ახალი ამბები

ნატო ჩხეიძე “პატრიოტთა ალიანსს” ტოვებს

18 სექტემბერი, 2018 • 2233
ნატო ჩხეიძე “პატრიოტთა ალიანსს” ტოვებს

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” საპარლამენტო ფრაქცია შესაძლოა დაიშალოს. ტელეკომპანია “იბერიის” დამფუძნებელი და პატრიოტთა ალიანსის წევრი ნატო ჩხეიძე ფრაქციის დატოვებას გეგმავს.

ამის შესახებ ჩხეიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2?-ის ეთერში განაცხადა. ჩხეიძის თქმით, ფრაქციის დატოვების მიზეზების შესახებ სესიაზე ისაუბრებს:

“სამომავლო, გრძელვადიანი გეგმები ნამდვილად არ მაქვს. ჯერჯერობით არის ის, რომ სესიაზე განვაცხადებ ამას როგორც წესი და რიგია და ვიქნები დამოუკიდებელი დეპუტატი. სწორედ ამ შექმნილმა ვითარებამ და არამარტო, გადამაწყვეტინა და გადამადგმევინა ეს ნაბიჯი”, – ამბობს ჩხეიძე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან.

ჩხეიძის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა პარტიის დანარჩენი დეპუტატებისთვის. ირმა ინაშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას არ ელოდა. ინაშვილის თქმით, თუ ჩხეიძე ფრაქციას დატოვებს, ის დაიშლება, თუმცა “პატრიოტთა ალიანსს” აქვს სამოქმედო გეგმა, რომლის თანახმადაც იმოქმედებენ.

გაოცებული ვარ, ნამდვილად არ ველოდი ამ გადაწყვეტილებას. არავითარი დაპირისპირება ჩვენ შორის არ ყოფილა. თუ ქალბატონი ნატო ჩხეიძე დატოვებს ჩვენს ფრაქციას, ცხადია, დაიშლება ჩვენი ფრაქცია, მაგრამ ჩვენ გვაქვს გეგმა და ვიმოქმედებთ ამ გეგმის თანახმად“,-განაცხადა ირმა ინაშვილმა.


იბერიამ”  7 სექტემბერს განაცხადა მათი დამფუძნებლებისთვის ფინანსური პრობლემების შექმნის შესახებ. საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, “ომეგა ჯგუფი”, რომლის შემადგენლობაშიც “იბერია” შედის, პარალიზებულია.

“ომეგა ჯგუფი” ხელისუფლებას ვალის რესტრუქტურიზებასა და შეღავათებს სთხოვს. კომპანიისვე თქმით, ხელისუფლება მათ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ ეხმარება, რომ ტელეკომპანია “იბერია” ხელისუფლების მიმართ კრტიკულია. ტელეკომპანიის დამფუძნებლების განცხადებით, ეს პრობლემები იმ შემთხვებაში მოგვარდებოდა, თუ ტელევიზიას დათმობდნენ.

9 სექტემბერს “რუსთავი 2”  – მა სატელეფონო ჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერში სავარაუდოდ “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი საუბრობენ. გასაჯაროებულ  საუბარში “იბერიაც” არის ნახსენები. ერთ-ერთი პირი, რომელიც, რუსთავი 2-ის ცნობით, სავარაუდოდ ყოფილი მინისტრია, ამბობს, რომ “იბერია” რუსთავი 2-ზე” უარესია. ჩანაწერში ასევე ისმის ფრაზა “პროლემებში ტელევიზიის გაცვლაზე”. აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი