ახალი ამბები

რას დაკარგავს “პატრიოტთა ალიანსი” ფრაქციის დაშლით?

18 სექტემბერი, 2018 • 2477
რას დაკარგავს “პატრიოტთა ალიანსი” ფრაქციის დაშლით?

“პატრიოტთა ალიანსის” საპარლამენტო ფრაქცია შესაძლოა  დაიშალოს, თუკი ნატო ჩხეიძე – ტელეკომპანია “იბერიის” დამფუძნებელი – მათ ფრაქციას დატოვებს. ჩხეიძე “პატრიოტების” ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა პარლამენტში.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, რით შეიძლება პარტიამ იზარალოს, თუკი პარლამენტში ფრაქცია აღარ ეყოლება.

ფრაქცია პარლამენტის წევრების გაერთიანებას ჰქვია. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ერთი პარტიული სიით არჩეულმა ერთი პარტიის წევრებმა შეიძლება შექმნან მხოლოდ ერთი ფრაქცია.

ფრაქციას ჰყავს თანამდებობის პირები, რომლებსაც რიგით დეპუტატებზე მაღალი ხელფასები აქვთ:

ფრაქციის თავმჯდომარეს 5 468 ლარი ენიშნება, მის მოადგილეს – 4 738. რიგითი პარლამენტარის ხელფასი 4 623 ლარად არის ბოლო მონაცემებით განსაზღვრული.

ასევე, ფრაქციას აქვს თავისი საბიუჯეტო დაფინანსება, ჰყავს თავისი აპარატი, ემსახურება პარლამენტის ავტომანქანა, აქვს თავისი სამივლინებო ფონდი:

ქვეყნის ფარგლების გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას, ფრაქციის თავმჯდომარის სადღეღამისო ნორმას ემატება ამ ნორმის 50%, თავმჯდომარის მოადგილისას და ფრაქციის მდივნისას – 45%.

ამას გარდა, საპარლამენტო ფრაქციას აქვს უფლება ახალი კომიტეტის შექმნის საკითხი წამოჭრას, წარადგინოს კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურა; წარადგინოს სახალხო დამცველის კანდიდატურა;  ფრაქციას პარლამენტის ბიუროში ჰყავს წარმომადგენელი, რომელიც ბიუროს მიერ გადაყწვეტილების მიღებაში იღებს მონაწილეობას და ა.შ.

ფრაქციას უფლება აქვს, შეკითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს – საქართველოს მთავრობას, საქართველოს მთავრობის ცალკეულ წევრებს – ისინი კი ვალდებული არიან, უპასუხონ შეკითხვას; აქვს უფლება მოითხოვონ პოლიტიკური დებატების დღის დანიშვნა; პოლიტიკურ დებატებში ფრაქციის თავმჯდომარეს (სხდომის თავმჯდომარეს) 15 წუთი ეძლევა სიტყვისათვის;

ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში (სწორედ ასეთია “პატრიოტები”), უფლება აქვს, ერთი საპარლამენტო სესიის განმავლობაში ორჯერ ისარგებლოს 30-წუთიანი გამოსვლით. აღნიშნული საკითხის დასმა ფრაქციას შეუძლია საკითხების განხილვის დასრულების შემდეგ, გარდა კენჭისყრის პროცედურისა. პარლამენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოუსმინოს მას.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული ფრაქციაში, უმრავლესობაში ან უმცირესობაში, ითვლება პარლამენტის დამოუკიდებელ წევრად. ნატო ჩხეიძე, სავარაუდოდ, სწორედ დამოუკიდებელი წევრის სტატუსით განაგრძობს პარლამენტში საქმიანობას.

როგორც “პატრიოტების” ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი ამბობს, ფრაქციის დაშლის შემთხვევაში პარტიას აქვს სამოქმედო გეგმა: “თუ ქალბატონი ნატო ჩხეიძე დატოვებს ჩვენს ფრაქციას, ცხადია, დაიშლება ჩვენი ფრაქცია, მაგრამ ჩვენ გვაქვს გეგმა და ვიმოქმედებთ ამ გეგმის თანახმად“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა. თუმცა ჯერჯერობით არ დაუზუსტებია, რას გულისხმობს მათი გეგმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი