ახალი ამბები

“არა ფობიას!” სალომე ზურაბიშვილზე მეუფე პეტრეს განცხადებას დისკრიმინაციულად მიიჩნევს

19 სექტემბერი, 2018 • 2875
“არა ფობიას!” სალომე ზურაბიშვილზე მეუფე პეტრეს განცხადებას დისკრიმინაციულად მიიჩნევს

პლატფორმა „არა ფობიას” ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს მიერ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომელიც 17 სექტემბერს, “რუსთავი2″–ის ეთერში გავიდა. ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სასულიერო პირმა ზურაბიშვილსა და კათოლიკე მისიონერებს შორის ნეგატიური პარალელების გავლებისას კათოლიკე ეკლესია შეურაცხყო.

“მიგვაჩნია, რომ სასულიერო პირის მხრიდან პოლიტიკოსის მიმართ გაკეთებული განცხადება სცილდება ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებს და ქსენოფობიური და ანტიკათოლიკური კონოტაცია შეიძინა, რაც შეურაცხყოფს კათოლიკურ ეკლესიასა და მის მრევლს, რადგან რელიგიური და ეროვნული ნიშნით  დისკრიმინაციული ხასიათისაა”, – აცხადებენ განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები.

პლატფორმა სთხოვს სასულიერო და სხვა საჯარო პირებს, დისკრიმინაციული განცხადებებისგან თავი შეიკავონ, მედიას კი მოუწოდებს, მსგავსი განცხადებების ტირაჟირებისას მათი დისკრიმინაციული კონტექსტი აღნიშნოს.

” მსგავსი ქსენოფობიური განცხადებების უკრიტიკოდ, სარედაქციო კომენტარის გარეშე გაშუქება, რომელშიც მკაფიოდ იქნება აღნიშნული განცხადების დისკრიმინაციული ბუნება, არ შეესაბამება მაღალ პროფესიულ სტანდარტებს და ეთიკურ ჟურნალისტიკას”, – ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს 5 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის “მედიის განვითარების ფონდი”, “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ცენტრი”, “საფარი”, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” და “საქართველოს რეფორმების ასოციაცია” აწერენ.

ქადაგების დროს, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისა და სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის შეფასებისას, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ XVIII-XIX საუკუნეებში ფრანგი მისიონერები მოტყუებით ქადაგებდნენ კათოლიციზმს; მისივე თქმით, საქართველოში კათოლიკე მოსახლეობას, მათი თანამედროვეები “გაუკუღმართებულ და წამხდარი აზროვნების მქონედ” მიიჩნევდნენ და “დაფრანგულებს” უწოდებდნენ .  ამავე ტერმინით სასულიერო პირმა ზურაბიშვილი მოიხსენია.

 

“…დაფრანგული ქალბატონი თავის დაფრანგულიაზროვნებით ვერ მოგვიტანს კეთილდღეობას. დარწმუნებული ვარ, ღმერთი არ დაუშვებს ღმერთი გაუწყრეს ქართველ მოსახლეობას, ქართველ ამომრჩეველს და ქართველ ერს, რომ გააკეთოს არასწორი არჩევანი”, – თქვა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი