ახალი ამბები

მოსახლეობისგან “არა”, მათ შორის, მარიხუანის კულტივირების კანონპროექტის მიზეზით მივიღეთ – კობერიძე

30 ოქტომბერი, 2018 • 1531
მოსახლეობისგან “არა”, მათ შორის, მარიხუანის კულტივირების კანონპროექტის მიზეზით მივიღეთ – კობერიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე კანაფის კულტივირების შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას ითხოვს.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ სხვა საკითხებთან ერთად, ეს ინიციატივა იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მოსახლეობამ მმართველ გუნდს საპრეზიდენტო არჩევნებში “არა” უთხრა.

“მოსახლეობის საკმაოდ დიდმა ნაწილმა ბევრ საკითხზე გვითხრა არა და ეს აისახა იმ ხმებში, რომელიც, სამწუხაროდ, წინა არჩევნებთან შედარებით გაცილებით ნაკლები მივიღეთ. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი არას მიზეზი იყო სწორედ მარიხუანის კულტივირების კანონპროექტი, რომელიც  მთავრობის მიერ  პარლამენტში არის ინიცირებული. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ ვიყოთ არაადეკვატურები მოსახლეობის განწყობებთან.  მე დღეს დავაყენე საკითხი, რომ აღნიშნული კანონპროექტი გაწვეულ  იყოს პარლამენტიდან, მივმართე თხოვნით [იურიდიულ საკითხთა] კომიტეტის თავმჯდომარეს, რომ ეს საკითხი ბიუროზე დადგეს”, – განაცხადა კობერიძემ.

კობერიძის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა იყვნენ რეალისტები, დაუკვირდნენ ხალხის განწყობებს და გადადგან ის ნაბიჯები, რაც გადასადგმელია.

რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატის ფაქტორს, კობერიძე არჩევნების შედეგების შემდეგაც მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების” მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა სწორი გადაწყვეტილება იყო.

კანაფის კულტივირების შესახებ კანონპროექტის გაწვევას ითხოვენ სასულიერო პირები. მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტის განხილვა 2 თვით გადაავადა.

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში “ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38,64% მიიღო. მეორე ადგილზე 37,74%-ით პოლიტიკური გაერთიანება “ძალა ერთობაშიას” კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე გავიდა. იმის გამო, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო ხმების 50%-ზე მეტის მიღება, უნდა გაიმართოს არჩევნების მეორე ტური.

კანაფის შესახებ საკანონმდებლო პაკეტის განხილვა 2 თვით გადაიდო

ტოპ 6 კანდიდატის რეიტინგი ოლქების მიხედვით [ინფოგრაფიკი]

მასალების გადაბეჭდვის წესი