ახალი ამბები

ჯოან როულინგს ტრანსფობიური განცხადების გამო აკრიტიკებენ

20 დეკემბერი, 2019 • 2962
ჯოან როულინგს ტრანსფობიური განცხადების გამო აკრიტიკებენ

ჰარი პოტერის წიგნების სერიის ავტორს, მწერალ ჯოან როულინგს ქვიარების უფლებათა აქტივისტები და გულშემატკივრებისა და მედიასაშუალებების ნაწილი ტრანსფობიური განცხადების გამო აკრიტიკებენ.

ტრანსფობია აღნიშნავს შიშს ან სიძულვილს ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ, მათდამი დისკრიმინაციულ დამოკიდებულებებს, ნეგატიურ სტერეოტიპებს და ა.შ.

როულინგი 19 დეკემბერს ტვიტერზე გამოეხმაურა ბრიტანეთში ერთ-ერთ სასამართლო საქმეს, რომელიც ტრანსფობიასთანაა დაკავშირებული.

სასამართლო განიხილავდა ბრიტანეთის მოქალაქე მაია ფორსტეიტერის საჩივარს, რომელიც სამსახურიდან — კვლევითი ორგანიზაციიდან — ტრანსფობიური შეხედულებების ტირაჟირების შემდეგ დაითხოვეს. უფრო ზუსტად კი, კონტრაქტი არ გაუგრძელეს.

18 დეკემბერს ბრიტანულმა სასამართლომ ფორსტეიტერის საქმეზე განაჩენი გამოიტანა და დაადგინა, რომ ის უკანონოდ არ გაუთავისუფლებიათ.

მეტიც, როგორც “ვაშინგტონ პოსტი” წერს, მოსამართლე ჯეიმს ტაილერმა განაცხადა, რომ ფორსტეიტერის შეხედულებები „არ იმსახურებს პატივისცემას დემოკრატიულ საზოგადოებაში“, რომ მისი განცხადებები ლახავს ტრანსგენდერი ადამიანების ღირსებას და ისინი არ არის დაცული გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობით.

ფორსტეიტერი ტვიტერზე 2018 წელს წერდა, რომ გაერთიანებული სამეფოს 2004 წლით დათარიღებულ გენდერის აღიარების აქტში, — რომელიც ღირებული მონაპოვარია ტრანს თემისთვის, — ცვლილებები უნდა შესულიყო. ის ამ ინიციატივას ტრანსფობიურად ასაბუთებდა. ასევე, წერდა, რომ ტრანს ქალებს „არ შეუძლიათ შეიცვალონ სქესი“.

არადა, ამ სიტყვათშეთანხმებას „სქესის შეცვლა“ — ტრანფობიური ჯგუფები იყენებენ ხოლმე“. ეს სიტყვათშეთანხმება, არაზუსტთან ერთად, შეურაცხმყოფელია — ტრანსგენდერი ადამიანები სქესს კი არ „იცვლიან“, მათი გენდერული იდენტობა/გენდერული თვითგამოხატვა არ ემთხვევა დაბადებისას მინიჭებულ სქესის ჩანაწერს.

როულინგი მოსამართლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და დატვიტა: „ჩაიცვი როგორც გინდა. დაუძახე შენს თავს, რაც გინდა. დაიძინე ნებისმიერ იმ ზრდასრულ ადამიანთან, რომელიც ამაზე თანახმაა. იცხოვრე შენი ცხოვრებით მშვიდობიანად და უსაფრთხოდ. მაგრამ დაატოვებინო ქალებს სამსახური იმის გამო, რომ ამბობენ, სქესი ნამდვილიაო? #მხარსვუჭერმაიას“.

რამდენიმე საათში ტვიტერზე მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე გამოყენებული ფრაზა გახდა შემდეგი: „როულინგი არის TERF“ [ანუ trans-exclusionary radical feminist], რაც ითარგმნება, როგორც „რადიკალი ფემინისტი, რომელიც ტრანს უფლებებს არ აღიარებს“ .

ეს ტერმინი, რომელიც 2008 წლიდან გამოიყენება ქვიარ აქტივისტების წრეში, მიემართება ლიბერალ ფემინისტებს, რომელთა აქტივიზმიც არ ითვალისწინებს ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებსა და საჭიროებებს.

ტვიტერზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა, ტრანსგენდერმა ქალმა როულინგის პასუხად დაწერა, რომ ჰარი პოტერის სერიაზე გაიზარდა და ძალიან დასწყვიტა გული საყვარელი ავტორის ასეთმა გადაწყვეტილებამ: „გადაწყვეტილებამ, რომ მხარი დაუჭიროს ხალხს, რომელსაც მე ვეზიზღები“.

გამოცემა Vox-ის თანახმად, ყოველთვის არსებობდა ეჭვი, რომ როულინგს ტრანსფობიური შეხედულებები ჰქონდა, თუმცა ამ ტვიტმა ეს საბოლოოდ დაამტკიცა.

კიდევ ერთი გულშემატკივარი, ელაინა დარსი, რომელსაც როულინგის ერთ-ერთ წიგნზე, „ფანტასტიკურ ცხოველებზე“ პოდკასტი მიჰყავს, თქვა, რომ ამ დრომდე ვერაფრით იჯერებდა, როულინგს ტრანსფობიური შეხედულებები ჰქონდა. „მაგრამ ისე ცხადად ამბობს ახლა, რომ თავს ვეღარ მოვიტყუებ… სამწუხაროა…“, ამბობს იგი.

„ვაშინგტონ პოსტის“ თანახმად, მწერლის წარმომადგენლებმა კომენტარზე უარი თქვეს.

გამოცემა „ვოქსს“ როულინგის საპირწონედ მოჰყავს ჰარი პოტერის ეკრანიზაციის ვარსკვლავის, ემა ვოტსონის ღია მხარდაჭერა ტრანს თემისადმი: 2018 წელს მან გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ მაისურზე აწერია: „ტრანს უფლებები ადამიანის უფლებებია“.

 

View this post on Instagram

 

?✊? @stonewalluk @mermaidsgender @genderedintelligence

A post shared by Emma Watson (@emmawatson) on

მასალების გადაბეჭდვის წესი