ახალი ამბები

პატრიარქი დაინტერესდა, რა გეგმები გვაქვს მახინჯი სისტემის დასანგრევად – ვაშაძე

3 ნოემბერი, 2018 •
პატრიარქი დაინტერესდა, რა გეგმები გვაქვს მახინჯი სისტემის დასანგრევად – ვაშაძე

საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ თანაგუნდელებთან ერთად საპატრიარქოს შენობა დატოვა. იქ ის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია მეორეს ნიკა რურუასთან და გიორგი ვაშაძესთან ერთად ხვდებოდა. როგორც ვაშაძემ თქვა, პატრიარქთან შეხვედრა ოპოზიციის ინიციატივა იყო.

საპრეზიდენტო კანდიდატის თქმით, შეხვედრისას ხელისუფლების მიერ სამედიცინო კანაფის კულტივირების შესახებ კანონის გაწვევაზე ისაუბრეს, რასაც ვაშაძე გამარჯვებად აფასებს.

“უწმინდესმა მიგვიღო, ძალიან დიდი მადლობა[მას]. მისი ყოველი სიტყვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. უპირველეს ყოვლისა, ვისაუბრეთ იმ გამარჯვებაზე, რომელიც მთელმა საზოგადოებამ, ერმა და ბერმა მოითხოვა. ეს შეეხება იმ ბრჭყალებში კანონპროექტს, რომელიც ჩვენს ქვეყანას ნარკოპლანტაციად და ე.წ. ხელისუფლებას – ნარკორეალიზატორად გადააქცევდა. ეს ბრძოლა გასაგრძელებელია”, – თქვა მან.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის თქმით, ილიას მეორესთან არჩევნების მეორე ტურის “დემოკრატიულ, ცივილიზებულ გარემოში” ჩატარების საჭიროებაზე იმსჯელეს. მისი განცხადებით, პატრიარქი ასევე დაინტერესდა, რა გეგმები აქვს ოპოზიციას, “რათა დაინგრეს ეს მახინჯი სისტემა”.

“უწმინდესს ძალიან აინტერესებდა, რა გეგმები გვაქვს იმისათვის, რომ საქართველოში დაინგრეს ეს მახინჯი სისტემა, რომელიც ამდენი წელიწადია, ბადებს ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას. ჩვენ დეტალურად ვუამბეთ ამ გეგმებზე/ მისი თხოვნა და ვერდიქტი იყო, რომ საქართველოში ოპოზიცია აღარასდროს უნდა იყოს განდევნის ობიექტი, დატერორების და დევნის საგანი და აუცილებლად უნდ გადაიქცეს ხელისუფლების ნაწილად, რომელიც აკრიტიკებს, რჩევებს აძლევს და აკონტროლებს ხელისუფლებას”, – აღნიშნა მან.

ჟურნალისტის კითხვას, თუ არის საკითხი, რომელზეც ილია მეორე ოპოზიციას არ დაეთანხმა, გრიგოლ ვაშაძემ ასე უპასუხა:

“თქვენ თუ უწმინდესთან ერთხელ მაინც გისაუბრიათ, ძნელია, მას არ დაეთანხმო და როგორც ერის სულიერი მამა, როგორც წესი, არასოდეს გაჩვენებთ, რომ რაღაცას არ ეთანხმება. მაგრამ რომ გამოდიხარ,  მერე გესმის, რა არ უნდა გეთქვა”.

ამბის გაგრძელება:

ვაშაძის კომენტარს პატრიარქის ნათქვამთან საერთო არაფერი აქვს – საპატრიარქო

მასალების გადაბეჭდვის წესი