ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი მარიხუანის საკითხზე

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე მარიხუანისგან დამზადებული პროდუქციის ექსპორტის შესახებ მთარვობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ვიწრო ბიზნესინეტერესებს უკავშირებს.

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსის თქმით, ის, ისევე როგორც მისი ეკლესია, მარიხუანის დეკრიმინალიზაციას ემხრობოდა:

“ჩვენ ვემხრობოდით დეკრიმინალიზაციის პროცესს. უფრო მეტიც, პირადად მე ვიყავი არაერთი კამპანიის მონაწილე და ვცდილობდით, რომ ხელისუფლებამდე, კანონმდებლებამდე მიგვეტანა საზოგადოების ხმა იმის თაობაზე, რომ მთლად ადეკვატური ვერ იყო კანონმდებლობა, სასჯელის ზომა მარიხუანის მომხმარებლების მიმართ. როდესაც დეკრიმინალიზაციის პროცესი დაიწყო, როდესაც დაფიქსირდა ის რეგულაციები, რომლებიც თან მოჰყვებოდა დეკრიმინალიზაციას, სიმართლე გითხრათ, განცდა გამიჩნდა, თურმე არსებობს ამ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოება, სახელმწიფოც არსებობს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ყურს უგდებს და ითვალისწინებს.

თუმცა, იმ ყველაფერმა, რაც ამას შემდგომ მოჰყვა, ცოტა არ იყოს, დამტოვა გაოცებული და იმედგაცრუებული. იმის გამო, რომ იგივე ხელისუფლება, რომლისთვისაც რამდენიმე თვის წინ გვიწევდა გვემტკიცებინა, რომ მარიხუანა ქვეყნის ტრაგედია არ არის, დღეს იქით გველაპარაკება, რომ თურმე ის არის ძალიან მომგებიანი, ძალიან მნიშვნელოვანი სოფლის მეურნეობის პროდუქტი, რომ თურმე ეს არის ქართული კულინარიის და სამზარეულოს განუყრელი ელემენტი და ა.შ.”, – ამბობს რუსუდან გოცირიძე.

ეპისკოპოსის თქმით, კანონრპოექტის გამოქვეყნების შემდეგ კი მას გაუჩნდა განცდა, რომ ყველაფერი, რაც აქამდე ხდებოდა, იყო  თამაში და დიდი ბიზნესგეგმის ერთი ნაწილი, ადამიანებზე ზრუნვის ნაცვლად. რაც შეეხება მთავრობის დაპირებას, რომ ეს სფერო მკაცრი რეგულაციების ქვეშ მოექცევა, გოცირიძე აცხადებს, რომ ამ პროცესის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი:

“ის პირობა, რასაც სახელმწიფო იძლევა, რომ მკაცრად გაკონტროლდება მარიხუანის მოყვანა, დაფასოება, დამზადება და მერე მისგან მხოლოდ სამედიცინო და კოსმეტიკური პროდუქტის ფორმით დამზადდება საექსპორტოდ, იმას თუ მივადევნებთ თვალს, რის გაკონტროლებას ახერხებს სახელმწიფო ამ მიმართულებით, რა პირობასაც იძლევა, იმას რამდენად ასრულებს, მე სკეპტიკურად ვუყურებ, რამდენად მოხერხდება ამ პასუხისმგებლობის შესრულება სახელმწიფოს მხრიდან.

მე ზოგადად არ მგონია, რომ მარიხუანა არის დიდი უბედურება ქვეყნისთვის . დიდი უბედურება ის არის, როდესაც არავის ანაღვლებს ხალხი და მხოლოდ ვიწრო ჯგუფის ბიზნესინტერესებისთვის შეიძლება შეიცვალოს სერიოზული რაღაცები. ჩვემთვის ეს ნიშანია, რომ ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ვართ ილუზორული წარმონაქმნი”, – ამბობს ეპისკოპოსი.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.