ხორავს ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ შიმშილობა შეწყვიტა. ეს გადაწყვეტილება სარალიძემ ილია II-სთან შეხვედრის შემდეგ მიიღო:
“პირველი მოწოდება რაც იყო, რომ შემეწყვიტა შიმშილი, რადგან ეს ჩვენი რელიგიის თანახმადაც არ არის მიზანშეწონილი. თავად მომაწოდა კვერი და წყალი და, რა თქმა უნდა, მის მოწოდებას დავემორჩილე და შევწყვიტე შიმშილი. მაგრამ, ბრძოლას ვაგრძელებ. ვისაუბრეთ არა მხოლოდ ჩემი შვილის საქმეზე, არამედ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით”, – ამბობს ზაზა სარალიძე გადაცემა “რეაქციაში”.
ზაზა სარალიძემ აქციები პარლამენტთან 10 სექტემბერს განაახლა და ამ დრომდე პროტესტის ნიშნად შიმშილობდა. ის აქციაზე რამდენჯერმე შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოშიც გადაიყვანეს.