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც ამბობს, რომ ყველა ვართ თანასწორი და დისკრიმინაცია არ შეიძლება არც ერთი ნიშნით. ეს კანონი გვჭირდება ჰაერივით. ამ კანონის მიუღებლობა გვაშორებს ევროპას, თუ ვერ მივიღებთ, ლაპარაკი მთავრდება, როგორც სამეზობლო პოლიტიკაზე, გაფართოებაზე, ვიზალიბერალიზაციაზე და ა.შ. არადა ქვეყანა სულ სხვა რეიტინგით არის დაბომბილი. გითხრათ, რომელ გაზეთებს რა რეიტინგი და ტირაჟი აქვს? ამიტომ ეს წინადადება ითქვა. იმათ ჩათვალეს, რომ გაიმარჯვეს. შეიძლებოდა აქ ცოტა უფრო მეტი პოლიტიკური მოქნილობის გამოხატვა ზოგიერთი დაინტერესებული მხრიდან, მაგრამ ისიც კარგია, რომ აზრი ყველამ გამოხატა.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი