ახალი ამბები

კობახიძე: ილია II არამხოლოდ ჩვენი სულიერი ლიდერია, არამედ ბრძენია

17 სექტემბერი, 2018 • 2898
კობახიძე: ილია II არამხოლოდ ჩვენი სულიერი ლიდერია, არამედ ბრძენია

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სამედიცინო მარიხუანის წარმოება/ექსპორტის საკითხზე ილია მეორეს ესაუბრნენ.

“გუშინ პატრიარქთან და საპატრიარქოს წარმომადგენელბთან შეხვედრა გვქონდა, გვქონდა ძალიან კარგი საუბარი. ამ საკითხთან დაკავშირებით პატრიარქი არის არამხოლოდ ჩვენი სულიერი ლიდერი და ეკლესიის ხელმძღვანელი, არამედ ბრძენი ადამიანი და მას ყოველთვის სწორი პოზიცია აქვს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხება”, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტში სამედიცინო მარიხუანის კულტივაცია-რეალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა გადაიდო, რომელიც მთავრობის მიერ იყო ინიცირებული. ამის მიზეზად პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოების უკეთ ინფორმირება დაასახელა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მომავალ სხდომაზე პარლამენტი მხოლოდ იმ ნაწილს განიხილავს, რომელიც მარიხუანის მოხმარებას ეხება.

“შემოსულია კანონპროექტის პაკეტი, რომელიც შეეხება საქართველოში მარიხუანის მოხმარების რეგლამენტაციას და მცენარე კანაფის წარმოებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიმოქმედოთ საზოგადოების განწყობის შესაბამისად. საზოგადოება აუცილებლად უნდა იყოს ინფორმირებული ასეთი საკითხების მოწესრიგების შინაარსის თაობაზე. ინფორმირებას სჭირდება დრო. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, 2 ნაწილად გავყოთ ამ საკითხების განხილვა” ,– განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, შსს-ს თხოვნით, პარლამენტი სასწრაფოდ დაიწყებს იმ საკითხის განხილვას, რომელიც მარიხუანის მოხმარებას შეეხება.

“დღეს ვაკუუმია დარჩენილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე და ჩვენი ამოცანაა ამ ვაკუუმის სასწრაფოდ აღმოფხვრა. შესაბამისად, მომდევნო სასესიო კვირიდან დაიწყება იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც შეეხება საქართველოში მარიხუანის მოხმარების რეგლამენტაციას და საუბარია მკაცრ რეგლამენტაციაზე.

რაც შეეხება მეორე პაკეტს, რომელიც დაკავშირებულია მცენარე კანაფის კულტივაციასთან და რეალიზაციასთან, აქ ჩვენ არ გვეჩქარება. მთავარი არის, საზოგადოება იყოს ინფორმირებული. დღეს ეს ინფორმაცია საზოგადოებას არ აქვს, მათ შორის იმაზე, რომ ეს კანონპროექტი არ ითვალისწინებს ნარკოტიკების წარმოებას და რეალიზაციას. ხდება სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას ჩვენი ოპონენტების, სხვადასხვა ძალების მხრიდან, რაც არის ძალიან სამწუხარო. თუმცა კანონპროექტი ამას არ ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება. ჩვენ საბოლოო ჯამში მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება სრულად მისაღები საზოგადოებისთვის.”

პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საპატრიარქოს საგანგებო თათბირი და საკრებულოსთან ღამით ჩატარებული პარაკლისი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი