ახალი ამბები

ვარდიაშვილის საქმეზე საგამოძიებო უწყებები ადეკვატურად არ რეაგირებენ – ოთარ კახიძე

19 სექტემბერი, 2018 • 1568
ვარდიაშვილის საქმეზე საგამოძიებო უწყებები ადეკვატურად არ რეაგირებენ – ოთარ კახიძე

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ოთარ კახიძე “ლიბერალის” რედაქტორ ზურა ვარდიაშვილზე თავდასხმას შემაშფოთებელს უწოდებს და პარლამენტს მსგავს შემთხვევებზე განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებს.

კახიძის შეფასებით, სამართალდამცველი უწყებების რეაგირება ჩადენილი დანაშაულის ადეკვატური არ არის.

“საგამოძიებო უწყებები და პროკურატურა არ რეაგირებენ ჩადენილი დანაშაულის შესაბამისად. არ მოხდა ქმედების დაკვალიფიცირება ჯგუფურობის მიხედვით. ცალკე აღებული ცემის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და დაკავებულია მხოლოდ ერთი პირი და არა მისი თანამზრახველები. ჩვენ ვართ იმავე რეჟიმში, როცა სამართალდამცველ უწყებებს რეგირებისკენ მოვუწოდებთ მაშინ, როდესაც ისინი თავად უნდა ასრულებდნენ საკუთარ ფუნქციებს”, – განაცხადა კახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

“ლიბერალის” რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი 15 სექტემბერს სცემეს. მისი თქმით, უცნობმა პირებმა უთხრეს, რომ მისი მანქანის ყიდვით იყვნენ დაინტერესებული, რის შემდეგაც შეხვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვარდიაშვილი ამბობს, რომ ინციდენტში 5-7 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი მონაწილეობდა, რომელიც “სიტყვის უთქმელად” დაესხა თავს.

ვარდიაშვილზე თავდასხმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი