ახალი ამბები

შეწყალების კომისიას ვანო მერაბიშვილის საკითხი არ განუხილავს

27 სექტემბერი, 2018 • 1311
შეწყალების კომისიას ვანო მერაბიშვილის საკითხი არ განუხილავს

პრეზიდენტთან არსებულ შეწყალების კომისიას ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის საქმე არ განუხილავს, რადგან შეწყალების თხოვნით კომისიისთვის არ მოუმართავს. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა.

2017 წლის დეკემბერში მერაბიშვილს უარი უთხრა აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივმა საბჭომ (ე.წ. უდოს კომისიამ), რომელიც მსჯავრდებულის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების  საკითხს წყვეტს.

15 აგვისტოს იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მსჯავრდებული ვანო მერაბიშვილი სამოქალაქო კლინიკაში იმყოფებოდა. სამინისტროში მაშინ აცხადებდნენ, რომ ციხის სამედიცინო პერსონალმა საჭიროდ ჩათვალა, ვანო მერაბიშვილს სამედიცინო შემოწმება სამოქალაქო კლინიკაში უნდა გაევლო. თითქმის ერთი თვის შემდეგ მერაბიშვილი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში კიდევ ერთხელ გადაიყვანეს. მსჯავრდებულის ადვოკატის თქმით, ყოფილი პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

23 სექტემბერს მისმა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა “რუსთავი 2” -ს უთხრა, რომ  ეჭვი აქვს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მიზანმიმართულად წამლავენ და ახალი კვლევების ჩატარებას ითხოვდა. ამის შემდეგ სამინისტრომ ვანო მერაბიშვილის დიაგნოზი გაასაჯაროა.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია, დიაგნოზი გასაჯაროვდეს. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, მსჯავრდებულს დაუდგინდა დიაგნოზი: ვაზომოტორული რინიტი; ჰორნერის სინდრომი (მარჯვნივ),  ბლეფარო–კონიუნქტივიტი”, – აცხადებს პენიტენციური სამსახური.

მასალების გადაბეჭდვის წესი