ნეტგაზეთი | ახალი ზელანდიის პრემიერი UN-ის გენერალურ ასამბლეას პატარა შვილთან ერთად ესწრება ახალი ზელანდიის პრემიერი UN-ის გენერალურ ასამბლეას პატარა შვილთან ერთად ესწრება – Netgazeti
RU | GE  

ახალი ზელანდიის პრემიერი UN-ის გენერალურ ასამბლეას პატარა შვილთან ერთად ესწრება

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი პირველი ქალია მსოფლიო ლიდერებს შორის, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრას ახალშობილ შვილთან ერთად დაესწრო.

The Guardian-ის ინფორმაციით, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე არდერნი შვილთან ერთად ორშაბათს საღამოს შენიშნეს. სიტყვით გამოსვლამდე ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი სამი თვის შვილს ართობდა, მისი სიტყვით გამოსვლის დროს კი ბავშვზე ზრუნვა მისმა პარტნიორმა ითავა.

არდერნს ბავშვი 21 ივლისს შეეძინა და მშობიარობიდან 6 კვირაში დეკრეტული შვებულებიდან დაუბრუნდა. პრემიერ-მინისტრს შვილი ბუნებრივ კვებაზე ჰყავს, რის გამოც 6-დღიანი მოგზაურობისას ბავშვის ახალი ზელანდიიდან ნიუ იორკში წაყვანა მოუხდა.

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე შვილთან ერთად ფოტო: EPA

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის დელეგაციას ძიძაც ახლავს, რომლის მგზავრობის ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ჯასინდა არდერნის პარტნიორი კლარკ გეიფორდი კი საკუთარი ხარჯებით იმყოფება ნიუ იორკში. როგორც The Guardian წერს, არდერნის პარტნიორს ასამბლეის ფარგლებში სულ რამდენიმე შეხვედრაზე დასწრება შეუძლია, შესაბამისად, ის უმეტეს დროს ბავშვზე ზრუნვაში გაატარებს.

აკრედიტაციაზე, რომელიც პრემიერის ბავშვისთვის დაბეჭდეს, წერია “ახალი ზელანდია, პირველი ბავშვი”.

როგორც ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, არ გეგმავდა შვილის ოფიციალურ შეხვედრებზე წაყვანას და ეს დამოკიდებული იქნებოდა იმაზე, თუ როგორ იმოქმედებდა 17-საათიანი ფრენა 3 თვის გოგონაზე:

“წინასწარ განსაზღვრული გეგმა არ გვაქვს, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ეძინება თუ არა საკმარისი დროის განმავლობაში და როცა კვების დრო მოვა, მე სად ვიქნები. ისინი, შესაძლოა, ხშირად იყვნენ ჩემთან ერთად, ან უფრო მეტი დრო სასტუმროში გაატარონ”, – ამბობს ჯასინდა.

ახალი ზელგანდიის გარდა, პაკისტანის პრემიერ-მინისტრი იყო ერთადერთი მსოფლიო ლიდერი ქალი, რომელმაც შვილი ამ თანამდებობაზე ყოფნისას გააჩინა, თუმცა პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა შვილის შეძენიდან 7 თვეში.

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის პარტნიორი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე შვილთან ერთად ფოტო: EPA

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.