“ლიბერალის” რედაქტორის ცემის ბრალდებით შსს–მ მხოლოდ 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა “ლიბერალის” რედაქტორის, ზურა ვარდიაშვილის ცემის ბრალდებით მხოლოდ ერთი, 1986 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

“ზურაბ ვარდიაშვილმა, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თავდამსხმელი ვერ ამოიცნო, თუმცა პოლიციამ თავდამსხმელის იდენტიფიცირება შეძლო და დააკავა”, – აღნიშნულია შსს–ს განცხადებაში.

შსს–ს ინფორმაციით, ბრალდებული ამბობს, რომ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მას ორმა პირმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ კი მან სოციალურ ქსელში მსგავსი სახელის, გვარისა და გარეგნობის მქონე ადამიანი მოძებნა, შეხვდა და ფიზიკურად გაუსწორდა:

“ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და აცხადებს, რომ მას ჟურნალისტი ზურაბ ვარდიაშვილი სხვა ადამიანში შეეშალა.

გამოძიება სსკ–ს 126–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

“ლიბერალის” რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი 15 სექტემბერს სცემეს. მისი თქმით, უცნობმა პირებმა უთხრეს, რომ მისი მანქანის ყიდვით იყვნენ დაინტერესებული, რის შემდეგაც შეხვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვარდიაშვილი ამბობს, რომ ინციდენტში 5–7 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი მონაწილეობდა, რომლებიც ორი მანქანიდან გადმოვიდნენ და “სიტყვის უთქმელად” დაესხნენ თავს.

ქარტია მოუწოდებს პროკურატურას, ზურა ვარდიაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან