ახალი ამბები

ადვოკატი გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის ოჯახის განცხადებას ავრცელებს

30 მარტი, 2014 •
ადვოკატი გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის ოჯახის განცხადებას ავრცელებს

 “ნეტგაზეთი” განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: 

 

“გაცნობებთ, რომ 2014 წლის 24 თებერვალს შალვა თათუხაშვილი დასაკითხად დაიბარეს სამართალდამცავებმა, კერძოდ, შალვას დაუკავშირდა გამომძიებელი ან პროკურორი, ვინმე დავით ძნელაშვილი და უთხრა, რომ მისულიყო ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს შენობაში. შალვა მივიდა ხსენებული სამმართველოს შენობასთან, მას თან ახლდნენ ძმები- გიორგი თათუხაშვილი და მიხეილ თათუხაშვილი, აგრეთვე ორი ადვოკატი, რომლებიც ჩვენმა ოჯახმა სპონტანურად მოძებნა. 

 

ქალაქის სამმართველოს შენობაში შალვა ადვოკატებთან ერთად შევიდა დაახლოებით 15:45 საათზე, ჩვენ, ოჯახის წევრები შალვას გარეთ ველოდებოდით. იქნებოდა დაახლოებით 25 თებერვლის დილის 03:00 საათი, როდესაც სამმართველოს შენობიდან პოლიციის თანხლებით შალვა გამოიყვანეს. ჩვენ 12 საათიანი ლოდინის შედეგად საკმაოდ აღელვებულები ვიყავით და შევეცადეთ შევგებებოდით შენობიდან გამოსულ შალვას, თუმცა პოლიციელებმა მასთან კონტაქტის დამყარების საშუალება არ მოგვცეს. ჩასვეს მანქანაში და იგი გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს, ისე, რომ ჩვენ არაფერი აგვიხსნეს. აქვე დავამატებ, რომ პოლიციელების იმ მანქანას, რომელშიც შალვა ჩასვეს, წინ და უკან გაჰყვა ორი მანქანა და მათი თანხლებით წაიყვანეს შალვა. ყოველივეს შემდეგ შალვასთან მობილურით დაკავშირება სცადა ძმამ, გიორგი თათუხაშვილმა. ძმებს შორის საუბარი რამდენიმე წამით შედგა, სადაც შალვამ უთხრა, რომ მიჰყავდათ გაურკვეველი მიმართულებით. 

 

ყოველივეს შემდეგ, 25 თებერვალს, დილის 09:30 საათზე გიორგიმ კვლავ დაურეკა შალვას, როდესაც შალვამ შეწუხებული ხმით უპასუხა, რომ დაახლოებით 2–3 საათში შეიძლებოდა სახლში მოსულიყო. იქნებოდა დაახლოებით დილის 11:25 საათი, როდესაც ჩვენ სახლთან გაჩერდა ნაცრისფერი ML–ის ჯიპი, საიდანაც გადმოვიდა შალვა თათუხაშვილი და ჩვენთვის უცნობი ორი მამაკაცი. როგორც შემდეგში გაირკვა, ისინი იყვნენ პოლიციელები. სახლში შემოვიდა მხოლოდ შალვა, ხოლო პოლიციელები გარეთ ელოდებოდნენ. შალვამ გვითხრა, რომ პოლიციელებმა იგი სახლში მისივე თხოვნით მოიყვანეს, რათა თავი მოეწესრიგებინა და ტანსაცმელი გამოეცვალა, რის შემდეგაც პოლიციელები მის უკან წაყვანას აპირებდნენ. შალვას სახლში მოყვანისას ოჯახში ვიმყოფებოდით შალვას დედმავიშვილები, ნატო, მიხეილ და გიორგი თათუხაშვილები, აგრეთვე – დედა სვეტლანა თათუხაშვილი. შალვამ ზემოთ აღნიშნულ პირებს განგვიცხადა, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას და ფსიქოლოგიურ ტერორს. კერძოდ, იგი აიძულეს ხელი მოეწერა ცრუ ჩვენებისთვის, კერძოდ, ხელი მოაწერინეს ახალაიების წინააღმდეგ მამხილებელ ცრუ ჩვენებაზე.

 

ჩვენი შეფასებით სახლში მოსვლისას და ზემოაღნიშნულის თხრობისას შალვა იყო უმძიმეს მდგომარეობაში, საუბრის შემდეგ შალვამ ჩაალაგა თავისი პირადი ნივთები, თქვა, რომ იგი ამ საქმეს პირადად მიხედავდა, ცრუმოწმეობას არ აპირებდა და წავიდა სახლიდან იმ მოხერხებულობით, რომ გარეთ გასული იგი ვინმეს არ შეემჩნია. შალვას წასვლიდან დაახლოებით ნახევარ საათში კარებზე მოგვიკაკუნეს გარეთ მომლოდინე პოლიციელებმა და იკითხეს შალვა, რაზეც ჩვენ ვუთხარით, რომ იგი სახლში არ იმყოფებოდა. ამის შემდეგ, რადგანაც არ დაგვიჯერეს, პოლიციელები თვითნებურად შემოვიდნენ სახლში და დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ისხდნენ ოთახში. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ შალვას ტელეფონზე (რომელიც მან სახლში დატოვა) დარეკა პროკურორმა, რომელსაც უპასუხა ოჯახის ახლობელმა გიორგი ხურცილავამ. პროკურორი დაინტერესდა, თუ სად იყო შალვა, რაზეც პასუხის მიიღო, რომ შალვა სახლში არ იყო და მისი ადგილსამყოფელი არ იცოდნენ ოჯახის წევრებმა. მოსმენილით უკმაყოფილო პროკურორმა ამით საუბარი დაასრულა. დაახლოებით 3 საათის განმავლობაში პოლიციელები იმყოფებოდნენ გარეთ. 


აქვე გვსურს აღვნიშნოთ ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ადვოკატებმა ვერ შეძლეს მისი ინტერესების დაცვა. სამართალდამცავებმა დააშინეს ისინი და აიძულეს უკანონობაში მიეღოთ მონაწილეობა და დაედასტურებინათ აღნიშნული. ჩვენის მხრივ, დავამატებთ, რომ, როდესაც  ქალაქის სამმართველოს შენობიდან გამოსულ ადვოკატებს ვკითხეთ, სად მიყავდათ პოლიციელებს შალვა, მათ გვიპასუხეს, რომ შალვა სახლში მიჰყავდათ და რომ ასეთი არის კანონის მოთხოვნა, რის შემდეგაც დატოვეს იქაურობა. 


დღეს, 2014 წლის, 25 თებერვალს, დაახლოებით 7 საათზე შალვა თათუხაშვილის ძმას, გიორგი თათუხაშვილს მოაკითხეს პოლიციელებმა  და უთხრეს, რომ ოჯახის რომელიმე წევრი პროკურატურაში წაჰყოლოდათ. აღნიშნულ მოთხოვნაზე პოლიციელებს ჩვენ პასუხი არ მივეცით. შევატყობინეთ თქვენ ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილს, რათა მობრძანებულიყავით ჩვენთან და მოგვემართა დახმარებისთვის.


ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, რათა დაიცვათ ჩვენი ოჯახის წევრების ინტერესები პოლიციასა და პროკურატურაში, აგრეთვე დაიცვათ ჩვენი ძმის, შალვა თათუხაშვილის ინტერესები ზემოხსენებულ ორგანოებში. გთხოვთ დაგვეხმაროთ, რათა შეწყდეს ჩვენი ოჯახის მიმართ ტერორი, დაისაჯოს  ყველა ის პირი, რომლებიც მონაწილეები არიან ჩვენი ოჯახისა და შალვა თათუხაშვილის წინააღმდეგ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებებში. 


აქვე ვადასტურებთ, რომ სოციალური ქსელებით გავრცელებული განცხადება ჩვენი ოჯახის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე ეკუთვნის ნამდვილად გოგი თათუხაშვილს”,– ნათქვამია განცხადებაში. 


შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეხუთე სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე შალვა თათუხაშვილი იყო მომწე ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციაში დათა ახალაიას, ლევან ქარდასავა და შსს-ს სხვა მაღალი თანამდებობის პირების მხირდან ძალის გადამეტების ფატქზე.

 

შალვა თათუხაშვილის მამა, შინაგანი ჯარების ყოფილი სარდალი გოგი თათუხაშვილი შვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს.

 

“მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რომ ჩემი შვილი არის მძიმე ავადმყოფი, პროკურატურას ხანგრძლივად ჰყავდა გატაცებული და აგრძელებდა ზეწოლას, წამებას, რამაც ის სიკვდილამდე მიიყვანა (24 მარტს გაუჩერდა გული). პასუხისმგებლობას მომხდარზე ვაკისრებ მთავრობას”, – წერს “ფეისბუქზე” შალვა თათუხაშვილის მამა.

პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ საქმის გამოძიება დაწყებულია. გავრცელებული ინფორმაცია, რომ შალვა თათუხაშვილი გატაცებული იყო, სინამდვილეს არ შეესაბამება და მიზნად საგამოძიებო სამსახურის დისკრედიტაციას ისახავს. პროკურატურამ გუშინ აღნიშნულთან დაკავშირებით შალავა თათუხაშვილის ახსნა–განმარტება გამოაქვეყნა

მასალების გადაბეჭდვის წესი