“ვაშაძე მანერგეიმს უნდა შევადაროთ” – სააკაშვილი ვაშაძის რუსულ პასპორტზე

მიხეილ სააკაშვილი “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებს რუსეთში მცხოვრები კადრების მთავრობაში დანშვნის გამო, თუმცა მისი მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შესახებ ამბობს, რომ ეს სხვა შემთხვევაა.

“ქვეყნის დირექტორი არის გაზპრომის აქციონერი, ვინ არის ქობულია? რუსეთიდან ჩამოიყვანეს, რატომ ჩამოიყვანეს?! გახარია – რატომაა რუსეთის მოქალაქე საქართველოს შს მინისტრი”, – განაცხადა სააკაშვილმა რ2-ის ეთერში, გადაცემა კვირის აქცენტებში.

გრიგოლ ვაშაძე, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ამჟამად “ძალა ერთობაშიას” პრეზიდენტობის კანდიდატი წარსულში რუსეთის მოქალაქე იყო. სააკაშვილის თქმით, შედარება არ შეიძლება.

” გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც ვანუატუთი დაწყებული პერუთი დამთავრებული სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაუმართა რუსეთს და მთლიანად ჩაუფლავა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების პოლიტიკა, სირიაშიც ბრწყინვალედ იმუშავა, სანამ ესენი არ მოვიდნენ. გრიგოლ ვაშაძის [მათთან] შედარება როგორ შეიძლება. ვაშაძე უნდა შევადაროთ მარშალ მანერგეიმს, რომელიც რუსეთის მარშალი იყო, ფინური ენა არ იცოდა და ფინეთის გმირი გახდა რუსეთის წინააღმდეგ. ეს [ვაშაძე] არის ადამიანი, რომელმაც თავის დროზე რუსეთში მიიღო გამოდილება, ისევე როგორც მანერგეიმმა.

გენერალ კვინიკაძეს ნიკოლოზ მეორემ პირადად გადასცა რუსეთის ჯვრის ორდენი. [შემდეგ] კვინიკაძე იყო ის, ვინც კუდით ქვა ასროლინა და ბოლომდე ებრძოლა რუსეთსაც და სხვა დამპყრობლებსაც.

ეს ხალხი სხვადასხვა გარემოების გამო იყო [რუსეთში], მაგრამ შემდეგ თავისი სიცოცხლის ფასად აჩვენა, რა გააკეთეს”, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com