ახალი ამბები

გველის ახლად აღმოჩენილ სახეობას სალაზარ სლიზერინის სახელი უწოდეს

22 აპრილი, 2020 • 4706
გველის ახლად აღმოჩენილ სახეობას სალაზარ სლიზერინის სახელი უწოდეს

გველის ახლად აღმოჩენილ სახეობას, მწვანე ფერის შხამიან გველს, სალაზარ სლიზერინის სახელი უწოდეს.

სახეობა — სამეცნიერო სახელით (ბინომიალური ნომენკლატურით) ტრიმერესურუს სალაზარი — მკვლევრების ჯგუფმა აღმოაჩინა ინდოეთში. მისი მახასიათებლები სამეცნიერო ჟურნალ „ზოოსისტემატიკასა და ევოლუციაში“ 15 აპრილს გამოქვეყნებულ პუბლიკაციაშია აღწერილი.

სალაზარ სლიზერინი ბრიტანელი მწერლის, ჯოან როულინგის ჰარი პოტერის წიგნების სერიის ერთ-ერთი ცნობილი პერსონაჟია.

სლიზერინი მაგიისა და ჯადოქრობის სკოლის, ჰოგვორტსის ერთ-ერთი დამაარსებელია გოდრიკ გრიფინგორთან, ჰელგა ჰაპლეპაფთან და როენა რეივენქლოსთან ერთად. მის პატივსაცემად ჰქვია სკოლის ოთხი კლუბიდან ერთ-ერთს „სლიზერინი“.

სლიზერინი წიგნების სერიაში არ გვხვდება, როგორც უშუალო მოქმედი პერსონაჟი. მის შესახებ მხოლოდ ჰოგვორტსის ისტორიიდან ვიცით — თუმცა ცნობილია, რომ ის ჯადოქრებისთვისაც კი უკიდურესად იშვიათ უნარს ფლობდა — გველებთან საუბარი შეეძლო (როგორც წიგნში უწოდებენ, პარსელი იყო).

მწვანე ფონზე დაკლაკნილი გველი სლიზერინის კლუბის სიმბოლოა. ამ მსგავსების გამო უწოდეს მეცნიერებმა ახლად აღმოჩენილ სახეობას „ტრიმერესურუს სალაზარი“.

ახალი სახეობა ჩხრიალა გველების ქვეოჯახს ეკუთვნის. როგორც პუბლიკაციაში წერია, აღნიშნული სამეცნიერი სახელის გარდა, ამ სახეობას მომავალში სალაზარის ჩხრიალა გველად მოიხსენიებენ ხოლმე.

სალაზარის ჩხრიალა გველი ინდოეთის არუნაჩალ-პრადეშის შტატში აღმოაჩინეს, რომელიც ჰიმალაის ბიომრავალფეროვნების წერტილში მდებარეობს. რეგიონში ტიმერესურუსის გვარის 50-მდე სახეობა ბინადრობს.

ამ სახეოების მამრების ერთ-ერთ მახასიათებელი მორანჯისფრო-მოწითალო ზოლია.


როგორც ჯოან როულინგი ამბობს, სახელი სალაზარი ისესხა პორტუგალიელი დიქტატორის, ანტონიუ დი სალაზარისგან [პრემიერ-მინისტრი 1932-68 წლებში].

განახლება: თავდაპირველ მასალაში ჯოან როულინგის მოქალაქეობა არაზუსტად იყო მითითებული. 

მასალების გადაბეჭდვის წესი