ახალი ამბებიგართობახელოვნება

როულინგს აკრიტიკებენ ფილმში ნაგინის როლზე კორეელი მსახიობის დამტკიცების გამო

27 სექტემბერი, 2018 • 3478
როულინგს აკრიტიკებენ ფილმში ნაგინის როლზე კორეელი მსახიობის დამტკიცების გამო

“ჰარი პოტერისა” და “ჯადოსნური ცხოველების” ავტორს, ჯოან როულინგს, გულშემატკივრები აკრიტიკებენ  იმის გამო, რომ “ჯადოსნური ცხოველების” მეორე ნაწილში გველ ნაგინის როლზე კორეელი მსახიობი დაამტკიცეს.

ნაგინი ჰარი პოტერის მკითხველისათვის კარგად ნაცნობი პერსონაჟია — ლორდი ვოლდემორის გიგანტური გველი. აღმოჩნდა, რომ ის უბრალო გველი კი არა, “მალედიქტუსი” ყოფილა — ადამიანი, რომელიც წყევლის შედეგად აქციეს ცხოველად. როულინგი 20 წლის განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა ნაგინის შესახებ ამ დეტალს.

“ჯადოსნური ცხოველების” მეორე ნაწილში, “გრინდელვალდის დანაშაულებში”, ამ როლს სამხრეთ კორეელი მსახიობი კლაუდია კიმი თამაშობს. ნაგინი რომ “ჯადოსნური ცხოველების” ფრენჩაიზის მეორე ნაწილში გამოჩნდება, ფილმის ტრეილერიდან გავიგეთ. ვიდეოში ჩანს, როგორ გარდაიქმნება კლაუდია კიმის პერსონაჟი გველად.

“ჯადოსნური ცხოველებს” აქამდე იმის გამო აკრიტიკებდნენ, რომ ძირითადად სულ თეთრკანიანი მსახიობები თამაშობდნენ.

ნაგინის როლზე სამხრეთ კორეელი მსახიობის დამტკიცებას კი გულშემატკივართა ნაწილი ასე აკრიტიკებს: ნაგინი, ფაქტობრივად, პერსონაჟი არ ყოფილა, ვოლდემორის მონა იყო, ჰორკრუქსი — ნივთი, რომელშიც საკუთარი სულის ნაწილი ჰქონდა შენახული — და ფაქტი, რომ ასეთი პერსონაჟის წარმოჩენა კორეელ ქალს დაავალეს, უჩვენებს, როგორ უყურებს როულინგი კორეელ ქალებს.

ერთ-ერთმა გულშემატკივარმა, რომელიც გადაწყვეტილებას სკეპტიკურად უყურებს, ტვიტერზე როულინგს მისწერა, რომ მის წიგნებში პერსონაჟები არ წარმოაჩენენ მსოფლიოს ხალხთა მრავალფეროვნებას: “ჯოან, გასაგებია, რომ როდესაც წიგნები დაწერეთ, საკმარისად რეპრეზენტატული პერსონაჟები არ გყოლიათ, მაგრამ ახლა ნაგინის კორეელ ქალად ქცევა უბრალოდ ნაგავია”.

როულინგმა მას უპასუხა, რომ “ნაგები” (the Naga) გველების მსგავსი მითოლოგიური არსებები არიან ინდონეზიურ მითოლოგიაში და სწორედ აქედან მომდინარეობს გველის სახელი “ნაგინი”. “მათ ხან ფრთოსან არსებებად წარმოაჩენენ, ხან ნახევარადამიანებად, ხან — ნახევარგველებად. ინდონეზიაში ასობით ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, მათ შორის ჯავანელები, ჩინელები და ბატავიელები”.

“გრინდელვალდის დანაშაულები” კიდევ იმის გამოა კრიტიკის ქარცეცხლში მოყოლილი, რომ მთავარი ანტაგონისტის, ბოროტი ჯადოქრის, გელერტ გრინდელვალდის როლს ჯონი დეპი ასრულებს, მიუხედავად იმისა, რომ დეპს ძალადობაში სდებენ ბრალს.

“ჯადოსნური ცხოველები — გრინდელვალდის დანაშაულები” 16 ნოემბერს გამოდის.

ფილმში ახალგაზრდა ალბუს დამბლდორს ჯუდ ლო თამაშობს. მთავარ — მაგიზოოლოგის, (ჯადოსნური ცხოველების მცოდნის) ნიუტ სკამანდერის როლს ედი რედმეინი ასრულებს. ფილმის სცენარი 1920-იანი წლების პარიზში განვითარდება. ნიუტ სკამანდერი გრინდელვალდის დამარცხებას შეეცდება.

სცენარის თანახმად, გრინდელვალდი, რომელიც პირველი ფილმის დასასრულს დააკავეს, გაქცევას ახერებს და აგრძელებს მხარდამჭერების შეკრებას. ერთადერთი ადამიანი, ვისაც მისი შეჩერება შეუძლია, მისი ძველი, უახლოესი მეგობარი ალბუს დამბლდორია. მაგრამ დამბლდორს, რომელსაც ისევ ვერ მოუშუშებია გრინდელვალდთან ტრაგიკული დაპირისპირების ტრავმა, სკამანდერის დახმარება სჭირდება.

ფილმის მეორე ნაწილში ისევ იქნებიან ნაცნობი პერსონაჟები – დები თინა (კატერინ უოტერსონი) და ქვინი (ელისონ სუდოლი), ასევე – ჯეიკობი (დენ ფოგლერი). მეორე ნაწილში გავიცნობთ ნიუტ სკამანდერის ძმას, თესეუსს. ბრუნდება კრიდენსი, რომლის ბედიც პირველი ფილმის დასასრულს გაურკვეველი დარჩა. მის როლს ისევ ეზრა მილერი შეასრულებს. მსახიობი ზოე კრავიცი კი ლეტა ლესტრეინჯის როლს მოირგებს.

მომზადებულია The Guardian-ზე დაყრდნობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი