ახალი ამბები

პენიტენციური სამსახური მერაბიშვილის დიაგნოზს ასაჯაროებს

24 სექტემბერი, 2018 • 3199
პენიტენციური სამსახური მერაბიშვილის დიაგნოზს ასაჯაროებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ვანო მერაბიშვილის ადვოკატის ცნობას მსჯავრდებულის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით.

უწყების ცნობით, ყოფილ შინაგან საქმეთა და პრემიერ–მინისტრს ყველა შესაბამისი გამოკვლევა ჩაუტარდა, დიაგნოზი დაესვა და მკურნალობაც დაენიშნა. სამსახური მერაბიშვილის დიაგნოზსაც ასაჯაროებს.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია, დიაგნოზი გასაჯაროვდეს. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, მსჯავრდებულს დაუდგინდა დიაგნოზი: ვაზომოტორული რინიტი; ჰორნერის სინდრომი (მარჯვნივ),  ბლეფაროკონიუნქტივიტი”, – აცხადებს პენიტენციური სამსახური.

ვაზომოტორული რინიტი ცხვირის სისხლძარღვების ნორმალური ფუნქციონირების მოშლას იწვევს. ჰორნერის სინდრომი ტვინიდან სახემდე და თვალამდე მომავალი ნერვული გამტარობის დაზიანებით ხასიათდება, ბლეფარო–კონიუქტივიტი კი თვალის ქუთუთოს ანთებაა.

ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ მისმა ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა “რუსთავი2″–თან ისაუბრა. მისი თქმით, მერაბიშვილის მდგომარეობა ბოლო ორი თვის მანძილზე უარესდება. მისივე ცნობით, მსჯავრდებულს მკურნალობის კურსი დაენიშნა, თუმცა ის ყოველ ჯერზე უშედეგო აღმოჩნდა. ჩივიაშვილს ეჭვი აქვს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მიზანმიმართულად წამლავენ და ახალი კვლევების ჩატარებას ითხოვს.

“როდესაც ჩვენ სიმპტომატიკას ვეუბნებით, რომ თვალი დაპატარავდა იმის ხარჯზე, რომ გუგამ ჩამოიწია, რომ სახე არის შეშუპებული, რომ სუნთქვის პრობლემები აქვს და ფიზიკურად სუსტად გამოიყურება…გვეუბნებიან, რომ ესაა ერთ–ერთი სიმპტომატიკა იმისა, რომ იგი იყო მოწამლული, ანუ ინტოქსიკაციური პროცესი იყო”, – აღნიშნა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი