ახალი ამბები

პარლამენტის ქუთაისის შენობაში პოლიციის რეგიონული ცენტრი განთავსდება — შსს

21 სექტემბერი, 2018 • 1400
პარლამენტის ქუთაისის შენობაში პოლიციის რეგიონული ცენტრი განთავსდება — შსს

შსს ავრცელებს მინისტრის მოადგილის, ნინო ჯავახაძის განცხადებას, სადაც იგი ადასტურებს, რომ უწყება გეგმავს ქუთაისის პარლამენტის შენობაში პოლიციის რეგიონული ცენტრის განთავსებას.

მისი განცხადებით, ქუთაისში, პარლამენტის შენობაში განთავსდება: “112”, საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიანი ცენტრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რეგიონული ცენტრი და მომსახურების სააგენტო.

ჯავახაძის თანახმად, საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიანი ცენტრი დღეს მხოლოდ თბილისში არსებობს და 50-მდე საპოლიციო სერვისს “ერთი ფანჯრის” პრინციპით აწვდის მოსახლეობას. სწორედ მეორე ასეთი ცენტრის გახსნა იგეგმება ქუთაისში.

ჯავახაძის თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია შსს აკადემიის რეგიონული ცენტრის გახსნა, რადგან “აკადემიაში სწავლა ხელმისაწვდომი გახდება არა მარტო თბილისის, არამედ ქუთაისისა და მთელი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის”.

“ჩვენი გეგმაა, რომ ეტაპობრივად გავზარდოთ ყველა ჩვენი პოლიციელის კვალიფიკაცია. სწორედ ამ მიზნით გავაუქმეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში უმაღლესი განათლების კომპონენტი და ის უკვე მთლიანად პროფესიულ განათლებაზეა ორიენტირებული, ანუ ეტაპობრივად მოხდება ყველა ჩვენი პოლიციელის მომზადება და გადამზადება”,- განაცხადა ჯავახაძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, თბილისიდან ქუთაისში კი არ გადაიყვანენ დანაყოფებს, არამედ ადგილობრივი მოსახლეობიდან მოიზიდავენ პერსონალს და “ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის დასაქმების დამატებითი შესაძლებლობა იქნება”.

21 სექტემბერს პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომებს 2019 წლის იანვრიდან დედაქალაქში გააგრძელებს. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს დაუდასტურეს უმრავლესობის დეპუტატებმა. როგორც დეპუტატმა გია გაჩეჩილაძემ გვითხრა, პარლამენტი, სავარაუდოდ, დღეს განიხილავს რეგლამენტის პროექტს, რომელშიც პლენარული სხდომების ჩატარების ადგილად თბილისის პარლამენტის სასახლეა მითითებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი