საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საპარლამენტო ასამბლეა იქმნება

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა საპარლამენტო ასამბლეას ქმნიან, რომლის პირველი სხდომა ოქტომბრის დასაწყისში თბილისში გაიმართება.

საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეის შექმნის შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების თანახმად, სამმხრივ ასაბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია აკაციანი შემადგენლობით განისაზღვრა:

  • ირაკლი კობახიძე (დელეგაციის ხელმძღვანელი),
  • სოფიო ქაცარავა (დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე),
  • თამარ ხულორდავა,
  • გიორგი მოსიძე,
  • ისკო დასენი,
  • კახაბერ კუჭავა,
  • დავით მათიკაშვილი,
  • გიორგი კანდელაკი,
  • სალომე სამადაშვილი,
  • გიორგი ლომია.

პარლამენტის დადგენილების განმარტებითი ბარათის თანახმად, პროექტის მიზანია “საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა, აგრეთვე, სამ ქვეყანას შორის საპარლამენტო კავშირების განსავითარებლად, საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეის შექმნა, რომელიც ორიენტირებული იქნება სამმხრივი ინტერესის სფეროში შემავალი საკითხების გადაწყვეტასა და ერთობლივი პროექტების განსახორციელებაზე”.

საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტო ასამბლეის წესდების მიღება მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს თბილისში იგეგმება. წესდების პროექტის თანახმად, ასამბლეის სესიები წელიწადში ერთხელ, თითოეულ ქვეყანაში როტაციის პრინციპით ჩატარდება.

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე უკრაინა-საქართველო-მოლდოვას საპარლამენტო ასამბლეის ფორმატის შექმნის ინიციატივით გასული წლის მაისში გამოვიდა. როგორც მაშინ ანდრეი პარუბიმ ქართველ კოლეგა ირაკლი კობახიძესთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკრაინას თანამშრომლობის ასეთი ფორმატი ლიტვასთან და პოლონეთთან აქვს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა არაერთ საპარლამენტო ფორმატში თანამშრომლობენ, მათ შორის, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში, რომლის მონაწილე ამ სამ ქვეყანასთან ერთად აზერბაიჯანიც არის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.