ახალი ამბები

ჟურნალისტი ზურა ვარდიაშვილი სასამართლომ 2 200 ლარით დააჯარიმა

18 აპრილი, 2023 • 954
ჟურნალისტი ზურა ვარდიაშვილი სასამართლომ 2 200 ლარით დააჯარიმა

ინტერნეტგამოცემა „პუბლიკის“ დირექტორი, ჟურნალისტი ზურა ვარდიაშვილი, რომელიც 2 მარტს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, სასამართლომ 2 200 ლარით დააჯარიმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვარდიაშვილს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. სასამართლოზე გამოკითხული პოლიციელები აცხადებდნენ, რომ ვარდიაშვილი „იგინებოდა“ და „პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდა“. თავად ვარდიაშვილი აღნიშნულ ბრალდებას უარყოფდა. მის საქმეზე სასამართლო განხილვა 30 მარტს გაიმართა და 11 საათზე დანიშნული პროცესი 04:40 საათამდე გაგრძელდა.

ზურა ვარდიაშვილის განცხადებით, ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი, გაასაჩივრებს თუ არა სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმას შემდგომ ინსტანციაში:

„რომც გავასაჩივრო, ჯარიმის გადახდა მაინც მომიწევს ერთი კვირის ვადაში და ეს საქმე ლევან მურუსიძემ უნდა განიხილოს, სიამოვნებით გავასაჩივრებდი, სხდომაზე ფიზიკურად დასწრების შესაძლებლობა რომ მქონდეს, მაგრამ როგორც მითხრეს, განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე წარიმართება. ამიტომ ეს საკითხი ჩემს ადვოკატთან უნდა გავიარო“ ,— ამბობს ზურაბ ვარდიაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

აქციები რუსული კანონის წინააღმდეგ

2 მარტს თბილისში, პარლამენტის მიმდებარედ, მოქალაქეები “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ შეიკრიბნენ. პოლიციამ იმ ღამეს 30-მდე ადამიანი დააკავა, რომელთა შორისაც იყვნენ ვარდიაშვილი და ჯიქურაშვილი. ჟურნალისტები რამდენიმე საათში, ხელწერილით გაათავისუფლეს.

მომდევნო დღეებში, განსაკუთრებით, 7 და 8 მარტს, რუსული რეპრესიული კანონის ანალოგისსაწინააღმდეგო დემონსტრაციები გაფართოვდა. ხელისუფლება 2 დღე არბევდა აქციას, რასაც დემონსტრანტთა ნაწილის წინააღმდეგობა სდევდა თან.

ამ პერიოდში რუსთაველის გამზირზე დაზიანდა ავტომობილები, პარლამენტის შენობა, დაშავდა 50-მდე პოლიციელი და აქციის არაერთი მონაწილე, დაკავებულთა რაოდენობამ კი 130-ს გადააჭარბა.

საბოლოოდ, მძლავრი პროტესტის ფონზე ხელისუფლებამ უკან დაიხია და „აგენტებზე“ ორივე კანონპროექტი 10 მარტს უკან გაიწვია.

თუმცა ხელისუფლება კვლავ აგრძელებს ანტიდასავლურ რიტორიკას, ასევე, ცდილობს საპროტესტო აქციის მონაწილეთა დისკრედიტაციას სხვადასხვა იარლიყის მიკვრით, თითქოს საპროტესტო აქციის მონაწილეები იყვნენ „ნაცები“, „ეკლესიის მტრები“, „სატანისტები“ და ა.შ.

29 მარტის ღამით პოლიციამ დააკავა ახალგაზრდა კაცი, რომელსაც სამართალდამცავებისთვის ქვებისა და მოლოტოვის კოქტეილების სროლას ედავებიან. მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი